ორსულობის გამომთვლელი და ცნობარი

ბოლო მენსტრუაციის პირველი დღის თარიღი:

გამომთვლელის შედეგები

დააჭირეთ სასურველი კვირის ღილაკს და იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია


პირველი ტრიმესტრი (ჩასახვის სავარაუდო თარიღი)

ორსულობის პირველი კვირა

ქალი:

მაშ ასე, პირველი კვირა...რა თქმა უნდა, ეს ჯერ კიდევ არ არის ორსულობა, რადგან თქვენ გაქვთ მორიგი მენსტრუალური სისხლდენა. მაგრამ, გსურთ თუ არა, ორგანიზმმა უკვე დაიწყო მზადება შესაძლო დედობისთვის.
ნერვული სისტემა უკვე აქტიურად იწყებს ჰორმონალური ფონის გარდაქმნას, რომლის მიზანია თქვენი 300 000 (!) კვერცხუჯრედიდან ერთ–ერთის მომზადება განაყოფიერებისათვის. ეს პროცესი საჭიროებს დაახლოებით 7 დღეს და ამიტომაც ითვლება იგი ორსულობის პირველ კვირად ანუ სწორედ ამ დროს ხდება მომავალი ბავშვის ჩანასახის ფორმირება.
თქვენი ორგანიზმისთვის ეს ჩვეული საქმეა (თავად განსაჯეთ - იგი დაიწყო პირველი მენსტრუაციის შემდეგ, გრძელდება პერიოდულად ყოველ თვეს, დღევანდელი დღის ჩათვლით). ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ამჯერადაც ყველაფერი რიგზე იქნება. ახლა უპრიანია ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ ორგანიზმს ამ მნიშვნელოვან საქმეში.
თანამედროვე მედიცინაში არის მცნება "პერიკონცეპციური" პროფილაქტიკა. ეს რთულად წარმოსათქმელი ტერმინი მოიცავს იმ ღონისძიებათა მთელ სისტემას, რომლის დანიშნულებაა სქესობრივი უჯრედების და ჩანასახის განვითარებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა.
ზოგადად, ასეთი ღონისძიებები უმჯობესია გეგმიურ ორსულობამდე 3–4 თვით ადრე დაიწყოთ (ხანდახან - უფრო ადრეც). ამ პერიოდში ექიმის მიერ ხდება თქვენი ინდივიდუალური თავისებურებების მაქსიმალური გათვალისწინება და, შესაბამისად, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ეფექტი გაცილებით მაღალი იქნება..
მაგრამ, თუ თქვენ ეს ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ, დაიწყეთ დაუყოვნებლივ.

აი, რამდენიმე რჩევა-დარიგება: მაქსიმალურად მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. უარი თქვით ალკოჰოლზე და სიგარეტზე. იცოდეთ, რომ ნაყოფზე პასიური მოწევაც ნეგატიურად მოქმედებს. აუცილებელია, რომ ოჯახის მწეველმა წევრებმა გაითვალისწინონ ეს გარემოება და სიგარეტი შენობაში არ მოსწიონ.
ნაყოფისთვის ასევე სახიფათოა კონტრაცეპტივები. დაუყონებლივ შეწყვიტეთ მათი მიღება. ექიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი მედიკამენტი საჭიროებს მასთან განხილვას, რათა გარკვეულ იქნას თუ როგორი გავლენა ექნება მას კვერცხუჯრედზე და ნაყოფზე.
თუ რაიმე მიზეზით არ გაკმაყოფილებთ მკურნალი ექიმის განმარტება, მიაკითხეთ სამედიცინო გენეტიკის საკონსულტაციო ცენტრს, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ნაყოფზე ამა თუ იმ წამლის ზემოქმედების შესახებ. შეწყვიტეთ ნებისმიერი წამლის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. ეს რეკომენდაციები აქტუალურია ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მოერიდეთ რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, განსაკუთრებით მუცლის და მენჯის არეში.

გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას - რაც ნაკლებს ივლით ხალხმრავალ ადგილებში, მით უფრო შემცირდება ინფექციური დაავადებების აკიდების რისკი (მაგალითად, წითურა, მწვავე რესპირატორული დაავადებები). სეირნობისთვის გამოიყენეთ ავტომაგისტრალებიდან დაშორებული პარკები და სკვერები. თუ ოჯახის წევრებს სურდო აქვთ, გაიკეთონ მარლის ნიღაბი, რაც თქვენთვისაც აუცილებელია. სასარგებლო იქნება ინტერფერონის ცხვირში ჩაწვეთება ან ოქსოლინის მალამოს გამოყენება. კვების რაციონში არ დაიშუროთ ხახვი და ნიორი, რაც სრულიად უვნებელია ნაყოფისთვის.
ეცადეთ მიიღოთ მხოლოდ დადებითი ემოციები. თქვენ ემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენისთვის და, შესაბამისად, ყველა პრობლემა თუ საკითხი უნდა გადასდოთ უკანა პლანზე. საეჭვოა, რომ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა დადებითად წაადგეს თქვენს მომავალ შვილს.
თუ თქვენ აგრძელებთ სწავლას ან მუშაობას, გაანალიზეთ საქმიანობის პროცესში არსებული მავნე ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედონ ნაყოფზე (რადიაცია, ელექტრო–მაგნიტური ველების ზემოქმედება, წამლებთან და ქიმიკატებთან კონტაქტი). ყველა გაუგებარი მომენტი განიხილეთ ექიმთან.
ამ პერიოდში ეცადეთ თავი შეიკავოთ შინაური ცხოველების შეძენისაგან. მაგალითად, ბევრი კატა არის ინფიცირებული ტოქსოპლაზმით. ამ მიკრობის მოხვედრამ ორსული ქალის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, აგრეთვე ნაყოფის გენეტიკური დეფექტები და მისი ქსოვილების დაზიანება.
თუ კატა დიდი ხანია თქვენს ოჯახში ცხოვრობს, დიდი ალბათობაა, რომ ამ დაავადების მიმართ გამომუშავებული გქონდეთ იმუნიტეტი. ამაში რომ დარწმუნდეთ, შეამოწმეთ თქვენს სისხლში არსებული დამცავი უცხო სხეულების დონე (თუ სად და როგორ ჩაიტაროთ ეს გამოკვლევა აგიხსნით ექიმი). გარდა ამისა, კატას ჩაუტარეთ ვეტერინართან შესაბამისი გამოკვლევა.
ნებისმიერ შემთხვევაში, კატეგორიულად მოერიდეთ ცხოველის კუთხის დალაგებას და არ შეეხოთ მის ჭურჭელს. ეცადეთ არ აჭამოთ უმი ხორცი, აარიდეთ თაგვების თუ ფრინველების დაჭერას, შეზღუდეთ მისი კონტაქტი ქუჩაში სხვა ცხოველებთან.
რაც შეეხება ძაღლებს, მათგან ნაკლებად მოდის ინფექციით დაავადების საშიშროება. თუ ყურადღებით გააკონტროლებთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს, თავიდან აიცილებთ შესაძლო გართულებებს. დროულად და სწორად გაუკეთეთ მას აცრები, განსაკუთრებით ცოფისა და ლეპტოსპიროზის საწინააღმდეგო. სხვა საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციები იგივეა, რაც კატის შემთხვევაში.

შეიძინეთ კომერციულად ხელმისაწვდომი მულტივიტამინების პრეპარატი ორსულთათვის და დაიწყეთ მისი ყოველდღიური მოხმარება.
მაგალითად, მატერნა ან პრენატალი. საერთოდ, სააფთიაქო ქსელში ამდაგვარი პრეპარატების დიდი არჩევანია ( ზოგიერთ მათგანს გააჩნია პრაქტიკულად ვიტამინებისა და მიკროელემენტების იდეალური ფორმულა, მაგრამ ფასიც საკმაოდ მაღალია).
მთავარია, რომ პრეპარატი შეიცავდეს ფოლიუმის მჟვას, არანაკლებ 0,4 მგ. სწორედ ეს ვიტამინი, თუ მისი მიღება დაიწყება ორსულობამდე 3 თვით ადრე და გაგრძელდება პირველი 12 კვირა, იცავს ნაყოფს თანდაყოლილი დეფექტებისგან.
ყურადღებით წაიკითხეთ როგორც ამ კალენდარში მოცემული სტატია ორსულის კვების შესახებ, ასევე მომავალი დედებისათვის განკუთვნილი სხვა ლიტერატურაც. ეცადეთ აქედანვე დაიცვათ დიეტის უმნიშვნელოვანესი პრინციპი - საკმარისი რაოდენობით და ძირითადი ინგრედიენტებით ბალანსირებული კვება არის თქვენი მომავალი შვილის ნორმალური განვითარების საწინდარი.

ახლავე შეზღუდეთ მაგარი ყავისა და ჩაის მიღება. ასევე შეეცადეთ არ მიიღოთ დიდი დოზით შოკოლადი და გაზიანი სასმელები (ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ნაყოფზე).
თუ დაგეგმილი ორსულობის პერიოდის პირველი 4-6 თვე დაემთხვა გაზაფხულის დასასრულს ან ზაფხულის დასაწყისს, ეცადეთ შეზღუდოთ წინა წლის კარტოფილის მოხმარება. მაგრამ თუ არ შეგიძლიათ 1,5-2 თვე გაძლოთ ამ პროდუქტის გარეშე, რომელიც სხვათა შორის ბევრი ეროვნული სამზარეულოს შემადგენელი ნაწილია, გათლის დროს მოაშორეთ კანქვეშა სქელი ფენა და შემდეგ დიდხანს ხარშეთ. ამით შემცირდება ნაყოფში თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკი.
გამონახეთ დრო და გაიარეთ სამედიცინო შემოწმება. ჯანმრთელობის მხრივ გარკვეული პრობლემების შემთხვევაში (მაგალითად, ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ინფექციური), ეწვიეთ ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას მკურნალობის ფორმის შესახებ (იმის გათვალისწინებით თუ რა შესაძლო გავლენა ექნება ჩატარებულ თერაპიულ კურსს ნაყოფზე).
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჯანმრთელობა კარგი გაქვთ და არაფერი გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტი არ იქნება ზედმეტი ( თქვენი ანამნეზის დეტალური შესწავლის შედეგად შესაძლოა "ამოტივტივდეს" დამაფიქრებელი მომენტები, რომელთა დაზუსტების მიზნით მოგიწევთ სამედიცინო შემოწმების გავლა). ამრიგად, თუ ადრე არ ხართ ნამყოფი, აუცილებლად ეწვიეთ ექიმ-გენეტიკოსს.
ამ რეკომენდაციების დაცვა სასურველია ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველი 12 თვის მანძილზე.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

მომავალი ბავშვი:

ჯერჯერობით თქვენი პატარა უფრო იდეაა, ვიდრე რეალური ორგანიზმი. მისი პირველსახე (უფრო სწორად, პირველსახის ნახევარი) - ეს თქვენს საკვერცხეში მრავალ ათას კვერცხუჯრედს შორის ერთერთია. მეორე ნახევარი (მამის) ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა მომწიფებულ სპერმატოზოიდად (ეს დაახლოებით ორ კვირაში მოხდება). დაველოდოთ.

ასე გამოიყურება თქვენი მომავალი შვილის კვერცხუჯრედი, რომელიც თავის მხრივ 100 ტრილიონი (!) უჯრედისაგან შედგება. ლამაზია, არა?!

