დიეტა

ექვსი რამ, რაც გვასუქებს

ექვსი რამ, რაც გვასუქებსდიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველა დიეტა უსარგებლოა, თუკი არ დაიცავთ ექვს მარტივ წესს.

წესი პირველი: არ არსებობს კარგი და ცუდი საკვები. არსებობს მეტად ცხიმიანი ან ნაკლებად ცხიმიანი, ცილოვანი, მარილიანი, ტკბილი საკვები და ა.შ. ყველა პროდუქტი შეიცავს ადამიანისათვის აუცილებელ ელემენტებს. თუკი თქვენ გამორიცხავთ რაიმე მნიშვნელოვანს, ორგანიზმი დაიწყებს ცხიმის დაგროვებას.

წესი მეორე: თავი დაანებეთ ჭამაზე ფიქრს! ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველა პრობლემა – თავშია. ეცადეთ, არ გახდეთ დამოკიდებულები საკვებზე.

წესი მესამე: ყველა დიეტა ოდესღაც მთავრდება. როგორც კი წონა ნორმას უბრუნდება, ადამიანები თავს ანებებენ დიეტას და მაშინვე იწყებენ გასუქებას. ხშირად აჭარბებენ კიდევაც თავდაპირველ წონას. საჭიროა მხოლოდ დააბალანსოთ თქვენი რაციონი.

წესი მეოთხე: ვერ დაიკლებთ დივანზე წოლით. თუკი თქვენს ორგანიზმს არ დატვირთავთ ფიზიკურად, აუცილებლად გასუქდებით. ამასთან, სულაც არ არის სავალდებულო სპორტდარბაზში ოფლის უკანასკნელ წვეთამდე ვარჯიში. საკმარისია, სუფთა ჰაერზე რამოდენიმე საათიანი გასეირნებაც კი.

წესი მეხუთე: ყველა სახის ცხიმი როდია მავნე. უარი არ თქვათ ცხიმზე, რომელსაც შეიცავს თევზი ან ნიგოზი, ის ნამდვილად სასარგებლოა.

წესი მეექვსე: ნუ მიირთმევთ ნატურალურ წვენებს გადაჭარბებული რაოდენობით. გავრცელებულია აზრი, რომ წვენები და მატონიზებელი სასმელები უვნებელი და დაბალკალორიულია. ეს ასე როდია! ყველა ასეთი სასმელი შეიცავს შაქარს. ამიტომ უმჯობესია, მიირთვათ ხილი და დალიოთ ჩვეულებრივი არაგაზირებული წყალი.