ენდოკრინოლოგია

14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე

დიაბეტის საერთაშორისო დღედიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება, იგი დიაბეტის ადვოკატირებასა და დაავადებაზე ინფორმირებულობის ზრდას ეძღვნება.

დიაბეტის მსოფლიო დღე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის 200-ზე მეტი წევრი ასოციაციის, გაერთიანებული ერების ყველა წევრი სახელმწიფოსა და, ასევე, სხვადასხვა ასოციაციის, ორგანიზაციის, ჯანდაცვის პროფესიონალების, დიაბეტით დაავადებელებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ.

კამპანიის მთავარი გზავნილებია:

  • ჯანსაღი კვება იწყება საუზმით
  • გადააქციე ჯანსაღი საკვები იოლ და მარტივ გადაწყვეტილებად
  • ჯანსაღი კვება: გააკეთე სწორი არჩევანი.

ზოგადად დიაბეტის შესახებ:

რისკის ფაქტორები

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის რისკის ფაქტორებს დღემდე სწავლობენ. დადგენილია, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის ოჯახური ანამნეზის არსებობისას, დაავადების განვითარების რისკი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება. ეკოლოგიური ფაქტორებისა და ზოგიერთი ვირუსული ინფექციის ექსპოზიცია მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე განიხილება როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარების რისკები.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების შესაძლო რისკის ფაქტორებია:
• ოჯახური ანამნეზი
• ჭარბი წონა
• არაჯანსაღი კვება
• ფიზიკური ინაქტივაცია
• მაღალი არტერიული წნევა
• ეთნიკურობა
• გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა
• გესტაციური დიაბეტის ანამნეზი
• ორსულობის დროს არასაკმარისი კვება.

გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა (გტდ) ნორმასა და შაქრიან დიაბეტს შორის შუალედურ მდგომარეობას წარმოადგენს. კვებასა და ფიზიკურ აქტივობაში ცვლილებებმა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ურბანიზაციასთან, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირთა რიცხვი გაზარდა.
ორსულ ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ჭარბი წონა, დიაგნოსტირებული იყვნენ გტდ-ზე, ან ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი, აქვთ გესტაციური დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი. და, ბოლოს, წარსულში დიაგნოსტირებული გესტაციური დიაბეტი ან გარკვეული ეთნიკური ჯგუფი გტდ-ს მიმართ მომატებული რისკის ქვეშ აყენებს ქალებს.

დიაბეტის ნიშნები და სიმპტომები

დიაბეტით დაავადებულ პირებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები და ნიშნები, თუმცა ზოგჯერ დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ.

დიაბეტისათვის დამახასიათებელი ჩივილებია:
• გაძლიერებული შარდვა
• წყურვილის გაძლიერებული გრძნობა
• წონის კარგვა
• დაღლილობა
• კონცენტრაციის დაქვეითება
• ფეხებისა და ხელების დაბუჟება და ჩხვლეტა
• მხედველობის დაქვეითება
• ხშირი ინფექციები
• ჭრილობების გვიანი შეხორცება
• პირღებინება და მუცლის არეში ტკივილი (ხშირად გრიპის მცდარი კლინიკა).

თუკი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ვითარდება სწრაფად და უეცრად, დიაბეტი ტიპი 2 ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით და ამიტომ, ხშირად რთულია მისი დიაგნოსტირება.

დიაბეტის გართულებები

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკი აღენიშნებათ. სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გულისა და სისხლძარღვების, თვალების, თირკმლების, ნერვების და კბილების სერიოზული დაზიანება. ასევე, დიაბეტით დაავადებულებს აქვთ მიდრეკილება ინფექციებისადმი. მაღალი შემოსავლების მქონე თითქმის ყველა ქვეყანაში შაქრიანი დიაბეტი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიბრმავის, თირკმლის უკმარისობისა და ქვედა კიდურების ამპუტაციის უმთავრესი მიზეზი. სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის, არტერიული წნევის, ქოლესტერინის ნორმასთან დაახლოებული დონის შენარჩუნებას შეუძლია დიაბეტის გართულებების რისკის შეჩერება და თავიდან აცილება, ამიტომ დიაბეტით დაავადებულები უნდა იტარებდნენ მუდმივ მონიტორინგს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა, გავლენას ახდენს რა გულსა და სისხლძარღვებზე, შეიძლება გამოიწვიოს ფატალური გართულებები, როგორიცაა გულის იშემიური დაავადებები (მაგ. ინფარქტი) და ინსულტი. დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში სიკვდილის მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მაღალი არტერიული წნევა, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის მაღალი შემცველობა და სხვა ფაქტორები ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა გართულებების მზარდ რისკს.

თირკმლის დაავადებები (დიაბეტური ნეფროპათია): დიაბეტით დაავადებულებს თირკმლის პათოლოგია უფრო ხშირად აღენიშნებათ პოპულაციის დანარჩენ ჯგუფთან შედარებით. სისხლში გლუკოზისა და არტერიული წნევის ნორმალურ, დაახლოებულ დონესთან შენარჩუნებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს თირკმლის დაავადებების რისკი.

დიაბეტური ნეიროპათია: დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება მთელი სხეულის გასწვრივ, როდესაც სისხლში გლუკოზა და არტერიული წნევა ზედმეტად მაღალია.
შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა, ერექციულმა დისფუნქციამ და სხვა მრავალი ფუნქციის დარღვევამ იჩინოს თავი. ხშირად ზიანდება კიდურები, კერძოდ, ფეხები. ნერვის დაზიანებას ამ ადგილზე ეწოდება პერიფერიული ნეიროპათია და, შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაკარგვა. მგრძნობელობის დაკარგვის შეგრძნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას იძლევა დაზიანებები განვითარდეს შეუმჩნეველად, რასაც სერიოზული ინფექციები და შესაძლო ამპუტაცია მოჰყვება. დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ამპუტაციის რისკი 25-ჯერ მეტია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არა აქვს დიაბეტი. თუმცა, სრულყოფილი მართვა დიაბეტთან დაკავშირებულ ამპუტაციის მნიშვნელოვან შემთხვევებს თავიდან აგვაცილებს. ამპუტაციის შემდეგ დარჩენილი ფეხისა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია კიდურების შემდგომი მოვლით, მულტიდისციპლინარული გუნდის საშუალებით. დიაბეტით დაავადებული პირები რეგულარულად უნდა იმოწმებდნენ ტერფს, მასზე განვითარებული დაზიანებების დროული გამოვლენის მიზნით.

თვალის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია): დიაბეტით დავადებულ პირთა უმრავლესობას უვითარდება თვალის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია), რომლებიც მხედველობის დაქვეითებასა და სიბრმავეს იწვევს. სისხლში გლუკოზის მომატებული დონე მაღალ არტერიულ წნევასა და მაღალ ქოლესტერინთან ერთად რეტინოპათიის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს. აღნიშნულის მართვა შესაძლებელია გლუკოზისა და ქოლესტერინის ნორმასათან მიახლოებული დონისა და, ასევე, თვალის რეგულარული კონტროლით.

ორსულობის გართულებები: ქალებს, ორსულობის პერიოდში ნებისმიერი ტიპის დიაბეტით, აქვთ გართულებების მაღალი რისკი, თუ ისინი გულდასმით არ აკონტროლებენ და არ მართავენ თავიანთ მდგომარეობას. ნაყოფის ორგანოების შესაძლებელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებმა ორსულობამდე უნდა მიაღწიონ გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლებს. დიაბეტი ტიპი 1-ით, ტიპი 2- ით ან გესტაციური დიაბეტით დაავადებული ყველა ქალისთვის ორსულობის დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის სამიზნე დონის მიღწევა გართულებების მინიმალიზაციის თვალსაზრისით. ორსულობის დროს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ჭარბწონიანობა. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის დროს პრობლემები, ახალშობილისა და დედის ტრავმა და სისხლში გლუკოზის მოულოდნელი შემცირება ბავშვის დაბადების შემდეგ. ბავშვებს, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედის სისხლში გლუკოზის მაღალი დონის გავლენას განიცდიან, მოზრდილობაში დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აღენიშნებათ.

დიაბეტის პრევენცია

დღეისათვის, დიაბეტი ტიპი 1-ის პრევენცია შეუძლებელია. ეკოლოგიური ფაქტორები, რომლებიც, როგორც ითვლება, პროცესის გენერირების გზით ინსულინწარმომქმნელი უჯრედების განადგურებას იწვევეს, კვლევის პროცესშია.~

არსებობს უამრავი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია შესაძლებელია. სიმსუქნე, განსაკუთრებით აბდომინალური, დაკავშირებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებასთან. წონის კლება აუმჯობესებს ინსულინორეზისტენტობასა და არტერიულ წნევას. ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დიაბეტის პროფილაქტიკაში. ფიზიკური აქტივობის გაზრდა ხელს უწყობს წონის შემცირებას და დაკავშირებულია არტერიული წნევისა და მოსვენებითი გულისცემის შემცირებასთან, ზრდის ინსულინრეზისტენტობას, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.

დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტა აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. ჯანსაღი დიეტა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.

მოწევა მრავალი ქრონიკული დაავადების, მათ შორის, დიაბეტისა და მისი გართულებების კარგად დადგენილი რისკის ფაქტორია. ისევე, როგორც სხვა მავნე ჩვევები, მოწევა ზრდის მუცლის არეში ცხიმის დაგროვებასა და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას. ყველა მწეველი უნდა წახალისდეს, რათა თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას.