დაავადებები, ენდოკრინოლოგია

ჩიყვი

ენდოკრინოლოგია ჩიყვიჩიყვი კისრის  წინა  ნაწილში  არაბუნებრივი გამობერილობაა,  რომელიც  ფარისებრი ჯირკვლის გადიდების შედეგად ვითარდება.

ფარისებრი ჯირკვლის  გადიდება  შეიძლება სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. ამიტომ  ამბობენ, რომ  ჩიყვი ერთი რომელიმე დაავადება კი არ არის, არამედ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი ნიშანია.

ჩიყვი სხვადასხვა  სიდიდის  შეიძლება იყოს. დიდი ზომის ჩიყვი თვალითაც ადვილად შეიმჩნევა, უფრო მცირე სიდიდის ჩიყვის არსებობა კი შესაძლებელია დადგინდეს ექიმის მიერ ხელით გასინჯვით.

ჩიყვის განვითარების საფრთხე განსაკუთრებით მატულობს ადამიანის სიცოცხლის გარკვეულ პერიოდებში:

  • სქესობრივი მომწიფების პერიოდი;
  • ორსულობა;
  • მეძუძურობის პერიოდი და ა.შ.

ეს ის მდგომარეობებია, როდესაც ორგანიზმს  განსაკუთრებით  დიდი  რაოდენობით ესაჭიროება ფარისებრი ჯირკვლის  ჰორმონები და ნებისმიერი მიზეზით ამ ჰორმონების  წარმოქმნის  შეფერხება იწვევს ფარისებრი  ჯირკვლის  მასტიმულირებელი  ნივთიერებების  გააქტიურებას,  რითაც ორგანიზმი  ცდილობს  დარღვეული წონასწორობის  აღდგენას.  სწორედ ასეთი სტიმულაციის გაძლიერების ერთ-ერთი შედეგია ფარისებრი  ჯირკვლის  არანორმალური ზრდა-გადიდება, ანუ ჩიყვი. ამ გადაჭარბებული, ხანგრძლივი სტიმულაციის შედეგად შესაძლებელია ფარისებრ ჯირკვალში გაჩნდეს კვანძოვანი წარმონაქმნები.

ჩიყვის დიაგნოსტიკა ყველაზე ადვილია ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდით — ექოსკოპიით.

ჩიყვზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს, რომელიც გამოარკვევს ძირითადი დაავადების არსებობას.