დაავადებები, დერმატო–ვენეროლოგია

აკნე

აკნევულგარული აკნე კანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც აწუხებს მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს 12-25 წლის ასაკობრივ შუალედში, და 11%-ს 25 წლის ზევით.

აკნე კანის ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ძირების შემომგარსველის – ფოლიკულების დაავადებაა, რომლის დროსაც ჯირკვლების გამომტან სადინრებში უჯრედთა ჭარბი გამრავლება (ჰიპერკერატოზი) მიმდინარეობს, რაც ფოლიკულის დაცობას იწვევს და წარმოშობს აკნეს მსუბუქ ელემენტებს – თეთრ და შავთავიან კომედონებს.

შავთავიანი ფერიმჭამელები წარმოადგენენ მკვრივი, შავი თავის მქონე მორუხო-მოშავო საცობებს. ისინი უპირატესად ლოკალიზდებიან ცხვირზე, ნიკაპზე, გულმკერდის წინა ზედა ზედაპირსა და ზურგზე.

თეთრთავიანი ფერიმჭამელები – მკვრივი, წერტილოვანი კვანძებია, ისინი ძირითადად განლაგებული არიან უფრო სახეზე, ვიდრე ტანზე.

თმის ფოლიკულის სანათურის დაცობა იწვევს ინფექციური აგენტის (Pროპიონბაცტერია. აცნე-ს) გააქტიურებას, რომელიც ავითარებს საპასუხო ანთებით რეაქციას კანზე ზედაპირული, სხვადასხვა ზომის კვანძებისა და მომცრო ჩირქოვანი ბუშტუკების სახით. პროცესის გახანგრძლივებისას მიმდინარეობს კანქვეშა მსხვილი ნახევარმთვარისებრი, ალუბლის კურკის ზომის კვანძების – კონგლობატებისა და კისტების ჩამოყალიბება.

აკნე ძირითადად აზიანებს სახეს, იშვიათად ტანის ზედა ნაწილს – გულმკერდის წინა-ზედა ზედაპირსა და ზურგს. “უპირატესად ტანის ფორმა” უფრო მეტად დამახასიათებელია მამაკაცებისთვის, ვიდრე ქალებისთვის. აკნეს მძიმე კლინიკური ფორმის შესაბამისი ელემენტები — კვანძები და კისტები უპირატესად ტანზეა განლაგებული, ვიდრე სახეზე.
აკნეს განვითარებას ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებული გამოყოფა (ჰიპერსებორეა) და მისი ქიმიური შემადგენლობის ცვლილება, რაც თავის მხრივ ქმნის აკნეს ინფექციური აგენტის გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს.

ჰიპერსებორეის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის.

მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რამოდენიმე ფაქტორს:

  • მემკვიდრულ ფაქტორებს —  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოზარდთა აკნეს განვითარების ალბათობა განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მშობელი დაავადებული იყო აკნეთი.
  • სხვადასხვა ჰორმონებს — ყველაზე მეტად სქესობრივ ჰორმონს — ტესტოსტერონს. ჰორმონულ ფაქტორთა როლზე მიუთითებს აკნეს გამწვავება მენსტრუაციის წინ, ფეხმძიმობის ნაადრევი შეწყვეტისას, აკნეს პირველი ნიშნების გაჩენა მშობიარობის შემდეგ, ან ქალის სასქესო ორგანოთა ანთებისას.
  • ემოციურ ფაქტორებსა
  • სხვადასხვა სახის დარღვევებზე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ცნობილია, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში მიმდინარეობს სასქესო ჰორმონთა ფუნქციის საბოლოო ჩამოყალიბება. ეს პროცესი განსაკუთრებით მოქმედებს ჰიპერსებორეაზე – აკნეს განვითარების ერთერთ მნიშვნელოვან რგოლზე. ძირითადად ამით არის განპირობებული აკნეს დაწყების “მიზეზად” “გარდატეხის ასაკის” მიჩნევა. მოზარდთა ასაკში მოსახლეობის მიერ ვულგარული აკნე ხშირად განიხილება როგორც კანის ნორმალური რეაქცია ე.წ “გარდატეხის ასაკის” საპასუხოდ.

აკნეს მძიმე კლინიკური ფორმები უპირატესად დამახასიათებელია ბიჭებისთვის, ხოლო დაავადების გახანგრძლივება 25 წლის ზევით უფრო ხშირად გვხვდება გოგონებში. სეზონური ცვალებადობანი ნაკლებად არის დამახასიათებელი აკნესთვის. შესაძლებელია გამონაყრის უკუგანვითარება ზაფხულის პერიოდში, მზისა და ზღვის პროცედურების შედეგად. უფრო სწორედ გარუჯვის შედეგად ხდება ანთებითი პროცესის მასკირება. რაც შეეხება აკნეს სახისმიერ ფორმას – გაუმჯობესება არცთუ ისე ხშირია, შესაძლებელია საზაფხულო პროცედურებმა დაავადება გაამწვავოს კიდეც.

დაავადება იწყება რა მოზარდობის ასაკში იგი გრძელდება წლების განმავლობაში — 20-25 წლამდე, ზოგჯერ უფრო დიდხანსაც კი. შესაბამისად, ხანგრძლივია და ხშირად განმეორებადი მკურნალობის კურსიც. მკურნალობის მიმდინარეობის ხანგრძლივობა და მისი განმეორების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
აკნეს მსუბუქი ფორმის დროს თერაპია მხოლოდ ადგილობრივი პრეპარატებით შემოიფარგლება. საშუალო და მძიმე ფორმებისას კი მკურნალობაში სისტემური მოქმედების წამლები ერთვება. ჩვეულებრივ, აკნეს მძიმე ფორმების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე თვის განმავლობაში.
სწორად შერჩეული პრეპარატები და თერაპიული კურსის ხანგრძლივობა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ რემისია უფრო ხანგრძლივი იყოს, ხოლო შემდგომი გამწვავების კლინიკური გამოვლინება — ნაკლები სიმძიმის.

დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე ან მისი პროგრესირების შემთხვევაში, მიმართეთ დერმატოლოგს. დროულად დაწყებული მკურნალობა იმის საწინდარია, რომ პაციენტს ნაკლებად დაჭირდება ხანგრძლივი თერაპიული კურსის ჩატარება და მოზარდთა აკნე აღარ გაგრძელდება დიდხანს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ აკნეს სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

  •  ჰიპესებორეა,
  • ჰიპერკერატინიზაცია
  • ანთება.

ამ სამივე ფაქტორის ცალ-ცალკე და ერთიანი მკურნალობა ექიმის პრეროგატივაა.