გოგონები შეიძლება კიბოსგან დავიცვათ
საშვილოსნოს ყელის ეროზია ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ქალების 10-15%–ს აქვს. მისი აღმოჩენა ხდება სპეციალური ტესტის ჩატარების შემდეგ. ტკივილი ამ პათოლოგიას არ აღენიშნება, თუმცა, მისი ძირითადი სიმპტომი არის გამონადენი. როგორც ცნობილია, ეროზია არის თანმდევი სხვა ანთებითი დაავადებებისა.
ჩვენ ვესტუმრეთ მეან-გინეკოლოგს, პროფესორსა და საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ თენგიზ ასათიანს. ის საშვილოსნოს ყელის ეროზიაზე, მის სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრა. ამ ყველაფერს უფრო ვრცლად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო თენგიზ, თავდაპირველად განგვიმარტეთ, რას ნიშნავს საშვილოსნოს ყელის ეროზია?
– საშვილოსნოს ყელის ეროზია ეს არის საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადება. ის შრეები, რომლებითაც ყელი არის დაფარული, ანთების გამო ჩამოიშლება ხოლმე და ჩნდება ე.წ. ჭეშმარიტი ეროზია, როდესაც ეპიდემიალური შრეები მთლიანად დაფარულია. შემდგომი ეტაპი არის ის, რომ ეროზიის ჩამოყალიბებიდან 7–8 დღის განმავლობაში ამ პრობლემის ნახვა შეუძლებელია, შემდგომში კი ჩნდება ახალგაზრდა უჯრედები და ამ პროცესს ფსევდოეროზია, იგივე ცრუ ეროზია ეწოდება. ანუ კი არ ქრება ეს ეროზია, არამედ ხდება დაფარული. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ეს პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს, მისი აღმოჩენა ძალიან ძნელია.
– რა მეთოდები გამოიყენება ეროზიის წინააღმდეგ სამკურნალოდ?
– რამდენიმე საშუალება არსებობს. პირველ რიგში, ეს არის პაპა ნიკოლაუს ტესტი (ნაცხი), რომელიც პერიოდულად აუცილებლად უნდა გაკეთდეს პროფილაქტიკის მიზნით. გააჩნია ქვეყნებსა და სხვადასხვა ეკონომიკურ პირობებს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ტესტი არის ყოველწლიური, ზოგში ყოველ 3–5 წელიწადში კეთდება. საქართველოში, ვერ გეტყვით, რომ ამ ტესტის გაკეთება ძვირი ჯდება, უბრალოდ ორგანიზებული სისტემა იმისა, რომ ქალი მივიდეს და ეს ტესტი გაიკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენთან იშვიათად ხდება. რამდენიმე წელია, რაც ამ თვალსაზრისით ნაციონალური სკრინინგ ცენტრი ძალიან გვეხმარება, რომელიც ქვეყნის პირველი ლედის, ქალბატონი სანდრა რულოვსის ხელმძღვანელობით მუშაობს. იქ, მოგეხსენებათ, ქალთა უფასო გამოკვლევები ტარდება. ეს ორმაგად კარგია, რადგანაც კეთდება სხადასხვა უფასო გამოკვლევები და ამასთანავე ქალბატონები მიდიან იმ აზრამდე, რომ ეს აუცილებელია. საერთოდ, ეროზია არის თანმხლები დაავადება და ის ჩნდება საკვერცხის ან სხვა ორგანოს ანთების დროს. მარტო ეროზიის მკურნალობა საკმარისი არ არის, აუცილებელად უნდა განიკურნოს ის ძირითადი დაავადება, რაც კონკრეტულ ქალბატონს ეროზიასთან ერთად აღენიშნება.
– ეროზიის მკურნალობა რამდენი ხანი გრძელდება?
– მისი მკურნალობის ვადები გრძელდება 4–6 კვირა. როდესაც ამ პერიოდში შედეგები არ მიიღწევა, მაშინ უკვე აქტიური მკუნალობის მეთოდებს ვიყენებეთ. ეს მკურნალობის მეთოდებია: დიათერმოკოაგულაცია, კრიოკოაგულაცია, ლაზეროთერაპია და ა.შ. გააჩნია ავადმყოფის მდგომარეობასა და შესაძლებლობებს, როგორც დაწესებულების, ასევე პაციენტის. დიათერმოკოაგულაცია არის მაღალი ტემპერატურით მოწვა, ხოლო კრიოკოაგუალაცია, იგივე კრიოდესტრუქცია მოყინვას გულისხმობს, მაგრამ, ეფექტი ორივეს ერთნაირი აქვთ. თუკი ჩატარდა ტესტი და დადგინდა, რომ ქალბატონს აღენიშნება ეროზია და წყლულები არის საეჭვო, ანუ სიღრმული, მაშინ ხდება ქირურგიული ჩარევები. ეს აუცილებელია, რადგანაც ეს ეპიდემიალური ცვლილებები ავთვისებიანი დაავადების წინაპირობაა. ამიტომაც ამ დროს ყელის საეჭვო ნაწილს ამოვკვეთთ.
– თანამედროვეობაში რამდენად ვართ დაზღვეულნი საშვილოსნოს ყელის ეროზიის ჩამოყალიბებისგან?
– ახლა, როგორც იცით, 13–14 წლის გოგონებს უკეთდებათ სპეციალური აცრები. ამ ვაქცინით ხდება საშვილოსნოს ყელის დაცვა კიბოსგან. ყელის კიბოს განვითარების ერთ–ერთი მიზეზი ხდება ე.წ. ჰუმან პაპილომავირუსი. ასევე რამდენიმე ტიპი არის კარგად ცნობილი, რაც ძალიან კარგია, რადაგანაც ვაქცინით უკვე გამოკვეთილი ტიპების წინააღმდეგ ბრძოლა უკეთესია. ვაქცინაცია, არ ნიშნავს იმას, რომ პროფილაქტიკის მიზნით გასინჯვა არ მოხდეს, რადგან ეროზია შეიძლება მაინც ჩამოყალიბდეს. ეროზიის პრევენცია არ არსებობს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, გაკეთებული გაქვთ თუ არა აცრა ყელის კიბოს საწინააღმდეგოდ, ეროზიაზე ტესტი მაინც უნდა ჩაიტაროთ.
– როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მას ეროზია აქვს, რა სიმპტომები ახასიათებს მას?
– პაციენტს აქვს ჩივილები ასეთ დროს, კერძოდ, აქვს არასასიამოვნო ჩირქოვანი გამონადენი. ამ დაავადებას ტკივილი ნაკლებად ახასიათებს. სხვათა შორის, კარგი საშუალება არის კოლპოსკოპიური გამოკვლევა, რომელიც გვაჩვენებს, რა მდგომარეობაში არის ყელი, ეს არის ოპტიკური გადიდების ქვეშ ყელის დათვალიერება. კოლპოსკოპიური მეთოდი აუცილებელია ყველა საშვილოსნოს ყელის გამოკვლევის დროს.
– ეს დაავადება მხოლოდ გათხოვილ ქალებს ემართებათ, თუ გასათხოვრებსაც?
– ძირითადად, ეროზია ყალიბდება ისეთ ქალბატონებში, ვისაც უშვილობის პრობლემა აწუხებთ. საქმე იმაშია, რომ ჰორმონალური დარღვევების ხარჯზე ესტროგენების სიჭარბე იწვევს ჩამოფრცქვნას, დაზიანებულ ზედაპირზე კი ჩნდება წყლული, იგივე ეროზია. ხშირად ექიმებს უკვირთ ხოლმე, რატომ აქვს გასათხოვარ ქალბატონს, ან ახალგათხოვილს, რომელსაც ჯერ შვილი არ ჰყავს, მსაგვსი დაავადება. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ჰორმონალური ხასიათის.
– ბატონო, თენგიზ, ძირითადად, რა ასაკის ქალბატონებს ემართებათ ეროზია, არის თუ არა ეს განსაზღვრული?
– ასე ზუსტად დადგენილი ასაკი არ არსებობს, თუმცა, უფრო გამოკვეთილად ეროზიის ჩამოყალიბება ხდება 40–45 წლის ქალბატონებში, როდესაც ჰორმონალური აქტივობა და ანთებითი დაავადებები სჭარბობს. როგორც წეღან აღვნიშნე, საშვილოსნოს ყელის ეროზია თან სდევს სხვადასხვა ანთებით დაავადებებს, როგორიცაა თავად საშვილოსნოს ანთება, საკვერცხეების ანთება და ასე შემდეგ.
– ეროზია ერთ სტადიაში ჩერდება, თუ დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური ხდება?
– დროთა განმავლობაში, თუკი სამკურნალო პროცედურები არ ჩატარდა, ეროზია უკვე ქრონიკულ ფორმაში გადადის. სწორედ ეს არის ცრუ ეროზია, როდესაც აღარ ჩანს წყლულები, დაფარულია, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ გამქრალა. არის ასეთი შემთხვევებიც, როდესაც ეროზია ყელის არხში ჩაიზრდება და ბუშტუკები ჩნდება, ეს უკვე ქრონიკული შემთხვევაა.
– თუკი ქალბატონს საშვილოსნოს ყელზე წყლულები აქვს, რამდენად მიზანშეწონილია დაორსულება?
– ეროზია არ არის ისეთი დაავადება, რომ ამ დროს არ შეიძლებოდეს დაორსულება. თუმცა, სხვა ანთებითი დაავადებები, რომლებიც მას ახლავს, შეიძლება მათგან რომელიმე ქალის უშვილობის მიზეზი გახდეს. ეროზია არც ნაყოფზე მოქმედებს, მაგრამ მშობიარობის დროს, როდესაც ყელი ანთებადია, შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას, თუნდაც ყელის გახსნაზე, შემდგომ აღდგენაზე და ასე შემდეგ.