გინეკოლოგია, დაავადებები

პერიფერიული გენეზისის მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა

ამენორეა

ამენორეა შეიძლება იყოს ცრუ და ჭეშმარიტი. ცრუ ამენორეა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ფიპოთალამუს-ფიპოფიზ-საკვერცხეები-საშვილოსნოს სისტემაში ციკლური პროცესები ნორმალურად ხორციელდება, მაგრამ არ ხდება მენსტრუალური სისხლის გარეთ გამოყოფა. ჭეშმარიტი ამენორეის დროს ციკლური ცვლილებები საკვერცხეებში, საშვილოსნოში, ფიპოთალამუს-ფიპოფიზის სისტემაში და მთელ ორგანიზმში არ ხორციელდება, მენსტრუაცია არ ვითარდება.

პირველადი ამენორეის საშვილოსნოსმხრივი ფორმა – პათოლოგია განპირობებულია ენდომეტრიუმში არსებული ცვლილებებით, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდება.

პირველადი ამენორეა შეიძლება განვითარდეს მენსტრუალური ფუნქციის რეგულაციის რთული სისტემის დარღვევით ნებისმიერი რგოლის დონეზე.
მეორადი ამენორეა ხასიათდება მენსტრუაციის შეწყვეტით მისი ერთხელ მაინც მოსვლის შემდეგ. მეორადი ამენორეა ვითარდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების შემდეგ დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

კლინიკა.

ამენორეის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

  1. საერთო და გენიტალური ინფატილიზმი;
  2. ორგანიზმში არსებული ცვლილებები, რაც დაკავშირებულია ბავშობისა და პუბერტულ პერიოდში გადატანილ დაავადებებთან (ტუბერკულოზი, ტონზილიტი, ადენოვირუსული ინფექცია და სხვა) ;
  3.  გადაღლა და სტრესული რეაქციები;
  4. ენდოკრინული და ორგანიზმის სხვა სისტემების გენეტიკურად განპირობებული არასრულფასოვნება.

ფიპოთალამუს- ფიპოფიზ- საკვერცხეები- საშვილოსნოს სისტემის დაზიანების დონის მიხედვით მეორად ამენორეას ყოფენ შემდეგ ფორმებად:

  1. ფიპოთალამური ამენორეა, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასთან;
  2. ფიპოფიზური;
  3. საკვერცხისმიერი;
  4. საშვილოსნოსმიერი ამენორეა.

შიენის სინდრომი

შიენის სინდრომი ვითარდება ადენოჰიპოფიზის ქსოვილის 80-90%-ის სიკვდილის შედეგად , რომელიც ვითარდება მშობიარობის დროს მასიური და არასრულად აღდგენილი სისხლის დანაკარგის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ იწვევს ადენო-ჰიპოფიზის სისხლძარღვების ხანგრძლივ სპაზმს და თრომბოზს იშემიური ნეკროზის შემდგომი განვითარებით.
კლინიკა. ჰიპოფიზური ჰორმონების ფუნქციის დაქვეითების ხარისხის მიხედვით ვლინდება შემდეგი სიმპტომები: აგალაქტია ან ჰიპოგალაქტია ბოქვენზე და იღლიის ფოსოებში თმის დაცვენა, ჰიპოთირეოზის ნიშნები, ასთენიზაცია, ჰიპოკორტიციზმი, გონადოტროპინებისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციის დაქვეითება.

ჰიპოფიზური კახექსია

ჰიპოფიზური კახექსია (სიმონდსის დაავადება) ადენოჰიპოფიზის ნეკროზის ან დესტრუქციის შედეგად ვითარდება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნის განვითარებით.
კლინიკა. დავადებას ახასიათებს ძირითადი ცვლის დაქვეითება, მკვეთრი გამოფიტვა, სასქესო ორგანოების ატროფია, ანემია, ჰიპოთირეოზის და ჰიპოკორტიციზმის მოვლენები.

საკვერცხისმიერი ამენორეა

საკვერცხისმიერი ამენორეის დროს გამოყოფენ შემდეგ ფორმებს:

  1. ადრეული საკვერცხისმიერი უკმარისობა (ადრეული კლიმაქსი), რომლის დროსაც ნაადრევად ხდება არასრულფასოვანი საკვერცხეების ფუნქციის შეწყვეტა.
  2. სკლეროკისტოზური საკვერცხეები,
  3. საკვერცხის ანდროგენმაპროდუცირებელი სიმსივნით გამოწვეული ამენორეა. ამ სიმსივნეების განვითარებისას დიდი რაოდენობით გამომუშავდება ტესტოსტერონი, რომელიც ჰიპოფიზის გონატროპული ფუნქციის ბლოკირებას ახდენს.
  4. საკვერცხის ქსოვილზე მაიონიზებელი რადიაციის დამაზიანებელი მოქმედების, საკვერცხეების ამოკვეთის შედეგად განვითარებული ამენორეა.

კლინიკა: კლინიკურად ეს გამოვლინდება მენსტრუაციის შეწყვეტით 30-35 წლის ასაკში.

მეორადი ამენორეის საშვილოსნოსმხრივი ფორმა – მისი განვითარება განპირობებულია ენდომეტრიუმში პირველადად აღმოცენებული პათოლოგიური პროცესით.

მეორადი ამენორეის ამ ფორმის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება:

  1. ტუბერკულოზური ენდომეტრიტი;
  2. ენდომეტრიუმის ტრავმული დაზიანება ხელოვნური აბორტის დროს ან მშობიარობის შემდეგ უხეში გამოფხეკის შედეგად;
  3. საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე იოდის ნაყენის, რადიაქტიური კოლბალტის მოქმედება, ასევე ენდომეტრიუმის კრიოდესტრუქცია.

ამენორეა არ არის დამოუკიდებელი დაავადება და კლინიკურ სურათს ძირითადი დაავადების ხასიათი განსაზღვრავს.

ასეთი ავადმყოფები უჩივიან:

  • საერთო სისუსტეს,
  • გაღიზიანებას,
  • მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას,
  • გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას,
  • პათოლოგიურ ოფლიანობას,
  • ალებს,
  • თავის ტკივილებს და სხვა.