კლინიკა “წოპე”
მის: საქართველო, თბილისი 0112; თევდორე მღვდლის ქ. № 13
ტელ.: (995 32) 2351445; (995 32) 2346366;
email: khutsidze@mail.ru
ვებ-გვერდი: www.tsopeclinic.com
ვახტანგ გალაქტიონის ძე ხუციძის, ბავშვობის მეგობრების მიერ სიყვარულით შერქმეული და საყოველთაოდ ცნობილი ”წოპეს” ოცნება იყო გამხდარიყო მხატვარი, მძერწავი, მოქანდაკე. ყველა მონაცემი ჰქონდა მას ამ ოცნების ასასრულებლად – მხატვრობის ნიჭი, გადატანილი ქანდაკებაში.
მაგრამ… სამამულო ომმა შეცვალა მისი შემოქმედებითი გზა. ქვეყანას საექიმო კადრები სჭირდებოდა და მან გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი-ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი. ოცნება კი ცხოვრობდა ”წოპეს” გონებასა და სულში. იგი განხორციელდა ოსტატის ნატიფი ხელით სილამაზის, მშვენიერების შეგრძნების, განჭვრეტისა და მისი ხელოვნების ნიმუშამდე აყვანის მოუსვენარი ძიების გზით.
დასტაქრის თეორიული ცოდნა, ოსტატობამდე დახვეწილი პროფესიული უნარ-ჩვევები, მშვენიერების ესთეტური განცდა და მისი ცოცხალ სახეზე აღბეჭვდა, გაბედული ექსპერიმენტი – ახდა დიდი ხნის ნალოლიავები ოცნება.ეს მოხდა 1956 წელს, როცა უკვე დახელოვნებულმა ოტორინოლარინგოლოგმა პირველმა და პირველად გააკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია – თავისი ულამაზო ცხვირი მას მიანდო ახალგაზრდა მსახიობმა ქალმა, რომელსაც თურმე, მისი გაგებით, სწორედ ულამაზო ცხვირი უშლიდა ხელს წარმატებული სამსახიობო კარიერის შექმნაში. რისკი დიდი იყო, მაგრამ კეთილშობილიც! ახალგაზრდა სპეციალისტმა ბედნიერების განცდა მიანიჭა გალამაზებულ ქალს.
ბედნიერი იყო ”წოპეც” – მან გამოძერწა მსახიობი ქალის ლამაზი სახე არა თიხით, არამედ ცოცხლად!ეს ოპერაცია გახდა პირველი საფეხური პლასტიკური ქირურგიის ოლიმპისაკენ. ამის შემდეგ ბავშვობაში სახელდებული ”წოპე” გახდა ლეგენდარული ”წოპე”, რომელსაც იცნობს, აღიარებს და პატივს სცემს კოლეგათა სამყარო. ბატონი ვახტანგის შემოქმედებითი ცხოვრება გაჯერებულია 50 ათასზე მეტი გალამაზებული და გაბედნიერებული ადამიანის დიდი მადლიერებით.
ბატონი ვახტანგი იმთავითვე ილტვოდა იდეალისაკენ. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ქირურგებისგან განსხვავებით მან პირველივე ოპერაციებიდან უარი თქვა კანის გარეგან კვეთაზე და პრაქტიკაში დანერგა ესთეტიკური რინოპლასტიკის ენდონაზალური მეთოდი – ცხვირშიდა პლასტიკა კანის გარეგანი კვეთის გარეშე. შემდგომში რინოპლასტიკის ამ მეთოდმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
ბ-ნი ვახტანგი მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა – ის ეძიებდა და სრულყოფდა ესთეტიკური რინოპლასტიკის ისეთ მეთოდებს, რომელიც არ დაარღვევდა პაციენტის სახის ინდივიდუალობას, მის ხასიათს და წარმოიდგინეთ, მის ფიზიოგნომიკასაც კი. ”წოპე” როგორც მხატვარი წარმოიდგენდა ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტის ახალ, ვირტუალურ სახეს და თუ სილამაზის მინიჭებისთვის საჭირო გახდებოდა არა მხოლოდ ცხვირის, არამედ ცხვირის ქვედა მიდამოს ან ნიკაპის კორექცია, ამას იგი უყოყმანოდ აკეთებდა.
