ორსულობის თანმდევი ეფექტები
ორსულობა- ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია, თუმცა ის სასიამოვნო განცდებთან ერთად პატარ-პატარა პრობლემებსაც უკავშირდება.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება: პრობლემის თავიდან აცილების მიზნით ორსულობის დასაწყისშივე სპეციალური კოლგოტები ატარეთ, განსაკუთრებით – თუ ეს მეორე ან მესამე ორსულობაა. თუ ექიმი ნებას დაგრთავთ, შეგიძლიათ, საგანგებო ანტივარიკოზული საცხები და კრემებიც გამოყენოთ.
პიგმენტური ლაქები (ქლოაზმები): ლაქებიც, ისევე როგორც ვენების გაგანიერება, მშობიარობის შემდეგ ნელ-ნელა ქრება, თუმცა მათგან თავის დაცვა ფეხმძიმობის პერიოდშია შესაძლებელი. ამისთვის დღეში ორჯერ სახეზე მაწვნის (ან იოგურტის) ნიღაბი გაიკეთეთ, ხოლო უკვე გაჩენილი ლაქები ლიმონის წვენში დასველებული ტამპონით გაიწმინდეთ.იშვიათად ქლოაზმები ჯიუტია და არ შორდება. ასეთ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ სპეციალური კოსმეტოლოგიური პროცედურები უნდა ჩაიტაროთ.
სტრიები: ამ ნახეთქების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე უკვე გაჩენილი სტრიების მოშორება. თუკი ნახეთქები ჯერ არ გაგჩენიათ, რეგულარულად დაიმუშავეთ მკერდის, თეძოებისა და მუცლის კანი სპეციალური დამარბილებელი კრემებითა და შრატებით, რომლებიც მდიდარია კოლაგენითა და A და E ვიტამინებით. თუკი სტრიები უკვე წარმოიშვა , იგივე საშუალება უფრო მცირე დოზით, მაგრამ ხშირ-ხშირად გამოიყენეთ, მშობიარობის შემდეგ კი კოსმეტოლოგიურ კლინიკებს მიმართეთ.