კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ურბანიზაციის, მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმის და ეკოლოგიური პირობების გაუარესების შედეგია.
ეს დაავადება ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, მაგრამ პროცესის გამწვავება უფრო მამაკაცებში გვხვდება.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს ადგილი აქვს დისტროფიულ დაზიანებას. ყველაზე ადრე ზიანდება მალთაშუა დისკები, რომლებიც განიცდის დეფორმაციას და აშრევებას.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი გამოირჩევა კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნებით, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის ანატომიური აგებულების თავისებურებით აიხსნება.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
გარდა ამისა, კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია:
- უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებში;
- ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში;
- მგრძნობელობის მომატება ან შემცირება – რის გამოც ადამიანი ღამით იღვიძებს და ხელის კუნთებს იზელს;
- ტკივილი – რომელიც ზოგჯერ მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. ხშირად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც კი აძლიერებს. ტკივილი ასევე ძლიერდება ხველებისას, ცემინებისას, გაჭინთვისას, ყველაზე მეტად – ჯანსაღ მხარეზე გადახრისას;
- მოძრაობის, განსაკუთრებით ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობის დარღვევა;
- ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი ან ჩხვლეტა;
- ქვედა ან ზედა კიდურების მოძრაობის შეზღუდვა და მგრძნობელობის დარღვევა;
- თავის ტკივილი, რომელიც მუდმივი ნიშანია. ის კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა;
- მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად – დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ, მაგალითად ტელევიზორის ყურების ან მაღალ და მაგარ სასთუმალზე ძილის შემდეგ. ეს მოვლენები შესაძლოა იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც.
- გონების დაკარგვა – რომელიც ზოგჯერ ხანში შესულ ადამიანებს ემართებათ თავის მკვეთრი მობრუნებისას, რასაც წინ უძღვის თავბრუსხვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის სიმახვილის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება;
- გულმკერდის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის ტკივილი – რომელიც ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია და სტენოკარდიას წააგავს, მაგრამ ამ ტკივილის კუპირება ვერ ხერხდება ნიტროგლიცერინის მიღებით.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ თქვენი მდგომარეობისთვის საჭირო მკურნალობას.