ეს ხდებოდა პაციენტთან თანამშრომლობის გზით. წარმოიდგინეთ პიგმალიონი, რომელსაც თუ თავისი ნაძერწი არ მოეწონებოდა, მას დაამტვრევდა, მას თიხა არ ენანებოდა. ”წოპეს” კი საქმე ჰქონდა ცოცხალ ადამიანთან, მის ინდივიდუალობასთან, მის კაპრიზებთან, მის ფსიქიკასთან – ყოველივე ეს მოითხოვდა დიდოსტატობას და არა მხოლოდ ქირურგიული თვალსაზრისით!!!
ბ-ნი “წოპე” დიდოსტატი რომ არ ყოფილიყო, როგორ გავრცელდებოდა მისი ხელოვნება 50 ათასზე მეტი გალამაზების მსურველ ადამიანზე – ქალი იქნებოდა თუ მამაკაცი?! ერთხელ მას ესტუმრა ახალგაზრდა უკრაინელი მსახიობი ქალი, რომელსაც უნდა ეთამაშა მითიური ბერძენი ქალის როლი, რაშიც ხელს უშლიდა ტიპიური ”სლავური” აპრეხილი პატარა ცხვირი, როლი კი მოითხოვდა სწორ, ბერძნული ტიპის ცხვირს პატარა კეხითაც კი! წარმატებული ოპერაციის შემდეგ ”წოპეს” უსაზღვრო იუმორი დიდხანს ახალისებდა მის სამეგობრო წრეს.
”წოპეს” ოპერაციის არსი მდგომარეობს არა მხოლოდ სახის ცალკეული ნაკვთის ძერწვაში, არამედ მთელი სახის ჰარმონიულობის შენარჩუნებაში. ეს ოპერაცია არის ქირურგი – პლასტიკოსისა და მოქანდაკის ხელოვნების შერწყმის ნიმუში.
ექიმ ვახტანგ ხუციძეს მრავალი ოპერაცია აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სახის სხვადასხვა ანატომიური წყობის და თავისებური ფსიქიკის ადამიანზე! იგი კოლეგებს უშურველად უზიარებდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას, და უკიდურესად თავმდაბალი, თვითონაც ეზიარებოდა პლასტიკური ქირურგიის მსოფლიო მიღწევებს.
ექიმმა ვახტანგ ხუციძემ, სახელმოხვეჭილმა ”წოპემ” საქართველოში საფუძველი ჩაუყარა პლასტიკური ქირურგიის სკოლას, მას ჰყავს ბევრი აღზრდილი და მიმდევარი. მის კვალს გაჰყვა ვაჟიც – ექიმი ზურაბ ხუციძე – ალბათ გენეტიკურად დაჯილდოვებული მხატვრის თვალით, ცოცხლად მძერწავი ქირურგის ნატიფი ხელით და მამას რომ არ ჩამოუვარდება ისეთი პროფესიონალიზმით!
კლინიკა “წოპე” გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
- რინოპლასტიკა (ცხვირის პლასტიკა)
- ნაწილობრივი რინოპლასტიკა
- მთლიანი რინოპლასტიკა
- პოსტტრავმული რინოპლასტიკა
- განმეორებითი რინოპლასტიკა (მეორადი რინოპლასტიკა)
- სეპტოპლასტიკა (ცხვირის ძგიდის კორექცია), ხშირად ერთვის ნიჟრის ზომის შემცირება
- ნიკაპის პლასტიკა (ნიკაპის ზომის გაზრდა, შემცირება)
- ტუჩის პლასტიკა (ზედა და ქვედა ტუჩის ზომის კორექცია)
- ბლეფაროპლასტიკა (ზედა და ქვედა ქუთუთოების პლასტიკა)
- სახის კანის ლიფტინგი (შუბლის, სახის, კისრის კანის ლიფტინგი)
- ლიპოფილინგი (სახის და სხეულის სხვადასხვა უბნების ცხიმით შევსება)
- ოტოპლასტიკა (ყურის პლასტიკა)
- ლიპოსაქცია (სახის და სხეულის სხვადასხვა უბნების ცხიმის ამოტუმბვა)
- მამოპლასტიკა (მკერდის პლასტიკა, მკერდის ლიფტინგი, მკერდის გადიდება იმპლანტანტით)
- აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა)