როგორ შევივსოთ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა
ორგანიზმისთვის რკინა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ლითონია.
ის შედის ბევრი ფერმენტის შემადგენლობაში, რომელთა წყალობითაც ნორმალურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა.
ამ მიკროელემენტების დაახლოებით 60 პროცენტი არის ჰემოგლობინში, დანარჩენ პროცენტს კი, ადამიანის ორგანიზმი ინახავს ღვიძლში, ელენთასა და სხვა ორგანოებში.
რკინის უკმარისობის დროს, ადამიანის ორგანიზმში საგრძნობლად ქვეითდება ჰემოგლობინის დონე. ამას რკინადეფიციტური ანემია, ანუ სისხლნაკლებობა ჰქვია. ამ დროს მკვეთრად ირღვევა ორგანიზმის ფუნქციები. განსაკუთრებით საშიშია რკინის ნაკლებობა ორსულ ქალებსა და ბავშვებში. თუ კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე, მომატებული გადაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, სისუსტე, აპათია, ყურადღების მოდუნება, ხშირი გაღიზიანება, მსხვრევადი ფრჩხილები, პრობლემური კანი, სუსტი თმა, პირის კუთხეებში ნახეთქები, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, მარილიანი, მწარე, ცხარე კერძების სიყვარული აგეკვიატათ, ესე იგი, უნდა ივარაუდოთ, რომ ორგანიზმში რკინა გაკლიათ.
ორგანიზმი რკინას საკვებთან ერთად იღებს, მასზე მოთხოვნა კი დამოკიდებულია ასაკსა და სქესზე. საკვებით ორგანიზმს ყოველდღე მიეწოდება 15 მილიგრამამდე რკინა. ყველაზე კარგად რკინის ათვისება ხდება უცხიმო, წითელი ხორციდან, საქონლის ღვიძლიდან, ქათმის კვერცხიდან, წიწიბურადან, ლეღვიდან, მსხლიდან, ვაშლიდან, ასკილიდან და სოკოდან.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ, სასწრაფოდ ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი და დაადგინეთ ზუსტი დიაგნოზი, რათა რკინის ნაკლებობამ სერიოზული პრობლემები არ შეგიქმნათ მომავალში.