დაავადებები, ყელ–ყური

ოტიტი

ოტიტიმწვავე ოტიტი არის შუა ყურის ანთება სწრაფად განვითარებული ადგილობრივი (ყურის ტკივილი) და ზოგადი სიმპტომატიკით (ცხელება, გაღიზიანება,  ცუდი ძილი). შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ზედა სასუნთქი გზების დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: ხველას და რინორეას.

მწვავე ოტიტის დიაგნოზი ემყარება:

  • დაავადების სიმპტომების განვითარების მწვავე დასაწყისს;
  • გამონადენის არსებობას შუა ყურში (ტიმპანური მემბრანის შეშუპება, ტიმპანური მემბრანის მობილურობის შეზღუდვა ან არარსებობა, ოტორეა);
  • შუა ყურის ანთების ნიშნების და სიმპტომების არსებობას (ტიმპანური მემბრანის ჰიპერემია, ოტალგია).

შუა ყურის ანთების უხშირესი სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • ცხელება;
  • გაღიზიანებადობა;
  • ოტორეა (გამონადენი ყურიდან);
  • ლეთარგია;
  • ანორექსია;
  • ღებინება.

სპეციფიური ნიშნების ნაკლებობა, განსაკუთრებით ორ წლამდე ასაკში, ართულებს შუა ყურის მწვავე ანთების დიგნოზის დადგენას. შუა ყურის ანთება გამონადენით შესაძლოა საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს და გამოვლენილ იყოს მხოლოდ ურთიერთობის, ქცევის, სწავლის და მეტყველების პრობლემებით.

მწვავე ოტიტის დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ კლინიკური ნიშნებით და ოტოსკოპიური კვლევის საფუძველზე.

რეკომენდებულია პაციენტებში მორეციდივე მწვავე ოტიტით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ჩივილს სმენის დაქვეითების, მეტყველების შეფერხების შესახებ.

მწვავე ოტიტის სამკურნალოდ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.