ორსულობის მეორე კვირის დასასრული

ორსულობის მეორე კვირა

ქალი:

მუშაობა გრძელდება. ათასობით კვერცხუჯრედს შორის უკვე გამოიყოფა "ლიდერი". ხშირ შემთხვევაში ეს არის ერთი კვერცხუჯრედი, რომელიც მოთავსებულია სითხით სავსე ბუშტუკში (გრააფის ბუშტუკი). კვირის ბოლოსთვის იგი ისე გაიზრდება, რომ მისი ზედაპირი საკვერცხიდან გამოვა. ეს არის მზადება ოვულაციისათვის ( გრააფის ბუშტუკის გასკდომა და კვერცხუჯრედის გადასვლა მუცლის ღრუში).
ამის შემდეგ იგი მოხვდება ფალოპის მილში, სადაც შესაძლებელია მისი შერწყმა სპერმატოზოიდთან. გრააფის ბუშტუკის ადგილზე კი ყალიბდება სპეციალური წარმონაქმნი - ყვითელი სხეული. დაიმახსოვრეთ ეს ტერმინი.
ყვითელი სხეული საჭიროა ორსულობის პერიოდის დროს ორგანიზმის ჰორმონებით უზრუნველყოფისათვის. ამიტომ მას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამავე დროს, იგი ხშირად იწვევს ტოქსიკოზს.
ოვულაცია, დიდი ალბათობით, მოხდება შემდეგი კვირის დასაწყისში (ნაკლებად არის შესაძლებელი, რომ იგი დაიწყოს მიმდინარე კვირის ბოლოს). ზოგიერთი ქალი ოვულაციას გრძნობს (ხშირ შემთხვევაში ეს არის ცალმხრივი ტკივილი მუცლის არეში).
გარდა ამისა, ოვულაციის დღის დადგენა შესაძლებელია სწორ ნაწლავში ტემპერატურის გაზომვით (ბაზალური გაზომვა), მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამის აუცილებლობა არ არსებობს.საკმარისია იცოდეთ, რომ მეორე კვირის ბოლო და მესამის დასაწყისი არის განაყოფიერებისთვის საუკეთესო დრო.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი:

- ამ პერიოდის წინ, სასურველი 2-3 დღით თავი შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან. ეს მისცემს თქვენს მეუღლეს საშუალებას დააგროვოს სპერმატოზოიდების საკმარისი რაოდენობა. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, წყვილთა უმეტესობისთვის ეს სულაც არ არის აუცილებელი.
- განაყოფიერების მიზნით სქესობრივი კავშირის წინ ქალის სასქესო ორგანოებისთვის არ არის სასურველი აქტიური ტუალეტი. განსაკუთრებით ეს ეხება საშოს შიგნიდან დაბანას ჰიგიენური საშუალებებით, რამაც შეიძლება დაარღვიოს მასში მჟავიანობის ბალანსი. ამიტომ, სრულიად საკმარისია ჩვეულებრივი ჰიგიენური პროცედურა. გამოკვლევების თანახმად, სპერმატოზოიდები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან ქიმიური შენაერთების მიმართ. მაგალითად, ჩვეულებრივი ნერწყვიც კი მათთვის სასიკვდილოა, რომ არაფერი ვთქვათ ქიმიურ ჰიგიენურ საშუალებებზე.
- განაყოფიერებისთვის საუკეთესო პოზიციებია "მამაკაცი ზემოდან" ("მისიონერული") ან "მამაკაცი უკნიდან". განაყოფიერების ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ სპერმის გამოყოფის შემდეგ ქალი რჩება მწოლიარე მდგომარეობაში 20-30 წთ განმავლობაში. სასურველია, რომ მენჯი იყოს წამოწეული (მაგ, ამოიდეთ მის ქვეშ ბალიში).

და ბოლოს, პოპულარული შეკითხვა: ბიჭი თუ გოგო?

საერთოდ, ამ საკითხს ბუნება წყვეტს. ამიტომ, სქესის წინასწარი განსაზღვრა მაღალი ალბათობით შეუძლებელია- 1:1 (50%-50%).
უკანასკნელ დროს უამრავი პოპულარული ხასიათის ლიტერატურა გაჩნდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დედა-ბუნების "მოტყუება".
ქმედით საშუალებებს მიაკუთვნებენ სპეციალურ დიეტებს, ასტროლოგიურ გათვლებს, მაგიურ მანიპულაციებს და ა.შ. ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, ძალუძს გარკვეული ზეგავლენის მოხდენა, მაგრამ იგი შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე პროცენტით.
ყველაზე უფრო საფუძვლიანი რჩევები შეგვიძლია ამოიკითხოთ ჯ. მარტინის წიგნში „როგორ ჩავსახოთ ბიჭი“. ყოველ შემთხვევაში, მეცნიერი აღიარებს, რომ შანსი, რომელსაც იძლევა მისი ტექნოლოგია, დაბალია. უფრო მაღალ შანს იძლევა ულტრაცენტროფუგირების ტექნიკა, რომელიც "გოგოს" და "ბიჭის' სპერმატოზოიდებს ერთმანეთისგან გამოყოფს. მაგრამ, ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში გამოირიცხება ბუნებრივი გზით ჩასახვის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი იშვიათად ხდება სერიოზული მსჯელობის საგანი (ძირითადად იმ თანდაყოლილი დაავადებების შემთხვევაში, რომელთა გამოვლინება ხდება ადამიანის სქესის მიხედვით).
ყველა დანარჩენ შემთხვევაში, სქესის პრობლემა არ დგას მწვავედ. ასე რომ, თუ თქვენ მოგეწონათ რომელიმე რეკომენდებული მეთოდი, შეგიძლიათ გამოსცადოთ, თუნდაც ინტერესის გამო.
ძალაში რჩება ორსულობის პირველ კვირაზე გათვლილი რეკომენდაციები.
ეს კვირა კარგია ექიმ-გენეტიკოსთან ვიზიტისთვის (თუ აქამდე არ ყოფილხართ მასთან).
თქვენი მემკვიდრეობითობის და საოჯახო ანამნეზის საგულდაგულო ანალიზი საშუალებას იძლევა გაკეთდეს ნაყოფის განვითარების პროგნოზი და დროულად შედგეს დიაგნოსტიკური გეგმა შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
ამასთან ერთად, უფრო მეტს გაიგებთ პერიკონცეპციული პროფილაქტიკის შესახებ.

ორსულობის მესამე კვირის დასასრული

ორსულობის მესამე კვირა

ქალი:

ამ კვირაში გადაწყდება ყველაზე მთავარი საკითხი - დაიწყება თუ არა ორსულობა. უკვე მოხდა ოვულაცია და კვერცხუჯრედი ფალოპის მილში მზად არის განაყოფიერებისათვის. დადგა მისი სპერმატოზოიდებთან შეხვედრის დროც. თუ მან წარმატებით ჩაიარა, შეგიძლიათ საკუთარ თავს ორსულობა მიულოცოთ. მიმდინარე კვირის ბოლოს მოხდება ემბრიონის მიმაგრება(იმპლანტაცია) საშვილოსნოს კედელზე. ზოგიერთ ქალს ამ დროს აღენიშნება მიკროსისხლდენა, რომელიც არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. თქვენ იმუნურ სისტემაში იწყება პირველი ცვლილებები - გამომუშავდება ორსულობის ადრეული ფაქტორი (ინგლისურად-EPF). ეს აძლევს საშუალებას სანაყოფე კვერცხს "მოატყუოს" თქვენი იმუნური სისტემა. საქმე ის არის, რომ ჩანასახს გენების ნახევარი აქვს მამის. შესაბამისად, ნაყოფის ცილები უცხოა თქვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ არის საჭირო EPF რათა თავიდან იყოს აცილებული "კონფლიქტი" თქვენს იმუნურ უჯრედებსა და ნაყოფის უჯრედებს შორის.
პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია.

მომავალი ბავშვი:

კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ფალოპის მილში შეხვდნენ. მათი შერწყმით წარმოიშვა ზიგოტა – თქვენი შვილის პირველი და მთავარი უჯრედი. ყველა სხვა 100 000 000 000 000 უჯრედი სწორედ ამ ზიგოტიდან იღებს სათავეს! ზიგოტა იწყებს დაყოფას და "მოგზაურობს" ფალოპის მილში საშვილოსნოს მიმართულებით. 3 დღის შემდეგ ჩანასახს უკვე აქვს 32 უჯრედი და ფორმით ჰგავს თუთის ნაყოფს. კვირის ბოლოს მათი რაოდენობა იზრდება 250–მდე და იღებს ღრუ სფეროს ფორმას, რომლის დიამეტრი შეადგენს 0,1–0,2 მმ.

ჩანასახის ამ მდგომარეობას მეცნიერები ბლასტოცისტას უწოდებენ.

ბლასტოცისტა არღვევს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მცირე მონაკვეთებს და მის სხვა ქსოვილებს, თითქოს "თხრის" თავისთვის პატარა "სოროს", რომელშიც შემდეგ თავად მოთავსდება. სხვათა შორის, ამ "სოროს" მიდამოებში ვითარდება მცირე სისხლდენები, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩანერგვის პროცესს იმპლანტაცია ეწოდება. თუ მან წარმატებით ჩაიარა, ჩანასახის განვითარება ახალ საფეხურზე გადადის – ახლა მის მომარაგებას საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით იწყებს თქვენი ორგანიზმი. აქამდე ეს კვერცხუჯრედრედის შიგნით არსებული მცირე მარაგით ხდებოდა.
სწორედ ამ პერიოდში აღმოცენებული სხვადასხვა მავნე ფაქტორი განსაზღვრავს ნაყოფის ბედს, ანუ განვითარდება იგი თუ არა. ერთ შემთხვევაში ჩანასახი იღუპება, ხოლო მეორეში- პოულობს რეზერვებს დაზიანებების აღმოსაფხვრელად (თუ მომავალში არ იქნება არასასიამოვნო სიურპრიზები, ამ დაზიანებების არანაირი კვალი არ დარჩება).
სპერმატოზოიდები "უტევენ" კვერცხუჯრედს. საოცარი სანახაობაა. შიგნით ხვდება მხოლოდ ერთი მათგანი
ზიგოტა: სპერმატოზოიდის დნმ გადადის კვერცხუჯრედში. მალე დაიწყება მშობელთა გენეტიკური პროგრამების შერწყმა და უჯრედის პირველ დაყოფა.
პირველი დღე ჩასახვის შემდეგ.
ჩასახვიდან მეორე დღე. დაყოფა გრძელდება.
მესამე დღე–ღამე. უკვე 8 უჯრედია. ხელოვნური განაყოფიერებისას სწორედ ასეთი ჩანასახი გადააქვთ საშვილოსნოში.
ეს ბლასტოცისტაა.
სქემა. ბლასტოცისტა უახლოვდება საშვილოსნოს კედელს.
სქემა. ბლასტოცისტა იწყებს იმპლანტაციას.
სქემა. იმპლანტაცია დასრულებულია. ჩანასახის გარშემო შეიძლება იყოს დაზიანებული მონაკვეთები, რომლებიც იწვევენ სისხლდენას.
ორსულობის მეოთხე კვირის დასასრული

ორსულობის მეოთხე კვირა

ქალი:

თუ თქვენ უმიზეზოდ დაგეწყოთ გაღიზიანება, ადვილად იღლებით, გამკვრივდა სარძევე ჯირკვლები ან ძუძუს დვრილი ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარე გახდა - ეს იმას ნიშნავს, რომ ყვითელი სხეული თქვენს საკვერცხეში თავის საქმეს აკეთებს. შესაბამისად, თქვენ ორსულად ხართ.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე სიმპტომები მორიგი მენსტრუაციის წინაც შეიძლება იყოს. მაშ, ორსულად ხართ თუ არა? საბედნიეროდ არსებობს მარტივი საშუალება ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

მიმდინარე კვირას თქვენ ორგანიზმში ჩნდება ახალი ჰორმონი- ქორიონიკული გონადროპინი, რომლის შარდში აღმოჩენა შეიძლება სპეციალური ტესტ-სისტემის მეშვეობით. სახლის პირობებში მისი ჩატარება არ არის რთული, საკმარისია ინსტრუქციის სრული დაცვა. თუ ტესტი დადებითია, ე. ი. ორსულად ბრძანდებით.
თუმცა, უკეთესი იქნება ტესტის შემდეგ კვირაში ჩატარდება, როცა ქორიონიკული გონადროტოპინის დონე მოიმატებს.

პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია.

მომავალი ბავშვი:

გახსოვდეთ, რომ პირველი 12 კვირა განსკუთრებით მნიშვნელოვანი და კრიტიკულია ნაყოფისათვის. შეცდომის დაშვება არ შეიძლება, რადგან იგი ძვირად ფასობს. გაგიჩნდათ შეკითხვა? დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! ის, რაც ამ კვირაში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფისთვის, რადგან ვითარდებიან ე. წ. ჩანასახისგარე ორგანოები. ასეთი სულ სამია: ქორიონი, ამნიონი და ყვითრის პარკი. ეს დასახელებები თქვენთვის ალბათ ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მათ გარეშე შეუძლებელია ჩანასახის შემდგომი განვითარება. ამიტომ გამოყო ბუნებამ მიმდინარე კვირა მათ სასწრაფოდ " ასაწყობად " და შეამცირა თვით ჩანასახის უჯრედების ზრდის ტემპი. ჩანასახისგარე ორგანოების ამოცანები, მოკლედ, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ – კვების და სუნთქვის უზრუნველყოფა, ბიოქიმიური უზრუნველყოფა და ჩანასახის ყოველმხრივი დაცვა. ქორიონი შემდგომში იქცევა პლაცენტად, ხოლო ამნიონი - სანაყოფე პარკად. r />
საინტერესოა, რომ ამ ორგანოების შესაქმნელად მამის გენები უფრო აქტიურად მუშაობენ, ვიდრე დედის. მამაკაცის ოდინდელი ფუნქცია, დაიცვას და ყოველმხრივ უზრუნველყოს ოჯახი, გენეტიკურ დონეზეც ვლინდება (ხატოვნად რომ ვთქვათ, სპერმატოზოიდს "თავი ისე უჭირავს, როგორც შეეფერება ნამდვილ მამაკაცს", თუმცა იგი წარმოადგენს მამაკაცის ორგანიზმის მხოლოდ ერთ უჯრედს.
რაც შეეხება თქვენ შვილს, ის ახლა ჰგავს ბრტყელ დისკს, რომელიც რამდენიმე შრისაგან შედგება. თითოეული მათგანი სხვადასხვა ქსოვილისა და ორგანოს პირველსახე გახდება, მაგრამ ეს უახლოესი მომავლის საქმეა.

მარცხენა სურათზე მოსჩანს თუ როგორ გამოიყურება ჩანასახი კვირის დასაწყისში, ხოლო მარჯვენაზე აღნიშნულია 6-7 დღის განმავლობაში მიმდინარე ცვლილებები. ლურჯი ფერის ვერტიკალური ზოლი - თქვენი ბავშვია. 9 თვის შემდეგ იგი უკვე ადამიანად მოგვევლინება. ძნელი წარმოსადგენია, არა?
ორსულობის მეხუთე კვირის დასასრული

ორსულობის მეხუთე კვირა

ქალი:

იმ შეგრძნებებს, რომლებიც აღინიშნებოდა წინა კვირას, დაემატება ახალი: თავის ტკივილი, გახშირებული შარდვა, ძილიანობა, მადის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება და ღებინებაც კი. ჩნდება მოთხოვნილება მწნილზე, მარინადზე. ყოველივე ეს არის ორსულობის ადრეული ტოქსიკოზის შედეგი, რომლის მიზეზს წარმოადგენს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილები.

სავსებით შესაძლებელია, რომ ბევრ ორსულს საერთოდ არ აღენიშნებოდეს არცერთი ზემოთჩამოთვლილი სიმპტომი. ისინი მშვიდად გადიან ორსულობის საწყის ეტაპს. თუ თქვენ მოკლებული ხართ ამ პრობლემებს, ნამდვილად რომ მოსალოცია, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში - უნდა გაუძლოთ. შვებას იგრძნობთ მხოლოდ 12 კვირის შემდეგ.
არსებობენ ქალები, რომლებიც თვლიან, რომ ნაადრევი ტოქსიკოზი არის ჩვეულებრივი მოვლენა და არ აქცევენ მას ყურადღებას. შეეცადეთ მიბაძოთ მათ.
თუ ტოქსიკოზი დიდ დისკომფორტს გიქმნით, მიმართეთ ექიმს და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა.
პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია.

მომავალი ბავშვი:

ამ კვირაში ჩანასახი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს. პირველ რიგში, იცვლება მისი ფორმა. ახლა იგი აღარ ჰგავს ბრტყელ დისკს და უფრო მოგვაგონებს 1,5–2,5 მმ სიგრძის ცილინდრს. ამ დროიდან ჩანასახს უკვე ემბრიონს უწოდებენ.

უკვე ჩნდება ღვიძლისა და პანკრეასის ჩანასახები, იწყება ზედა სასუნთქი გზებისა და გულის ფორმირება. ფორმირდება, აგრეთვე, ნერვული მილი, რომელიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის პირველსახე. ყოველივე ამაში დიდ როლს თამაშობს ფოლიუმის მჟავა, რომლის მიღებაც უნდა განაგრძოთ მულტი-ვიტამინების სახით ან ცალკე.

და, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ კვირაში ემბრიონს უყალიბდება გონობლასტები – სპერმატოზოიდების ან სასქესო უჯრედების წინამორბედნი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი პატარა უკვე წარმოადგენს თქვენივე მომავალი შვილიშვილების პირველსახეს! საოცარია, არა?! ერთი სიტყვით, მატრიოშკას მდგომარეობაში იმყოფებით.
ორსულობის მეექვსე კვირის დასასრული

ორსულობის მეექვსე კვირა

ქალი:

თუ აქამდე ორსულ ქალს ჰქონდა გულისრევის სიმპტომი, მიმდინარე კვირას იგი გაგრძელდება. ბევრს შესაძლოა გაუჩნდეს მომეტებული მგრძნობელობა სხვადასხვა სუნზე. ხდება სარძევე ჯირკვლების გადიდება, აღინიშნება მასში ჩხვლეტის შეგრძნებები.

ყოველივე ამის მიზეზი ბუნებრივი ჰორმონალური ცვლილებებია, თუმცა ის ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს.
ზოგიერთ ორსულს შეემჩნევა კანზე გამონაყარი ან ქავილი, ფრჩხილების დაზიანება, თმის ცვენა, პიგმენტური ლაქები. ნუ შეგეშინდებათ ამის. ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც გათვლილია მომავალი ბავშვისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.
მეექვსე კვირისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დიდხანს არ გაქრება. ამიტომ უნდა შეეჩვიოთ მათ. აი, რამდენიმე სასარგებლო რჩევა:
-მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ორსულთათვის განკუთვნილი ვიტამინი, განსაკუთრებით ვიტამინების კომპლექსი. ტოქსიკოზისგან ეს არ გიხსნით, მაგრამ ძალზე სასარგებლოა ნაყოფის განვითარებისთვის. აუცილებელია კვების სწორი რეჟიმის დაცვაც. სცადეთ ჭამოთ მცირე პორციებით და ხშირ-ხშირად, დღეში 6-7-ჯერ. ამოარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც თქვენში არ იწვევენ გულისრევას. მაგალითად, ზოგს სიამოვნებს ყინულ-კარამელი, ზოგს კი - ხილის ან ბოსტნეულის რომელიმე სახეობა. მიიღეთ სითხე დიდი რაოდენობით : წვენები, მინერალური წყალი. მიირთვით მსუბუქი ჩაი, უმჯობესია მწვანე. კარგია წვნიანი ხილი: საზამთრო, მსხალი, ნესვი, ვაშლი. ისინი შეიცავენ თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს და კლავენ წყურვილს.
- შეეცადეთ მეტი იძინოთ. ორგანიზმი საჭიროებს სრულყოფილ დასვენებას. დაწექით ადრე და გაიღვიძეთ გვიან. თუ მუშაობთ, ეცადეთ არ გადაიტვირთოთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, მაინც არ შესძლებთ მთელი ძალით მუშაობას. ამიტომ, არ დაადანაშაულოთ ამაში საკუთარი თავი. უბრალოდ, ახლა თქვენი ყველა რეზერვი მიმართულია ნაყოფისკენ. სახლში შეეცადეთ ნაკლებად ისაქმიანოთ, სულ მალე დაგჭირდებათ ოჯახის წევრების დახმარება.
- თუ რომელიმე სუნამო ან დეზადორი იწვევს გულისრევის შეგრძნებას და თავის ტკივილს, მოერიდეთ მას. კარგია იქნება თუ საერთოდ ამოიღებთ ხმარებიდან ან შეცვლით ისეთი პარფიუმერიით, რომელსაც არ გააჩნია არომატი. რაც შეეხება სამზარეულოდან გამომავალ სუნს, რომელიც გაღიზიანებთ, არ მოგერიდოთ ამის თქმა ოჯახის წევრებისათვის. მათ უნდა გაითვალისწინონ თქვენი მდგომარეობა და მიიღონ სათანადო ზომები. არ იქნება ურიგო თუ თავად მოამზადებთ თქვენთვის საჭმელს.
- ფსიქოლოგიური პრობლემების წარმოქმნისას, უთხარით ამის შესახებ ახლობლებს, რომელთაც ენდობით. თუ ასეთი არავინ გყავთ, მიმართეთ ფსიქოლოგს. ძალიან ბევრს სიტყვა "ფსიქოლოგი" აშინებს, თუმცა ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში პირადი ფსიქოლოგის აყვანა არის ჩვეულო მოვლენა. ტოქსიკოზის შემთხვევაში კარგია აკუპუნქტურის კურსის გავლა, მაგრამ სერიოზულად მოეკიდეთ აღმოსავლური მედიცინის ამ დარგის სპეციალისტის შერჩევას. გაიკითხეთ ახლობლებში, მეგობრებში, ხომ არ იცნობენ ამ სფეროში მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალს. უცნობ ექიმს არ მიაკითხოთ, დიდი ალბათობაა, რომ დილეტანტი აღმოჩნდეს და ზიანი მოგაყენოთ. ამიტომ, კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან, იქნებ სულაც არ არის თქვენთვის რეკომენდებული აღმოსავლური მედიცინის თერაპიული კურსი.
- ნუ ეცდებით ბალახებით თვითმკურნალობას ან ბალახებისაგან დამზადებული პრეპარატების მიღებას. ბევრი ადამიანი ექცევა რეკლამის გავლენის ქვეშ და ყიდულობს ყველაფერს, რაც მისი აზრით სასარგებლო იქნება. ასე არ უნდა მოიქცეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბალახებისგან დამზადებულ პრეპარატს აქებენ, მასაც გააჩნია უკუჩვენებები. ამიტომ, არ გარისკოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობა.
პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაში რჩება.

მომავალი ბავშვი:

ამ კვირაში თქვენი პატარის ორგანიზმში უამრავი რამ ხდება: ამუშავებას იწყებს მისი გული, რომლის ზომა 6 მილიმეტრია, იხურება ნერვის მილი, რასაც მულტივიტამინებში შემავალი ფოლიუმის მჟავა უწყობს ხელს, იწყება კიდურების, ყელისა და ყურის ფორმირება. გარდა ამისა, მიმდინარეობს პლაცენტა განვითარება. პლაცენტა მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს ნაყოფის სუნთქვას, კვებას და მის დაცვას.
ორსულობის მეშვიდე კვირის დასასრული

ორსულობის მეშვიდე კვირა

ქალი:

თუ ჯერ კიდევ გეეჭვებათ თქვენი ორსულობა, უნდა იცოდეთ, რომ ამის პირველი სიმპტომია ძუძუს დვრილების ირგვლივ მუქი შეფერილობის გაჩენა.
ორ კვირაზე მეტია, რაც მენსტრუაცია "იგვიანებს". თუ ადრეც გქონდათ ასეთი "დაგვიანებები", მაინც შეასრულეთ პირველი კვირის რეკომენდაციები.
ორსულობის დასადგენად ისარგებლეთ ექსპრეს- ტესტებით. არ მოეკიდოთ გულგრილად თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას. უკვე ზუსტად უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი გსურთ თუ არა შვილის გაჩენა. თუ ამა თუ იმ მიზეზის გამო თქვენთვის მიუღებელია ორსულობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ გინეკოლოგს.

მომავალი ბავშვი:

თქვენი პატარა ჯერ კიდევ არის ემბრიონი, მაგრამ სულ მალე სრულფასოვანი ნაყოფი გახდება და დაიწყებს სწრაფ განვითარებას. გახსოვდეთ ეს!
ნაყოფი (ანუ ემბრიონი) ზომით 9 მილიმეტრს აღწევს. უკვე შეიძლება კიდურების და სხვა ორგანოების გარჩევაც.
ვითარდება კუნთოვანი და ნერვული სისტემები. მიდის ძვლის ტვინის ფორმირება. სულ უფრო გასარჩევი ხდება სახის ნაკვთებიც: ამონაზნექი თვალებისა და ყურებისთვის, ნახვრეტი პირისა და ცხვირისთვის. ფორმირებას იწყებენ წვრილი ნაწლავი და გულის მკერდი. ვითარდება თავის ტვინი. ორსულობის მეშვიდე კვირას ქრება ჭიპის მარჯვენა ვენა. ყოველივე ეს მიუთითითებს ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე.
მომავალი ბავშვი ჯერ კიდევ უჩვეულოდ გამოიყურება. ფიქსირდება პატარა "კუდის მაგვარი" წამონაზარდიც, მაგრამ სულ მალე, ორსულობის მე-10 კვირის დროს, იგი გაქრება და ნაყოფი განსხვავებულ იერსახეს მიიღებს.
ორსულობის მერვე კვირის დასასრული

ორსულობის მერვე კვირა

ქალი

მაშ ასე, თქვენ უკვე თვეზე მეტია რაც არ გქონიათ მენსტრუაცია. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ გინეკოლოგთან, დაუყოვნებლივ მიმართეთ მას რათა ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება. ამის გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაშია სავალდებულო.

აუცილებელ პირობად ითვლება ლაბორატორიული გამოკვლევა:
- მენჯის ზომის დადგენა,
- აწონვა,
- ბაზალური არტერიული წნევის გაზომვა,
- შარდის ანალიზი ცილების რაოდენობის, ქორიონიკული გონადროპინის და ლეიკოციტების რაოდენობის დასადგენად,
- ნაცხის აღება,
- სისხლის საერთო ანალიზი, რეზუს-ფაქტორის დადგენა, ანალიზები შიდსზე და RW-ზე,
- სამეანო და საოჯახო ანამნეზი.

თქვენთან გასაუბრებისას ექიმი დაადგენს თუ რამდენად საჭიროებთ ფსიქოლოგიურ მომზადებას, რადგან მშობიარობა, ბავშვის გაჩენა და მისი გაზრდა დედისგან მოითხოვს განსაკუთრებულ განწყობას, მზადყოფნას, მორალურ სიმწიფესაც კი.
გამოკვლევის სხვა სახეობების დანიშვნა უკვე მოხდება თქვენი ინდივიდუალური მაჩვენებლების გათვალისწინებით.
ექიმ-გენეტიკოსის გამოკვლევა გამოავლენს იმ დაავადებებს, რომლებიც გადაიცემა შთამომავლობით. შემდგომში გინეკოლოგთან ვიზიტები დამოკიდებული იქნება თქვენი ორსულობის მიმდინარეობაზე.
არ დაივიწყოთ, რომ პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია.

მომავალი ბავშვი:

ორსულობის მეორე თვე. მთავრდება ემბრიონალური პერიოდი. შესაბამისად, მას შეიძლება უკვე ნაყოფი ვუწოდოთ. მისი ზომა (კუდუსუნამდე) 1,6 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო წონა - 1 გრამს.

მერვე კვირას გრძელდება ნაყოფის გულის ფორმირება, მკვრივდება მისი სტრუქტურები, უმჯობესდება სისხლძარღვებთან კავშირი.

კუჭი გადმოინაცვლებს ქვემოთ და ჩადის მუცლის ღრუში. კუჭის კუნთები ივსება ნერვული უჯრედებით, რომლებიც საჭმლის სწორ გატარებას უწყობენ ხელს.

ფორმირდება ზედა ტუჩი, ვითარდებიან ძვლები და სახსრები.

თუ მომავალი ბავშვი ბიჭია, მას ეწყება სათესლე ჯირკვლების ჩამოყალიბება. ექოსკოპია დაადგენს არა მარტო თავისა და მენჯის მდებარეობას, არამედ ზურგის და მუცლის მდებარეობასაც. შესაძლო იქნება ხერხემლის დანახვაც.
ორსულობის მეცხრე კვირის დასასრული

ორსულობის მეცხრე კვირა

ქალი:

ორსულობის მეცხრე კვირისათვის დამახასიათებელია მომატებული გადაღლილობა, გრძელდება გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა. ზოგიერთ ორსულს აღენიშნება ქოშინი, აჩქარებული გულისცემა, სიმძიმე ქვედა კიდურებში, მომენტებში ბუნდოვანი მხედველობა
დააკვირდით თქვენ მკერდს. თუ მოჩანს კანქვეშა ვენები, ე. ი. თქვენ გაქვთ სისხლძარღვების გაფართოებისკენ მიდრეკილება. ეს ხშირი მოვლენაა და არ შეგეშინდეთ. თუმცა, ვენების გაგანიერება ქალებს აღენიშნებათ ორსულობის უფრო გვიან პერიოდში.

მიიღეთ ზომები ვენების გაგანიერების საწინაღმდეგოდ:
- არ ასწიოთ სიმძიმეები, ზედმეტად არ დაჭიმოთ მუცლის პრესის კუნთები,
- გამოიყენეთ ორსულთათვის განკუთვნილი სპეციალური ბიუსტჰალტერი,
- თუ დიდხანს ჯდომა ან წოლა გიწევთ, ეცადეთ ფეხები მაღლა მოათავსოთ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად,
- მიიღეთ P და C ვიტამინები, რომლების ამაგრებენ სისხლძარღვის კედლებს და ხელს უშლიან მათ ზედმეტად გაფართოებას.
არ დაივიწყოთ პირველი კვირის რეკომენდაციები.

მომავალი ბავშვი:

ორსულობის მეცხრე თვეზე შესამჩნევად იზრდება ღვიძლი, ხდება თირკმლების საბოლოო ფორმირება და შარდის გამოყოფა სითხეში, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს.
ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი, კერძოდ, იწყება ნათხემის ფორმირება. ეს არის ტვინის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოქმედების კოორდინაციას აკონტროლებს.
ბავშვის თავი სწორდება და ექოზე იგი უკვე კარგად მოსჩანს. სახის ნაკვთები უფრო გამოყოფილი ხდება, სახე პრაქტიკულად ფორმირებულია. თვალები, რომლებიც, აქამდე თავის სხვადასხვა მხარეს იყვნენ განლაგებულნი, ახლა ერთ ღერძზე არიან ქუთუთოს ქვეშ დამალულნი.
ყურები წააგავს ორ პატარა ბზარს, ტუჩები უკვე გამოკვეთილია, ზედა კიდურები -დაგრძელებული, ხოლო ნიკაპი ჯერ კიდევ მკერდს არის მიდებული.
ნაყოფი კიდევ გაიზარდა. მისი სიგრძე 2, 3 სანტიმეტრია, ხოლო წონა - 3 გრამი. ამ კვირაში სავსებით შესაძლებელია, რომ მან მოძრაობაც დაიწყოს.
ორსულობის მეათე კვირის დასასრული

ორსულობის მეათე კვირა

ქალი:

ორსულთა უმრავლესობას უკვე ტოქსიკოზი აღარ აწუხებს, ან მისი გამოვლინება შესამჩნევად მცირდება.
ამ პერიოდში შესაძლოა ძუძუს არეში გაჩნდეს პატარა ზომის მარცვლები - გადიდებული საოფლე ჯირკვლები, ე. წ. "მონტოგომერის კვანძები". საშიში არაფერია. ეს არის ორსულობისათვის დამახასიათებელი მორიგი სიმპტომი.
მუდამ გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს თქვენ სხეულს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, მკერდსაც შეეხება. დაიცავით პირადი ჰიგიენა. გამოიყენეთ სპეციალური თეთრეული, საჭიროების შემთხვევაში გელი და კრემები. კვება უნდა იყოს ბალანსირებული, რაციონი - ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი.
მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, აგრეთვე ხორცი და რძის ნაწარმი. ისინი კალციუმს შეიცავენ და მოგამარაგებენ ენერგიით. ეს უკანასკნელი კი ახლა თქვენ ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. გარდა ამისა, კალციუმი აუცილებელია ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის.
არ დაივიწყოთ პირველი კვირის რეკომენდაციები.

მომავალი ბავშვი:

მეათე კვირას თქვენი პატარა განვითარების ახალ ფაზაში შედის. ფორმირებულია იდაყვის სახსრები, თითები ზედა და ქვედა კიდურებზე, ყურის ნიჟარები. დიაფრაგმა პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია. ქრება კუდი, იწყება გარე სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება და სარძევე კბილების განვითარება, რომელიც დაბადების შემდეგ ამოიჭრება.

ნაყოფი არის მოთავსებული სანაყოფე პარკის შიგნით, რომელიც სავსეა სრულიად გამჭირვალე სითხით (ამნიონური, სანაყოფე წყლები). მას თვალი მთლიანად გახელილი აქვს, მაგრამ ვერ ხედავს თუ რა ხდება მის ირგვლივ.
პატარა უკვე 4 გრამს იწონის და მისი სიგრძე 27–35 მილიმეტრს აღწევს. მას უკვე შეუძლია საშვილოსნოს კედლიდან არეკვლა, მაგრამ ამას თქვენ ვერ იგრძნობთ.
ორსულობის მეთერთმეტე კვირის დასასრული

ორსულობის მეთერთმეტე კვირა

ქალი:

შესაძლოა, თქვენ უკვე დაიღალეთ ხასიათის გამუდმებული ცვლისა და მოჭარბებული ემოციებისაგან. მდგომარეობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც მენსტრუალური ციკლის წინა პერიოდში (გაღიზიანება, შფოთვა, მღელვარება, ტირილი). ამის მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია.
თითოეული ქალი თავისებურად გამოდის ამ ემოციური ქაოსიდან. ზოგი საოჯახო საქმეებს აყოლებს გულს, ზოგი- საკუთარ ჰობის, ზოგიც ამტკიცებს, რომ მედიტაციური ტექნიკა (მაგ. იოგა) საუკეთესო გამოსავალია ემოციების გასაკონტროლებლად. ძალიან ეფექტურია სპეციალური დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა (ასეთი კომპაქტ-დისკები მრავლადაა გაყიდვაში). მეტად სასარგებლო იქნება ფსიქოთერაპევტის დახმარებაც.
გახსოვდეთ, რომ თქვენი არამდგრადი გუნება-განწყობილება მძიმე ტვირთად აწვება თქვენს მეუღლეს, რომელმაც აუცილებლად უნდა "მოიკრიბოს ძალა" და გაგიწიოთ დახმარება. მითუმეტეს, რომ ეს უკანასკნელი, ძირითადად, გამოიხატება მორალურ მხარდაჭერასა და მოთმინებაში.
პერიოდულად გადაუხადეთ მას მადლობა, რადგან ამ პერიოდში მას მოუწევს მთელი რესურსების მობილიზაცია თქვენი "ახირებების" დასაკმაყოფილებლად.
თუ ფსიქოლოგიური პრობლემები არ კლებულობს და, პირიქით, მისი მატება აღინიშნება, მიმართეთ სპეციალისტს. გახსოვდეთ, რომ 100-დან 99 შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი პრობლემების იოლად და ეფექტურად მოგვარება.
პირველი კვირის რეკომენდაციები ძალაში რჩება. იმედია, ექიმთან უკვე ნამყოფი ხართ.

მომავალი ბავშვი:

პატარა კი განაგრძობს ზრდას. მისი წონა უკვე 7 გრამია. გარეგნულად ისევ უცნაურად გამოიყურება - ხელები ფეხებზე გრძელია (რადგან უფრო სწრაფად ვითარდება), თავი არაპროპორციულად დიდია. ნუ ღელავთ, ეს დისპროპორცია მშობიარობამდე გამოსწორდება. ერთ დროს თქვენც ხომ თითქმის ასე გამოიყურებოდით?!.
სრულდება გულ-მკერდის ფორმირება. ვითარდება თითები ზედა და ქვედა კიდურებზე. არის სიახლეც - დაიწყო თვალის ფერადის გარსის ფორმირება.
ასე გამოიყურება ნაყოფი (ულტრასონოგრაფია).
პირველი ტრიმესტრის დასასრული (12 კვირა)

ორსულობის მეთორმეტე კვირა

ქალი:

ეს კვირა ორსულთა უმეტესობისთვის "ძირეული გარდატეხაა". ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შედიხართ მათ რიცხვში და ტოქსიკოზის უსიამოვნო გამოვლინებები სუსტდება.
პლაცენტა ამ პერიოდში თავის თავზე იღებს ჰორმონების გამომუშავებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ორსულობის შესანარჩუნებლად. მანამდე, როგორც გახსოვთ, ეს იყო ყვითელი სხეულის პრეროგატივა. სწორედ იგი "გაწვალებდათ" 2,5 თვის განმავლობაში.< /> სამწუხაროდ, ზოგიერთი ორსულისთვის ტოქსიკოზის პერიოდი უფრო გრძელვადიანია, განსაკუთრებით თუ ორი ან მეტი ნაყოფი ვითარდება.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფის განვითარება მიდის სრული სვლით. ღვიძლი უკვე იწყებს ნაღველის გამომუშავებას (ნივთიერება, რომელიც მომავალში საკვები ცხიმების გადამუშავებისთვის იქნება საჭირო). აქტიურდებიან ნაწლავებიც. იწყება მათი კედლების ტალღისებური რიტმული შეკუმშვა-გაფართოება. სამედიცინო ენაზე ამას პერისტალტიკა ქვია. გრძელდება თავის ტვინის ჩამოყალიბება. ახლა მას ზრდასრული ადამიანის ტვინის მინიატურული ფორმა აქვს. ნაყოფის წონა 13-14 გრამს შეადგენს, ხოლო სიგრძე -9 სანტიმეტრს.
ორსულობის მეცამეტე კვირის დასასრული

ორსულობის მეცამეტე კვირა.

ქალი:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეორე ტრიმესტრში! გილოცავთ! გზის ერთი მესამედი უკვე გავლილია. თუ პროგნოზის მიუხედავად ტოქსიკოზი გრძელდება, ნუ ღელავთ, შვებას მალე იგრძნობთ.
ახლა კი დროა განვიხილოთ კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი, რომელსაც ორსულობა უმზადებს ბევრ ქალს. ეს არის კუჭის შეკრულობა - ყაბზობა. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ ის უკვე დაგეწყოთ.
ყაბზობას იწვევს თქვენი ნაწლავების პერისტალტიკის (გახსოვთ ეს სიტყვა?) შესუსტება ანუ მათი აქტიურობა ქვეითდება. საკვები ნელა გადაადგილდება და მკვრივდება.
ამ დარღვევის მიზეზი არის თქვენს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები. გარკვეული "წვლილი" შეაქვს მზარდ საშვილოსნოსაც. იგი უფრო და უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს ნაწლავებისათვის, თუმცა საშვილოსნოს ზრდა ამ ეტაპზე ნაკლებ როლს თამაშობს ყაბზობის განვითარებაში. მისი როლი შემდეგში იქნება უფრო გამოკვეთილი.
ყაბზობა არ არის კარგი. გარდა იმისა, რომ ეს თავისთავად უსიამოვნოა, მან შეიძლება გართულებებიც გამოიწვიოს. ყველაზე რთული ფორმაა - ბუასილი. ეს არის ჰემოროიდული კვანძების პათოლოგიურ გადიდება, რომელიც ვლინდება პერიოდული სისხლდენით, ანალური არხიდან გამოვარდნით და ხშირი ანთებით.
ორსულობისას ბუასილი ხშირი მოვლენაა. თუმცა, თუ მას ჯეროვან ყურადღებას მიაქცევთ, პრობლემები ნაკლები გექნებათ.
მუდმივი დაჭიმულობა ყაბზობის დროს აუარესებს ჰემოროიდული კვანძების მდგომარეობას, ხდება მათი გადიდება და იწყება ანთებითი პროცესი. ბედნიერია ის, ვისაც არ დაემართა ბუასილი, მაგრამ ვინც ვერ ასცდა ამ მეტად უსიამოვნო მოვლენას, ეფექტურად უნდა შეებრძოლოს მას. მითუმეტეს, რომ ეს არც ისე რთული საქმეა და სასურველი შედეგის მიღება პრაქტიკულად ყველასათვის არის შესაძლებელი.

აი, რამდენიმე რჩევა:
- საკვების რაციონში უფრო მეტი რაოდენობით შეიტანეთ მცენარეული პროდუქტი, რომელიც შეიცავს უჯრედს. მთლიანად იგი ვერ გადამუშავდება, რაც ნაწლავებს აიძულებს მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პროდუქტი (ლობიო, კომბოსტო) გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს და იწვევს შებერილობას. მოერიდეთ მათ. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, მიიღეთ გვირილას ჩაი და აქტივირებული ნახშირის 2-3 ტაბლეტი.

- სცადეთ იმ პროდუქტების მირთმევა, რომელთაც აქვთ ბუნებრივი საფაღარათო ეფექტი. მაგალითად, გახეხილი ჭარხალი ან მისი წვენი. კარგი იქნება, აგრეთვე, თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს გახსნით 100-150 გრამ ადუღებულ წყალში. ეს "ელექსირი" დალიეთ უზმოზე, შემდეგ 10-15 წუთით წამოწექით მარჯვენა მხარეს და ამოიდეთ ზომიერად თბილი სათბურა. არსებობს სხვა საშუალებებიც: ქატო, ზღვის კომბოსტო, ქლიავის ფაფა და ა. შ. გაიკითხეთ ნაცნობებსა და დაქალებში, რომელიმე მათგანი აუცილებლად გაგიმხელთ ყაბზობის დამარცხების მისეულ მეთოს. ენდეთ საკუთარ ინტუიციასაც. თუ შემოთავაზებული მეთოდი შინაგანად თქვენთვის მიუღებელია, მოერიდეთ მას ან გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. განსაკუთრებით ეს ეხება საფაღარათო პრეპარატების მიღებას. მისი დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.

- არ მიიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეკრულობას იწვევენ: მსხლის ზოგიერთი ჯიში, ანწლის მურაბა, მოცვი და სხვ. მათ გარეშეც საკმარისადაა პრობლემები.

- შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნეთ მოძრაობის რეჟიმი: ისეირნეთ ფეხით, შეასრულეთ ვარჯიშები, ხანდახან ესტუმრეთ აუზს.

- თუ მაინც ვერაფრით შველით პრობლემას, მიმართეთ ექიმს, რომელიც შეგირჩევთ ოპტიმალურ საფაღარათო საშუალებას.

მომავალი ბავშვი:

ბავშვის ორგანიზმში ამ კვირას ბევრი საინტერესო რამ ხდება. ჩამოყალიბდა ოცივე სარძევე კბილი. ნაწლავები ლაგდება მუცლის ღრუში, სადაც ხდება ბუსუსების ფორმირება. ისინი დიდ როლს თამაშობენ საკვების გადამუშავებაში. კუჭქვეშა ჯირკვალი იწყებს ინსულინის გამომუშავებას. ნაყოფი იწონის დაახლოებით 28 გრამს.
მიაქციეთ ყურადღება ამ ილუსტრაციას. ნაყოფის ქვედა კიდურების ფორმირება თითქმის დასრულებულია. საოცრებაა, რა სწრაფად ხდება ყველაფერი!
ორსულობის მეთოთხმეტე კვირის დასასრული

ორსულობის მეთოთხმეტე კვირა

ქალი:

მომავალი დედობის შეგრძნება სწორედ რომ ამ პერიოდში იჩენს თავს და სულ უფრო და უფრო მტკიცდება. ქალისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცდაა. მიიღეთ მისგან სიამოვნება და გაუფრთხილდით მას. დედობის შეგრძნება - ნებისმიერ წამალზე მეტად ფასობს. იგი დაგეხმარებათ წარმატებით გაუმკლავდეთ პატარა თუ დიდ სირთულეებს, რომელთა გარეშე ორსულობა არ არსებობს.
მაშ ასე, თქვენ ორსულობის მთავარი პერიოდის ზღვარზე ხართ. ამიტომ, ახლა არ შევუდგებით პრობლემებთან ბრძოლის ტაქტიკის განხილვას. ამისათვის დრო კიდევ გვექნება.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფი უკვე 12, 5 სანტიმეტრია.
პატარა გამოყოფს შარდს, რომელიც ნაყოფის გარშემო არსებულ სითხეში (სანაყოფო წყლები) გადადის. იგი, აგრეთვე, ვარჯიშობს სუნთქვაში, იწოვს სანაყოფო წყლებს ფილტვებში და შემდეგ უკან უშვებს. კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს ინსულინს. ეს ჰორმონი ძალზე მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისა და ზრდისათვის.
ორსულობის მეთხუთმეტე კვირის დასასრული

მეორე ტრიმესტრი

ორსულობის მეთხუთმეტე კვირა

ქალი:

მაშ ასე, იწყება შესანიშნავი სპექტაკლი, რომელსაც "მეორე ტრიმესტრი" ჰქვია, თქვენ კი უკვე შეხვედით მთავარი გმირის როლში. თამამად შეგიძლიათ იამაყოთ მომავალი დედობით და ოჯახის წევრებმა სრულად უნდა გაითავისონ ეს ფაქტორი.

მყარდება ნორმალური "სამუშაო" ატმოსფერო და იწყება ოჯახში ახალი წევრის შემომატებისთვის სამზადისი. ყველა თქვენზე ზრუნავს, გეხმარებათ. წაახალისეთ მათი ნებისმიერი მონაწილეობა ამ პროცესში. ეს ძალიან სასიამოვნო ფუსფუსია და ,სხვათა შორის, ხელს უწყობს ოჯახის განმტკიცებას.

რაც შეეხება თქვენი იმიჯის შეცვლას, თუ ჩაიხედავთ სარკეში, აღმოაჩენთ ყავისფერ ხაზს ბოქვენიდან ჭიპამდე. ამის მიზეზი არის მელანინი - ქიმიური ნივთიერება, რომელიც ადამინის კანს ღებავს, ჰორმონების მორიგი ოინი. მშობიარობის შემდეგ გაქრება

მომავალი ბავშვი:

ბავშვის თავზე ამოდის თმები. კანი ჯერ კიდევ ძალიან თხელია და უფრო წითელია, ვიდრე ვარდისფერი. გული უკვე 23 ლიტრ სისხლს "ტუმბავს" დღე-ღამეში.
ნაყოფი პერიოდულად გამოყოფს შარდს, რომელიც ერევა ამნიონურ სითხეს და ხელს უწყობს მისი ნორმალური შემადგენლობის შენარჩუნებას. მაგრამ, შარდი სულაც არ არის ამნიონური სითხის მთავარი კომპონენტი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ეს სითხე გამომუშავდება სანაყოფე პარკის უჯრედთა მიერ და დღე-ღამეში 8-10-ჯერ ხდება მისი განახლდება, რაც იძლევა სტერილობის და ქიმიური შემადგენლობის შენარჩუნების საშუალებას.

სანაყოფე პარკს და სანაყოფე წყლებს ბავშვისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის: დაცვა მექანიკური დაზიანებისგან, თავისუფალი მოძრაობის უზრუნველყოფა, ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის და თირკმლების განვითარებისათვის ხელშეწყობა. ბოლოს და ბოლოს, ეს თქვენი პატარის პირველი გარემოა, რომელსაც იგი აქტიურად შეისწავლის და შედის მასთან კონტაქტში.
იგი საკმაოდ კომფორტულია. წარმოიდგინეთ თბილი, სუფთა, გამჭვირვალე სითხე, რომელიც "არბილებს" სამყაროს მკაცრ რეალიებს: მსოფლიოს მიზიდულობის ძალას, თვალისმომჭრელ სინათლეს და ინდუსტრიული ხმების ქაოსს.

აქ კი, უწონობის სასიამოვნო შეგრძნებაა, სუსტი განათება, სიწყნარე. გასაკვირი არაა, რომ ადამიანს ქვეცნობიერად უჩნდება სიყვარული იმ გარემოსადმი, რომელშიც თავისი ცხოვრების პირველი 9 თვე გაატარა.

სხვათა შორის, იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს "ხელოვნური საშვილოსნო", რომელშიც დაახლოებით ისეთივე პირობებია შექმნილი, როგორც რეალურში. იქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოთავსდეს თუ ნაყოფის პოზას მიიღებს. ვინც ეს გააკეთა ყველა კმაყოფილია. მათი თქმით, ასეთი რელაქსაციის და კომფორტის შეგრძნება არასოდეს არ ჰქონიათ (სწორი იქნება თუ ვიტყვით - დიდი ხანია არ ჰქონიათ).

საერთოდ, სითხე ნაყოფისთვის ჩვეული და საყვარელი გარემოა. ბოლო დროს, დიდ პოპულარობას იხვეჭს წყალში მშობიარობა. ძალიან ბევრი მშობელი პატარებს ადრეულ ასაკში ასწავლის ცურვას. განვითარებული ქვეყნების კლინიკებში ახალშობილთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება წყლის პროცედურები ან "მშრალი იმერსიის" ტექნიკა (უწონო მდგომარეობის მოდელირება, რომელიც ახალშობილისთვის ჩვეული გარემოა).

სწორედ ამიტომ, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა აქციოთ მომავალი შვილის ბანაობის პროცედურა "ჯადოსნურ" რიტუალად. მართალია, წინ კიდევ ნახევარი წელია, მაგრამ დაიწყეთ ფიქრი ახლავე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწყენილობა დაგეუფლებათ
დაახლოებით ასე გამოიყურება პატარა ამ ეტაპზე
ორსულობის მეთექვსმეტე კვირის დასასრული

ორსულობის მეთექვსმეტე კვირა

ქალი:

მიმდინარე კვირას თქვენ შეიძლება პირველად იგრძნოთ ნაყოფის მოძრაობა. ეს მით უფრო მოსალოდნელია, თუ უკვე გყავთ შვილი და გამოირჩევით გამხდარი აღნაგობით. საერთოდ, განმეორებითი ორსულობის დროს, ქალი 2-4 კვირით ადრე გრძნობს ნაყოფის მოძრაობას, რასაც ვერ ვიტყვით პირველ ორსულობაზე. ზოგჯერ, ქალი 22-23 კვირა ვერ გრძნობს ამას. ეს არცაა გასაკვირი. ხშირად ეს პირველი მოძრაობა ძალიან მსუბუქია იმ "წიხლების ქნევასთან" შედარებით, რომელიც ნაყოფმა უფრო გვიან იცის.

ნაყოფის პირველი ამოძრავება შეიძლება მშობიარობის ვადის დასადგენადაც გამოვიყენოთ, თუმცა ამ კრიტერიუმის ალბათობა არც ისე ზუსტია.

ამ კვირაში სასურველია ჩააბაროთ ალფა–ფეტოპროტეინის, ქორიონული გონადოტროპინის და ესტრიოლის ანალიზები. ზოგიერთი გენეტიკური დაავადების დროს (მაგალითად, დაუნის სინდრომი, ანენცეფალია, თიაქარი და სხვ.), ზემოთაღნიშნული ნივთიერებები გამოდიან ნორმიდან, ამიტომ აუცილებელია გამოკვლევა, რის შედეგად დადგინდება არსებობს თუ არა რაიმე დეფექტი. სისხლის ჩაბარება მომავალ კვირაშიც შეგიძლიათ და უფრო მოგვიანებითაც, მაგრამ სასურველია რომ ეს მოხდეს 1-2 კვირის ინტერვალით ორსულობის მეთხუთმეტე და მეოცე კვირის შუალედში. მიმართეთ ამ საკითხთან დაკავშირებით გინეკოლოგს.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფი განაგრძობს ზრდას. მისი ყურის ნიჟარები თითქმის უკვე თავის ადგილზეა. ადრე ისინი კისრის არეში იმყოფებოდნენ. ქვედა კიდურების ფორმირებაც პრაქტიკულად დასრულებულია.
რაც შეეხება თირკმლებსა და შარდის ბუშტს, ისინი ინტენსიურად ფუნქციონირებენ. ყოველ 45 წუთში თავისი "წვლილი" შეაქვთ ამინიონურ სითხეში. უმჯობესდება ხელებისა და ფეხების კოორდინაცია. ნაყოფის ზომა უკვე 16 სანტიმეტრს შეადგენს!.

აქ ნაჩვენებია თუ როგორ წოვს მომავალი ბავშვი თავის თითს. თუმცა ეს არ არის ამ ტიპის ბოლო ფოტოსურათი, რადგან ეს ჩვევა ნაყოფს მშობიარობამდე შეუნარჩუნდება.
ორსულობის მეჩვიდმეტე კვირის დასასრული

ორსულობის მეჩვიდმეტე კვირა

ქალი:

თქვენი საშვილოსნოს ფუძე უკვე შუა გზაზეა ბოქვენსა და ჭიპს შორის. ბოქვენი არის მიდამო მუცლის ქვევით სასირცხვო ბაგეებამდე.

ამ ეტაპზე ორგანიზმი ზრდის სისხლის ცირკულაციას. ეს აუცილებელია ნაყოფის საკვებზე და ჟანგბადზე მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გული სულ უფრო ინტენსიურად იწყებს მუშაობას, რადგან სისხლის გაზრდილი რაოდენობის გატარებისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.

შესაბამისად გულის დატვირთვა 20%-ით იზრდება. ეს თქვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ თუ გაძლიერდა ოფლიანობა და საშოს სეკრეცია (გამონადენი სასქესო გზებიდან). ეს არის ორგანიზმში ზედმეტი სითხის ცირკულაციის შედეგი. იგი მოითხოვს მცირე ჰიგიენურ კორექციას და საშიში არ არის.

არ დაგავიწყდეთ ანალიზების აუცილებლობა, რის შესახებაც მე-16 კვირას ვისაუბრეთ.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფი წონა თითქმის 40 გრამია.

არანაირი ახალი სტრუქტურა ახლა არ ფორმირდება. სამაგიეროდ, პატარა სწავლობს იმის გამოყენებას, რაც უკვე მას გააჩნია. ის რეაგირებს გარეშე ხმებზე. ეს ექოსკოპიურადაც შესაძლოა დაფიქსირდეს. ასე რომ, უკვე დროა იზრუნოთ მისი ესთეტიურ აღზრდაზე

ამ კვირიდან დაიწყეთ "კონცერტი მსმენელთა თხოვნით". შემსრულებელად გამოდგება ნებისმიერი მსურველი. იმღერეთ თავადაც აკომპანემენტით ან მის გარეშე. გამოსცადეთ ყველანაირი რეპერტუარი, ხალხურიდან დაწყებული პოპმუსიკით დამთავრებული. ამ საქმეში ბავშვის მამაც ჩაერთოს. თუ სიმღერისგან თავს იკავებს, ლექსები წაიკითხოს ან უბრალოდ ელაპარაკოს პატარას.

სასურველია, რომ მამის ხმა შვილმა დაბადებამდე დაიმახსოვროს.

მართალია, ამ ეტაპზე მეტად რთულია მის მიერ მოსმენილის შეფასება, მაგრამ დაუყოვნებლივ დაიწყეთ ეს საქმე, რადგან მოგვიანებით, თქვენ უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით მასთან თამაში. ორიოდე თვის შემდეგ იგი უკვე მუსიკის დიდი მცოდნე გახდება, რაშიც თავად დარწმუნდებით "წიხლებისა" და "მუჯლუგუნების" სახით.
ორსულობის მეთვრამეტე კვირის დასასრული

ორსულობის მეთვრამეტე კვირა

ქალი:

ძილი და დასვენება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესაძლოა უკვე თქვენთვის მოუხერხებელიც გახდეს, რადგან საშვილოსნო განაგრძობს გადიდებას და მუცლის ღრუში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს. ამიტომ ძილისა და დასვენებისთვის მოძებნეთ ოპტიმალური პოზა. მაგალითად, სცადეთ სხვადასხვა ზომის ბალიშების ფეხებქვეშ და მკერდქვეშ ამოდება.

მიეცით გასაქანი თქვენ ფანტაზიას, რათა მიაგნოთ სასურველ პოზიციას. თუ გამოგივიდათ, გაუზიარეთ თქვენი მიგნება ორსულად მყოფ ნაცნობ-ახლობლებს.

შეგიძლიათ დაწოლამდე მსუბუქი ვარჯიშებიც გააკეთოთ. ეცადეთ ხშირად დააცარიელოთ შარდის ბუშტი, რაც მოგიხსნით დისკომფორტს.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფის სიგრძე უკვე 20,5 სანტიმეტრია. წონა - თითქმის 200 გრამი. გრძელდება ძვლების გამაგრება. ხელის და ფეხის თითებზე ფორმირდება ფალანგები, ჩნდება განუმეორებელი "ორნამენტი", რომელიც თითების ანაბეჭდის უნიკალურობას განაპირობებს!
ორსულობის მეცხრამეტე კვირის დასასრული

ორსულობის მეცხრამეტე კვირა

ქალი:

ხომ არ დაგავიწყდათ ორსულთა სკოლაში მშობიარობისთვის ფსიქოლოგიური მომზადების მნიშვნელობა? თუ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე დაუსვით ეს შეკითხვა გინეკოლოგს. ორსულთა სკოლა გულისხმობს ქალის ფსიქოპროფილაქტიკურ მომზადებას მომავალი დედობისთვის და მისი იგნორირება საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და მოუცლელობის გამო არ შეიძლება.

სტატისტიკურმა გამოკვლევებმა იაპონიასა და აშშ-ი აჩვენეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ასეთი მომზადება გაიარეს, მშობიარობისას აქვთ ნაკლები პრობლემა.

მომავალი ბავშვი:

პატარა განაგრძობს ზრდას. მისი წონა უკვე თითქმის 230 გრამს შეადგენს. თუ ნაყოფი მდედრობითი სქესისაა, მის საკვერცხეებში კვერცხუჯრედები უკვე ჩამოყალიბებულია. ნაყოფის კანზე ჩნდება თმები (ლანუგო), რომლითაც მთელი სხეული იფარება. ეს ნაზი თმა გაქრება დაბადებამდე, მაგრამ ზოგჯერ მშობიარობის შემდეგაც რჩება ყურებზე და სახის სხვა ნაწილზე.

სარძევე კბილების ქვემოთ მიდის მუდმივი კბილების ჩანასახის ფორმირება.
ორსულობის მეოცე კვირის დასასრული

ორსულობის მეოცე კვირა

ქალი:

მეოცე კვირას საშვილოსნო სულ უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს და თქვენი მუცელი წინ გამოდის. ამიერიდან ეს პროცესი გაძლიერდება მშობიარობამდე. შესაძლოა უკვე გიძნელდებათ სუნთქვა, რადგან მუცლის ღრუს ორგანოები ზემოთ სწევენ დიაფრაგმას და შესაბამისად ავიწროებენ ფილტვებს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ნაყოფი არ ჩაიწევს ქვემოთ მენჯში. პირველი ორსულობისას ამ მოვლენას ადგილი აქვს მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე, განმეორებითი მშობიარობისას კი უშუალოდ მშობიარობის წინ.

აუცილებელია ხშირი შარდვა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს შესაძლებელია, არა?

თქვენ უკვე გაიარეთ ორსულობის ნახევარი ვადა! გილოცავთ, მოსთხოვეთ მეუღლეს საჩუქარი. თქვენ ეს დაიმსახურეთ!

მომავალი ბავშვი:

თმებისა და კამის უჯრედებისაგან ფორმირდება ნაყოფის ნაცხი. ეს არის მოთეთრო-კრემისფერი ნივთიერება, რომელიც ფარავს ბავშვის სხეულის ზოგიერთ ნაწილს, რომლის დანიშნულებაა ნაყოფის კანის დაცვა. ზოგჯერ ეს ნივთიერება უშუალოდ მშობიარობამდე ნარჩუნდება და მას აცილებენ სტერილური ხელსახოცით.

ნაყოფის აქტიურობის გათვალისწინებით, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაადგინოთ როდის სძინავს მას და როდის არა. ნაყოფის წონა ახლა 290 გრამია, სიგრძე 25 სანტიმეტრი.
ასე გამოიყურება ნაყოფი მეოცე კვირას.
ორსულობის ოცდამეერთე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეერთე კვირა

ქალი:

თუ ვინმე შეეცდება ხალხური მეთოდებით დაადგინოს თქვენი პატარას სქესი, იცოდეთ, რომ ეს ინფორმაცია ეფუძნება მითებს და თქმულებებს. ზოგიერთი ორსული ამას ინტერესით ეკიდება და თავიდან ბოლომდე ეშვება "გამოთვლების" პროცესში, რაც გართობის კარგ საშუალებას წარმოადგენს. ზოგს კი, პირიქით, აღიზიანებს.

ნაყოფის სქესის პროგნოზირება ჩინური დიაგრამებისა თუ სხვა საშუალებების მეშვეობით მართლაც რომ სახალისო საქმეა, მაგრამ ამ გამოთვლების ალბათობა ხშირად დაბალია.

ასე რომ, თუ გაინტერესებთ მომავალი ბავშვის სქესი, და ეს უკანასკნელი არ "თანამშრომლობს" თქვენთან (ანუ ექოსკოპიური გამოკვლევის დროს არ შემოტრიალდება სასურველი მხრიდან), კარგი გასართობი გაქვთ ხალხური მეთოდების სახით.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფი ჯერ კიდევ თავისუფლად მოძრაობს საშვილოსნოს ღრუში. ხან ფხიზლობს თავით ქვემოთ, ხან სძინავს ჰორიზონტალურად, ხანაც თავს ურტყამს საშვილოსნოს ფუძეს. ამასთან, თქვენი შეგრძნებები მას სულაც არ აღელვებს. მიმდინარე ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფი რომელიმე ერთ მდგომარეობაში გაჩერდება, თუმცა ზოგჯერ იგი უფრო გვიან ვადებამდე ახერხებს თავისუფალ მოძრაობას.

ახლა თქვენი პატარა 370 გრამს იწონის.
კიდევ ერთო მტკიცებულება პატარას დიდი სიყვარულისა საკუთარი ცერა თითის მიმართ.
ორსულობის ოცდამეორე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეორე კვირა

ქალი:

მიმდინარე კვირას, თქვენი საერთო მდგომარეობა კვლავ კარგი უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ ორსულობისას სქესობრივი ცხოვრების პრობლემა ხშირადაა მეუღლეებს შორის განსჯის საგანი, ხოლო ზოგჯერ - საერთოდ არ განიხილება. საქმე ის არის, რომ ბევრს არასწორი ინფორმაცია აქვს ორსულობის დროს სქესობრივი ურთიერთობის შესახებ. ამიტომ, დროა ამის შესახებ ვისაუბროთ.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტოქსიკოზის ფონზე ქალის სქესობრივი მოთხოვნილებები ქვეითდება, მამაკაცების კი რჩება უცვლელი. ამიტომ ორსულობის პირველი 12 თვის განმავლობაში სქესობრივი ცხოვრება მიდის ალტერნატიული ფორმით (სულაც არ არის აუცილებელი ჩვეულებრივი ვაგინალური კავშირის დამყარება).

მეორე ტრიმესტრში საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე ქალის სექსუალობა მატულობს. ლიბიდო ძლიერდება. ძლიერდება, აგრეთვე, სისხლის მიმოქცევა, საშვილოსნოს სეკრეცია, ეროგენულ ზონათა მგრძნობელობა. შედეგად, ქალი უფრო ხშირად ახერხებს ორგაზმის მიღწევას სქესობრივი კავშირის დროს. ზოგიერთი ორსული ასეთ დროს მულტიორგასტულიც ხდება. სტატისტიკის თანახმად, ბევრი ქალი პირველად ორგაზმს მხოლოდ ამ პერიოდში აღწევს. რაც შეეხება მამაკაცებს, ზოგი მათგანი გამოთქვამს ეჭვს, ხომ არ არის სქესობრივი კავშირი სახიფათო ნაყოფისათვის. ირიან ისეთებიც, რომლებსაც ამ დროს "მოწმის", ანუ ნაყოფის დასწრება ეხამუშებათ.

უნდა ითქვას, რომ არც ისე ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ დაწესდეს შეზღუდვები სქესობრივ ცხოვრებაზე ორსულობის მიმდინარე ეტაპზე. თუ არსებობს რაიმე მიზეზი, ექიმისაგან უკვე გეცოდინებოდათ. ყოველი შემთხვევისთვის, ეჭვის არსებობისას აუცილებლად მიაკითხეთ სპეციალისტს. .

ყველა დანარჩენ შემთხვევაში "ყოფნა არყოფნის" დილემის პასუხი სწორედ რომ "ყოფნაა!". ნაყოფი საიმედოდაა დაცული გარსებით და მას ასე ადვილად ვერაფერს დაუშავებთ. და ბოლოს, რა თქმა უნდა რთული გასაგებია თუ როგორია ნაყოფის შეგრძნებები მშობელთა სქესობრივი კავშირის დროს, მაგრამ იმედია ის "სწორად" აღიქვამს ყველაფერს. ეს ხომ ჰარმონიული ბუნებრივი აქტია, რომლისგანაც წარმოიშვება სიცოცხლე და, შესაბამისად, ამაში არაფერია სასირცხო.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფი იზრდება და ემზადება საშვილოსნოს გარეთ სიცოცხლისათვის. არის შენაძენიც - მას გაუჩნდა წარბები.
ნაყოფის წონა 420 გრამია, სიგრძე 27,5 სანტიმეტრი.
ორსულობის ოცდამესამე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამესამე კვირა

ქალი:

გინეკოლოგთან ვიზიტი. ექიმი თითებით ახდენს თქვენი მუცლის პალპაციას, რათა დადგინდეს პოზიცია ანუ ნაყოფის მდებარეობა მუცლის ღრუში. ასევე დგინდება საშვილოსნოს ფუძის დგომის სიმაღლე.

როგორც ადრე ითქვა, საშვილოსნოს ფუძე არის მისი ყველაზე უფრო მაღლა მდებარე ნაწილი. გაზომვის შედეგად გაირკვევა ნაყოფის ზრდის ტემპი და არის თუ არა რაიმე სერიოზული გადახრა. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მცირე სახის გადახრა დასაშვებია.

თუ არსებობს პრობლემა, გინეკოლოგი აუცილებლად გეტყვით. ყოველი შემთხვევსთვის დაუსვით მას ეს შეკითხვა.

ამ დროისთვის თქვენ უკვე იგრძნობთ ე. წ. ბრექსტონ–ჰიგსის შეკუმშვებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მუცელზე ხელის დადებით შეიგრძნობთ კუნთის შეკუმშვებს, რომელსაც აქამდე არ გრძნობდით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი საშვილოსნოს კუნთები "ძალებს სცდიან".

ქალის ცხოვრებაში საშვილოსნო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ იგი ხშირად "ჩრდილში" რჩება. ორსულობა კი ხანდახან ის ერთადერთი მომენტია, როდესაც საშვილოსნო იქცევს ყურადღებას.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფის ფრჩხილები უკვე მთლიანად ფორმირებულია. თმა უფრო მუქი ხდება. ნაწლავებში პირველი განავალი ჩნდება (მეკონიუმი)

წონა დაახლოებით 510 გრამს შეადგენს.
ორსულობის ოცდამეოთხე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეოთხე კვირა

ქალი:

თქვენი საშვილოსნოს ფუძე უკვე ჭიპზე ოდნავ მაღლაა. ახლა დროა გავეცნოთ ნაადრევი მშობიარობის ნიშნებს (ფუი ეშმაკს და ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ), რათა მოულოდნელობისათვის მზად ვიყოთ.

ნაადრევი მშობიარობა უფრო ხშირია ზაფხულის თვეებში, რაც აიხსნება სიცხეში ორგანიზმის მიერ სითხის დაკარგვით. ამიტომ განაგრძეთ სითხის მიღების ოპტიმალური რეჟიმი, მითუმეტეს თუ ახლა ზაფხულია და თქვენ ორსულობის მეორე ტრიმესტრს ამთავრებთ.

ნაადრევი მშობიარობის ნიშნები:

-საშვილოსნოს შეკუმშვები საათში 5–ჯერ და მეტჯერ,

- ალისფერი სისხლიანი გამონადენი,

- სახის და ხელების შესიება ან შეშუპება (პრეეკლამპსიის ნიშანია),

- ტკივილი შარდვის დროს,

- მწვავე და ხანგრძლივი ტკივილი მუცლის არეში (ესეც პრეეკლამპსიის ნიშანია),

- ძლიერი ღებინება (პრეეკლამპსიის კიდევ ერთი ნიშანი),

- სასქესო ორგანოდან სითხის მოულოგნელი დენა,

- მონოტონური ყრუ ტკივილები წელის არეში,

- მენჯის ქვედა არეში ძლიერი ზეწოლის შეგრძნება.

ამ ნიშნების გამოვლენისთანავე (სხვადასხვა ფორმით) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მომავალი ბავშვი:

24-ე კვირას ნაყოფი განაგრძობს წაბლისფერი ცხიმოვანი ქსოვილს კანქვეშ დაგროვებას, რომელსაც მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. მისი წვის პროცესში ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოყოფა სითბო და ადენოზინტრიფოსფატი (ნივთიერება, რომელიც ენერგიით უზრუნველყოფს ყველა სასიცოცხლო პროცესს).

ახალშობილებს, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებს, ძალიან უჭირთ მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება. ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ. ამ ვადაზე დაბადებულ ბავშვს პრაქტიკულად არ აქვს გადარჩენის შანსი. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ნაყოფის გადარჩენა ხერხდება, ექიმები ათავსებენ მას სპეციალურ თბილ ინკუბატორში 13–14 კვირის განმავლობაში. აი, რატომ აგროვებს თქვენი პატარა ასე აქტიურად წაბლისფერ ცხიმს.

ნაყოფი უკვე 600 გრამია, ხოლო მისი სიგრძე 30 სანტიმეტრს შეადგენს.
ორსულობის ოცდამეხუთე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეხუთე კვირა

ქალი:

თქვენი საერთო მდგომარეობა ამ კვირაში კვლავაც კარგი უნდა იყოს. სულ მალე მოგიწევთ საკუთარი მეანი-გინეკოლოგის შერჩევა. დროა, აგრეთვე, იფიქროთ თუ სად განთავსდება ბავშვი. მშობელთა უმეტესობა პირველ თვეებს ბავშვთან ერთ ოთახში ყოფნას ამჯობინებს. ეს ამარტივებს ღამით კვებას, პამპერსების გამოცვლას, დედა ნაკლებად ღელავს შვილზე და ა.შ. თუ ცალკე გაქვთ ბავშვის ოთახი თქვენი საძინებლის გვერდით (ჩვენ დროში ეს არცაა გასაკვირი) და გადაწყვიტეთ, რომ პატარა მუდმივად იქ იყოს, მაშინ შეიძინეთ და დაამონტაჟეთ სპეციალური მონიტორი მუდმივი დაკვირვებისათვის. უნდა გქონდეთ, ასევე, ტაიმერი კვების დრო რომ არ გამოგეპაროთ და ა.შ. ამ ვარიანტს თავისი უპირატესობა აქვს – ბავშვი თავიდანვე ეჩვევა მარტო ძილს და აღარ "ატერორებს" მშობლებს. გარდა ამისა, მარტივდება ცოლქმრული სქესობრივი ურთიერთობის პრობლემაც (ზოგიერთები ერიდებიან სექს ჩვილის თანდასწრებით).

მაგრამ, ეს სიტუაცია საქართველოსათვის ტიპური არ არის, ამიტომ მასზე მეტს არ შევჩერდებით. მითუმეტეს, რომ ცხოვრებას განუწყვეტლივ შეაქვს თავისი კორექტივები. ასე, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიარეთ კონსულტაცია ექიმ- ნეონატოლოგთან.

მომავალი ბავშვი:

პატარა კი იზრდება და იზრდება, მისი წონა უკვე 700 გრამია, ინტენსიურად მაგრდება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატი.
ორსულობის ოცდამეხუთე კვირას ასე გამოიყურება ნაყოფი სონოგრამაზე. თუ თქვენ ამაში ვერ ერკვევით, არ იდარდოთ. ამისათვის სპეციალისტები არსებობენ, რომლებიც გაგარკვევენ ამ საკითხში.
ორსულობის ოცდამეექვსე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეექვსე კვირა

ქალი:

თქვენი მონოპოლია დასრულდა! ახლა ნაყოფის მოძრაობას ოჯახის წევრებიც შეიგრძნობენ. პირველად აუცილებლად მამა გაახარეთ (თუ ასეთი შესაძლებლობა მისთვის აქამდე არ მიგიციათ).

ახალი სირთულე – ძილისა და დასვენებისათვის სასურველი პოზის შერჩევა. სულ მარცხენა (უფრო სასარგებლოა) ან მარჯვენაზე გვერდზე ხომ არ იქნებით!

ამასთან საჭიროა დაიტოვოთ სააბაზანოსთან და მაცივართან მისვლის საშუალება, როცა ოჯახის სხვა წევრებს სძინავთ, ისე რომ მათ არ გაეღვიძოთ.

კარგია ორსულთათვის სპეციალური მატრასების გამოყენება, თუმცა, სამწუხაროდ, გაყიდვაში იგი პრაქტიკულად არ არის.

ამიტომ, სჯობს ისევ ბალიშებით შექმნათ სასურველი კონსტრუქცია. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ისინი დიდ ადგილს იკავებენ საწოლში!

მომავალი ბავშვი:

თქვენ პატარას ახლა უკვე კარგად ესმის ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება. რაღაც დოზით ადრეც ესმოდა, მაგრამ ახლა ბევრად მაღალი დონეა.

გაართეთ მემკვიდრე! ადრე მას ხომ მარტო თქვენი გულისცემა და ნაწლავების ბუყბუყის ხმა ესმოდა და კიდევ მტვერსასრუტის გუგუნი ან აბაზანაში წლის ჩხრიალი.

ახლა უკვე დროა ერთად მოუსმინოთ მოცარტსა და ვივალდის, ჩაიკოვსკის და შტრაუსს, თანამედროვე მუსიკაც არ დაგავიწყდეთ.

უნდა ითქვას, რომ ამის გაკეთება უფრო ადრეც შეიძლებოდა და ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენ ასეც მოიქეცით.

პატარა უკვე 800 გრამს იწონის. მისი სიგრძე - 32,5 სანტიმეტრია.

ასე გამოიყურება ნაყოფი 26-ე კვირას.
მეორე ტრიმესტრის დასასრული (27 კვირა)

ორსულობის ოცდამეშვიდე კვირა

ქალი:

ამ პერიოდის განმავლობაში წონაში სერიოზულად მოიმატებს. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ორსულობისას წონაში მომატება საშიში არ არის. იგი ასახავს ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჯანმრთელ ფიზიოლოგიურ პროცესებს

იზრდება სარძევე ჯირკვლების ზომა და მასა. თუ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ქალის ძუძუს მასა დაახლოებით 200 გრამია, ორსულის შემთხვევაში ის 780 გრამს აღწევს!

წონის ნამატის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ სანაყოფე წყლები და სისხლის გაზრდილი მოცულობა, რაზეც უკვე იყო საუბარი. არ უნდა დაივიწყოთ, აგრეთვე, პლაცენტაც. ირკვევა, რომ წონაში მატების შედეგად თქვენი ცხიმოვანი ქსოვილის მასა მხოლოდ უმნიშვნელო მატებას განიცდის. ორსულობისას კი ქალი საშუალოდ 11–13 კგ იმატებს.

გახსოვდეთ! ორსულობისას გასახდომი დიეტების დრო არ არის!

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზედმეტი წონა თუ გაწუხებთ, მის დასაკლებად არანაირ ზომებს არ მიმართოთ. ეს შეიძლება ნაყოფისათვის ძალიან მავნე აღმოჩნდეს!

მომავალი ბავშვი:

მუდმივად სითხეში ყოფნის გამო, ნაყოფის კანი ძალზე დანაოჭებულია. ნაოჭი მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე გაქრება.

ახლა პატარას წონა 900 გრამზე ოდნავ მეტია.
ორსულობის ოცდამერვე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამერვე კვირა

ქალი:

ახლა თქვენ მეან-გინეკოლოგთან ხშირი სტუმრობა მოგიწევთ. უკვე დროა მასთან მშობიარობის დეტალებზე ისაუბროთ. სასარგებლოა ისეთ საკითხებში გარკვევა, როგორიცაა მშობიარობის გაუტკივარება, ეპიზიოტომია, სამშობიარო მოქმედების სტიმულაცია.
მშობიარობისას ამ სიტუაციებში შესაძლოა რეალურად აღმოჩნდეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი დანიშნულების ცოდნა - თუ როგორ კეთდება და რა დადებითი თუ უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ თქვენს ორგანიზმზე და ნაყოფზე.

შესაძლოა, სარძევე ჯირკვლებმა უკვე დაიწყეს ხსენის სეკრეცია (Colostrum). თუ ეს არ ხდება, ნუ შეეცდებით ნეგატიური პროგნოზის გაკეთებას (მაგალითად, თითქოს მომავალში გართულებული იქნება ბავშვის ძუძუთი კვება).
ვისაც რეზუს–კონფლიქტის პრობლემა აქვს, ორსულობის ამ ეტაპზე დასჭირდებათ სპეციალური პრეპარატების (Rhogam ტიპის) მიღება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ შემცირდეს კონფლიქტი ნაყოფსა და დედის ორგანიზმებს შორის. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეზუს–უარყოფითი ხართ, ხოლო მეუღლე არის რეზუს–დადებითი.

მომავალი ბავშვი:


თქვენს ბაიას უკვე წამწამები აქვს!

თუ ბიჭი გყავთ, ამ კვირაში ხდება სათესლე ჯირკვლების განლაგება სათესლე პარკში (აქამდე ისინი მუცლის ღრუში იყვნენ მოთავსებულნი).

ნაყოფის წონა კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე -35 სმ.
ამ კვირაში ნაადრევად დაბადებულ ბავშვის უკვე საკმაოდ დიდი შანსები აქვს გადარჩენისათვის, რა თტქმა უნდა თუ გამოვიყენებთ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს.
ორსულობის ოცდამეცხრე კვირის დასასრული

მესამე ტრიმესტრი

ორსულობის ოცდამეცხრე კვირა.

ქალი:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესამე ტრიმესტრში!
ნაყოფის ზრდასთან ერთად ძლიერდება დისკომფორტი. ეს ბუნებრივია, რადგან თქვენი შინაგანი ორგანოები ძალზე ვიწროდ არიან საშვოლოსნოს გვერდით.
ამ პერიოდში უსიამოვნო შეგრძნებების აღსაკვეთად შეარჩიეთ სწორი პოზა, შესაბამისი კვება (ნაკლებად მიიღეთ პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ გაზების წარმოქმნას), განაგრძეთ ფიზიკური ვარჯიშები და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დასვენებას.
მიუხედავად მიღებული ზომებისა, სუნთქვის შეკვება, სიმძიმე და უსიამოვნო შეგრძნებები წელის არეში და ფეხებში მაინც დარჩება, ასე რომ გამაგრდით!

