დაავადებები, სასუნთქი სისტემა

პნევმონია – ინფექციური წარმოშობის ფილტვების ანთება

პნევმონია პნევმონია არის ინფექციური წარმოშობის ფილტვების ანთება, რომელიც მიმდინარეობს ალვეოლების (ფილტვის ბრონქიოლების დაბოლოება, ეპითელური უჯრედებით ამოფენილი და სისხლის კაპილარებით დაფარული ბუშტუკი, სადაც ხდება აირცვლა) უპირატესი დაზიანებით.

ტერმინი “პნევმონია” ძირითადად გამოიყენება ფილტვების მწვავე ინფექციის აღსანიშნავად. ფილტვების ანთება, რომელიც არაინფექციური წარმოშობისაა (ალერგიული, სხივური და სხვა) აღინიშნება ტერმინით – “პნევმონიტი“.

დღეისთვის მოწოდებულია პნევმონიის სხვადასხვა კლასიფიკაცია:

ფილტვების კლინიკო-მორფოლოგიური ანუ ანატომიური ერთეულების დაზიანების მიხედვით:

  • დაზიანებულია მთელი წილი – წილოვანი, ფიბრინოზული, კრუპოზული პნევმონია;
  •  დაზიანებულია წილის სეგმენტი – სეგმენტური პნევმონია;
  • დაზიანებულია ფილტვის წილაკი – წილაკოვანი, კეროვანი, კატარული პნევმონია, ბრონქოპნევმონია.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით:

  • მწვავე პნევმონია;
  • გახანგრძლივებული პნევმონია.

პათოგენეზის მიხედვით:

  • პირველადი – როდესაც პნევმონია აღმნოცენდება მანამდე ჯანმრთელ პიროვნებაში;
  •  მეორადი – როდესაც პნევმონია ვითარდება სხვა რომელიმე, მათ შორის ფილტვების დაავადების ფონზე.

იმისდა მიხედვით, თუ სად და რა ვითარებაში განვითარდა პნევმონია არსებობს:

  • საყოფაცხოვრებო პირობებში სპონტანურად ანუ თავისთავად აღმოცენებული;
  • კონტაქტური;
  • ჰოსპიტალური.

გამომწვევი აგენტის მიხედვით:

  • ბაქტერიული;
  • ვირუსული;
  • რიკეთსიული;
  • მიკოპლაზმური;
  • სოკოვანი.

წარმოშობის მომენტის მიხედვით:

  •  ასპირაციული;
  • პოსტოპერაციული;
  • პოსტტრავმული ანუ ტრავმის შემდგომი;
  • დესტრუქციული ანუ ფილტვის ქსოვილის ანატომიური სტრუქტურის დაშლით მიმდინარე;
  • ჰემორაგიული ანუ სისხლდენით ან სისხლჩაქცევით მიმდინარე პნევმონია.

პნევმონიის დროს ფილტვის ქსოვილის ინფიცირება შესაძლებელია ოთხი გზით:

  1. შესუნთქულ ჰაერთან ერთად;
  2. ასპირაცია ცხვირხახიდან ან პირხახიდან (ბაქტერიალური პნევმონიის ყველაზე ხშირი მიზეზი);
  3. ჰემატოგენური (სისხლის) გზით დაშორებით მდებარე ინფიცირებული კერებიდან;
  4. ინფექციის უშუალო გადასვლით მეზობელი დაინფიცირებული ქსოვილიდან, ან გულმკერდის გამჭოლი ჭრილობიდან.

ადამიანის ორგანიზმს გააჩნია სასუნთქი გზების ინფექციისაგან დაცვის სხვადსხვა მექანიზმი.
ეს მექანიზმებია:

  • აეროდინამიური ფილტრაცია – ეწინააღმდეგება უცხო ნაწილაკთა მოხვედრას ბრონქო-ალვეოლარულ სისტემაში;
  •  წამწამისებრი ეპითელი;
  • იმუნოგლობულინები;
  • კომპლემენტის სისტემა;
  • ფილტვების ადგილობრივი არასპეციფიური დაცვის მექანიზმები;
  • ალვეოლარული მიკროფაგები.

დაავადების განვითარება განპირობებულია ერთ-ერთი დაცვითი მექანიზმის დარღვევით. ამიტომ, პნევმონიით შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი, თუნდაც მანამდე აბსოლუტურად ჯანსაღი ადამიანი.

პნევმონიის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების რისკ ფაქტორებს:

  • ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია;
  • ალკოჰოლიზმი;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
  • დისფაგია ანუ ყლაპვის გაძნელება;
  • ღებინება;
  • ინტრავენურად ნარკოტიკების გამოყენება;
  • გაცივება;
  • თამბაქოს წევა.

პნევმონიის მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების გამომწვევის, მიმდინარეობის ფორმის, დამცველი მექანიზმების მდგომარეობის და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენას.