წითურა
წითურა მწვავე ინფექციური დაავადებაა.
მისი გამომწვევია ვირუსი მიქსოვირუსების ჯგუფიდან, რომელსაც აქვს ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების უნარი, ბავშვი იბადება ამა თუ იმ ორგანოს განვითარების მანკით (სიყრუე, სიბრმავე, გულის მანი და სხვ.), რის გამოც განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალის წითურათი დაავადება.
ინფექციის წყაროა წითურას ტიპიური ან უსიმპტომო ფორმით ავადმყოფი ბავშვი, რომელიც ვირუსს გამოყოფს ცხვირ-ხახიდან, ასევე შარდით და განავლით.
ინფექციის გავრცელება ხდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით, ორსულობის შემთხვევაში პლაცენტის მეშვეობით. ვირუსი ორგანიზმში შეჭრის შემდეგ იწყებს აქტიურ გამრავლებას ძირითადად ლიმფოიდურ და ეპითელურ ქსოვილებში.
წითურას ინკუბაციური პერიოდია 11-21 დღე, რის შემდგომაც ხანმოკლე დროით, დაახლოებით 1-2 დღე, ვითარდება პროდრომული პერიოდი, რომლის დროსაც აღინიშნება ტემპერატურის მომატება და ცხვირ-ხახის ლორწოვანის ანთება. წითურასთვის დამახასიათებელია ლაქოვანი, იშვიათად ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი კანზე, ჯერ სახეზე და სხეულის ზედა ნაწილზე, შემდგომ კი დუნდულებზე. 3 დღის შემდეგ გამონაყარი უკვალოდ ქრება. გამონაყარს ყოველთვის თან ახლავს კეფის კანქვეშა ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
ტიპიურად მიმდინარე წითურასათვის ყოველთვის დამახასიათებელია ტრიადა:
- კანზე ლაქოვანი გამონაყარი;
- კეფის კანქვეშა ლიმფური ჯირკვლების ჰიპერპლაზია;
- ტემპერატურის მომატება.
წითურას დიაგნოზი სწორედ კლინიკურად გამოვლენილ ამ ტრიადას ემყარება.
მკურნალობისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც ასაკის, დაავადების სიმძიმის და გართულებების გათვალისწინებით დანიშნავს მკურნალობას.
იმისთვის, რომ არ განუვითარდეს სხვა ბავშვს წითურა, საჭიროა პრიფილაქტიკა, რომელიც ემყარება ავადმყოფი ბავშვის იზოლაციას 5 დღით, ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ბავშვები არ საჭიროებენ იზოლაციას. მკაცრ იზოლაციას საჭიროებს ორსული ქალი, მათ ეკრძალებათ ავადმყოფთან კონტაქტი 18 დღის განმავლობაში.