მომავალი ბავშვი:

ნაყოფი ემზადება დაბადებისა და ცხოვრებისათვის. მან უკვე ისწავლა საკუთარი ტემპერატურის მეტნაკლებად რეგულირება. ძვლის ტვინმა თავის თავზე აიღო სისხლის წარმოქმნა. თქვენი შვილი ყოველდღიურად სანაყოფე წყლებში უკვე ნახევარ ლიტრამდე შარდს გამოყოფს.
ნაყოფის მოძრობას უკვე სხვაგვარი ხასიათი აქვს. აქამდე არსებულ მსუბუქ მუჯლუგუნებს, ცვლიან "წიხლები" იდაყვებითა და მუხლებით. ეს კანონზომიერია, რადგან ნაყოფი საკმაოდ დიდია და საშვილოსნოში ვიწროდ გრძნობს თავს.
შეეცადეთ თავად აკონტროლოთ მომავალი ბავშვის მდგომარეობა.
ნაყოფის მასა დაახლოებით 1150 გრამს შეადგენს.
კეთილი იყოს თქვენი მესამე ტრიმესტრში მობრძანება.!
ორსულობის ოცდამეათე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეათე კვირა

ქალი:

დისკომფორტის შესამსუბუქებლად კვლავინდებურად აქტუალურია პოზის სწორი შერჩევა. ამ პერიოდში სიმძიმის ცენტრი განაგრძობს გადანაცვლებას, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ პოზას დგომისას და სიარულის დროს.
იმისათვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშები. ისინი მოგამზადებენ მშობიარობისათვის. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ორსულობამდე არ გამოირჩეოდით ქტიური ცხოვრების წესით.

ოპტიმალური იქნება ფეხით სეირნობა ან ცურვა (ოღონდ ახლო დისტანციებზე და წყნარ ტემპში). სასარგებლოა სხვადასხვა სახის აჭიმვა.
ყველაფერი ეს ამცირებს დისკომფორტის არასასიამოვნო შეგრძნებებს.

მომავალი ბავშვი:

ახლა ასე გამოიყურება ნაყოფი
პატარას უკვე აქვს საკმაოდ მკაფიო წარმოდგენა მის ირგვლივ არსებულ გარემოზე. ჩვენ შევეჩვიეთ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს საშვილოსნო აბსოლუტურად ბნელი ადგილია, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. საშვილოსნოში განათებულობა ძლიერ არის დამოკიდებული იმ გარემოზე, სადაც ორსული იმყოფება. ასე რომ, თქვენმა პატარამ უკვე იცის სად არის სიბნელე და სად სინათლე.
ორსულობის ოცდამეთერთმეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეთერთმეტე კვირა

ქალი:

ამ კვირის განმავლობაში თქვენი მუცელი ზრდას განაგრძობს. აღინიშნება უსიამოვნო შეგრძნებები მკერდის და მენჯის არეში. ეს ბუნებრივია, რადგან მზარდ ნაყოფს სულ უფრო და უფრო მეტი სივრცე სჭირდება.
ზოგს სწორედ ახლა ეწყება მუდმივი გულძმარვა, რომელიც ადრე ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. ამის მიზეზია შინაგანი ორგანოების მიერ ადგილის ცვლა, რის გამოც კუჭს მუშაობისთვის პრობლემები ექმნება. შეეცადეთ საჭმელი ცოტა რაოდენობით მიიღოთ , მაგრამ ხშირად. ნახევრადმჯდომარე პოზა ჭამის შემდეგ ასევე დაგეხმარებათ გულძმარვის დამარცხებაში.
ორსულები ხშირად უჩივიან წელის ტკივილს. ეს შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვლინდეს, ხოლო ზოგიერთ ქალს მშობიარობის შემდეგაც აწუხებს რამდენიმე თვის მანძილზე. ტკივილის შესუსტება შესაძლებელია ვარჯიშების მეშვეობით. გარდა ამისა, მეუღლეს შეახსენეთ, რომ თქვენი ზურგის ყოველდღიური მასაჟი არის მისი პირდაპირი მოვალეობა.
31-ე კვირა ის პერიოდია, როცა ორსული ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონს – რელაქსინს. ეს ნივთიერება იწვევს ძვლების შეერთების შესუსტებას, რაც მენჯს უფრო "ჭიმვადს" ხდის. სხვათა შორის, ახალშობილს ლაპარაკი რომ შეეძლოს, დაბადებისთანავე აუცილებლად "მადლობას" გადაგიხდიდათ ამისთვის, რადგან ეს პროცესი მისთვის ნაკლებად ტრავმული ხდება. თქვენთვის კი რელაქსინის მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ მორიგი დისკომფორტია.
ახლა თქვენი სიარული იხვის ბაჯბაჯს ემსგავსება, რომელიც მშობიარობის შემდეგ გაივლის.
ორსულობის ამ ფაზას ბევრი ქალი განსაკუთრებული გართულების გარეშე გადის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი სხეული მშობიარობისათვის არ ემზადება, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილი უსიამოვნო შეგრძნება დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის ორგანიზმის თავისებურებაზე. მაგალითად, ტკივილისადმი მგრძნობელობაზე, ფიზიკურ ამტანობაზე და ა. შ. თუ თქვენ ამ კატეგორიის ქალთა რიცხვს მიეკუთვნებით, ისღა დაგვრჩენია, რომ მოგილოცოთ.

მომავალი ბავშვი:

თუ ფიქრობთ, რომ ქოშინი სეირნობისას ან თუნდაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში შეიძლება მავნე აღმოჩნდეს ნაყოფისათვის, არასწორია. პლაცენტა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ პატარას ეს არ შეეხოს.
ამ დროისათვის ნაყოფის თვალის გუგები სინათლეზე ისევე რეაგირებენ, როგორც ზრდასრული ადამიანის. კანი მოვარდისფრო ფერს იძენს, აქამდე იგი უფრო მოწითალო იყო. ფრჩხილებმა უკვე თითქმის თითის ბოლომდე მიაღწიეს.
ნაყოფი დაახლოებით 1,5 კილოგრამს იწონის.
ორსულობის ოცდამეთორმეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეთორმეტე კვირა

ქალ:ი

საშვილოსნოს შეკუმშვები (ბრეკსტონ–ჰიკსი, გახსოვთ?) შეიძლება უფრო გახშირდეს. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი ორსული უკვე სერიოზულად იწყებს ფიქრს მშობიარობათან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლებიც შეეხებიან როგორც მას და მომავალ შვილს, ასევე მთელ ოჯახს. მაგალითად, როგორ მოხდება გადაყვანა სამშობიაროში, რა უნდა წაიღოს თან, ვინ გაყვება მას და ყველაზე მთავარი (განსაკუთრებით ვინც პირველად აჩენს შვილს) - რამდენად მტკივნეულია მშობიარობის პროცესი.
სამშობიაროში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას მოგცემთ თქვენი მეან- გინეკოლოგი. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა, ჩვეულებრივი ავტომობილითაც შეიძლება ან "სასწრაფო დახმარების ავტომანქანით". გართულების შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია შეიძლება მშობიარობამდე ორი კვირით ადრეც კი გახდეს აუცილებელი. ამის საჭიროებას ექიმი დაადგენს.
ახლა რაც შეეხება მშობიარე ქალის "სამგზავრო ჩანთას". აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა და სამედიცინო დოკუმენტები. პირადი ნივთების წაღება (ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი, წამლები და ა. შ.) დამოკიდებულია სამშობიაროზე, რომელსაც ირჩევთ. ამიტომ, წინასწარ გაეცანით მის პირობებს.
რამდენად მტკივნეულია ქალისთვის მშობიარობის პროცესი? ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სტატისტიკა ასეთია – ქალთა 10% ამბობს, რომ ტკივილი საერთოდ არ ჰქონდა, 10% -ის თქმით კი გაუსაძლისი ტკივილების გადატანა მოუხდა, ხოლო 80%–ის შეგრძნება ამ ორ უკიდურეს აზრს შორის თავსდება.
ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორსული ქალისთვის ფსიქოლოგიური მომზადება. იმედია, თქვენ გათვითცნობიერებული ხართ ყველა საჭირო საკითხში, რაც მშობიარობის წარმატებით ჩატარებას ხელს უწყობს.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფი იზრდება. მისი სახიდან ნაოჭების უმეტესობა ქრება. თავზე საკმაო რაოდენობის თმა აქვს. იწონის 1700 გრამს, სიგრძე - 40 სმ.
ორსულობის ოცდამეცამეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეცამეტე კვირა

ქალი:

ნაყოფი ახლა ნაკლებად მოძრაობს. სამაგიეროდ, თქვენ უკვე არჩევთ რით "გირტყამთ" თქვენი პატარა - მუხლებით თუ იდაყვებით. შესაძლოა საშვილოსნოს ღრუში ხანდახან იგრძნოთ სუსტი რიტმული რყევა. სავარაუდოა, რომ ამ დროს ნაყოფი ასლოკინებს.ეს არ არის სანერვიულო.
განაგრძეთ ინფორმაციის მიღება მშობიარობის პროცესზე, აგრეთვე მშობიარობის შემდგომ პერიოდზე და ახალშობილზე. რაც მეტს გაიგებთ ახლა, მით უკეთესია მომავლისთვის.

მომავალი ბავშვი:

ამ ეტაპზე ნაყოფის ორგანიზმში გამომუშავდა განსაკუთრებული ნივთიერება – სურფაქტანტი , რომელიც დაეხმარება ბავშვს დაბადების შემდეგ დამოუკიდებლად ისუნთქოს, რადგან შობის პროცესში ფილტვებს არ აძლევს დაშლის საშუალებას. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე კვირას დაბადებულ დღენაკლულ ბავშვებს გაცილებით ნაკლები სუნთქვითი პრობლემები აქვთ.
ნაყოფი ახლა 1 კგ და 900 გრ-ს იწონის.
ორსულობის ოცდამეთოთხმეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეთოთხმეტე კვირა

ქალი:

თქვენი სხეული განაგრძობს მშობიარობისათვის მზადებას.
მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ საშვილოსნოს შეკუმშვები განსხვავდებიან ადრინდელისაგან.
ახლა კი, მოდით გავარჩიოთ მშობიარობის ეტაპები. სულ არის 3 სტადია:
1. ყელის გახსნის სტადია
იგი იწყება საშვილოსნოს რეგულარული შეკუმშვებით, რომელსაც შეტევებს უწოდებენ. მათი ძალა და სიხშირე ნელ–ნელა მატულობს. ამ დროს ხდება საშვილოსნოს ყელის გახსნა. მისი კედლები ხდება უფრო თხელი, ხოლო პირი ფართოდ იხსნება.
საშვილოსნოს კუნთები ნელ–ნელა ფუძისკენ მიიწევენ, ახდენენ კუნთების მომზადებას ნაყოფის გარეთ "გამოსაძევებლად".
ბევრი ქალი ზუსტად ვერ ხვდება დაიწყო თუ არა მშობიარობა. ზოგი ცრუ განგაშს ტეხს პატარა შეკუმშვის გამო, ზოგს სამშობირო მოქმედების დაწყებისას დამახასიათებელი ტკივილები სურდოს ბრალი ჰგონია, ზოგსაც კი ძილის დაუძლეველი სურვილი უჩნდება.
ეჭვების გაფანტვის მიზნით, შეტევების დაწყებისას გაზომეთ მათი ხანგრძლივობა და ინტერვალები მათ შორის. თუ ინტერვალი მცირდება და ხანგრძლივობა მატულობს, ე.ი. სამშობიარო მოქმედება დაიწყო. სხვა ნიშნებზე ცოტა ქვემოთ გვექნება საუბარი.
მაშ ასე, შეტევები გაძლიერდება და გახშირდება. ეს არის პირველი ფაზის აქტიური სტადია. ამის შემდეგ მოდის ხანმოკლე გარდამავალი პერიოდი. იგი ყველაზე მძიმეა. შეტევები ხდება ზედიზედ, მაგრამ მათი ძალა აღარ მატულობს. ამ დროს ყელი ბოლომდე იხსნება.
აი, სადღაც აქტიურ ფაზასა და გარდამავალ პერიოდს შორის არის სასურველი თქვენი სამშობიაროში გადაყვანა.
2. გამოძევების ფაზა
ქალთა უმეტესობას ეს ფაზა ყველაზე უფრო მოსწონს. ამ დროს ყელი ბოლომდე გახსნილია და საშვილოსნოს ფუძის კუნთოვანი "ბაქანი" ნაყოფის გამოძევებას ცდილობს. ამ დროს თქვენ იწყებთ ჭინთვებს. ეს არის მუცლის პრესის და მენჯის კუნთების შეკუმშვა, რომელიც ეხმარება საშვილოსნოს ნაყოფის გამოძევებაში. ამ დროს ქალი გრძნობს რომ სწორედ ის არის მთავარი მოქმედი პირი მშობიარობის პროცესში.
თუ გაუტკივარება არ არის გაკეთებული, მაშინ კარგად შეიგრძნობთ ჭინთვის ძალას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შეგრძნება შეიძლება არც გქონდეთ, მაგრამ არ ინერვიულოთ. მეანი გეტყვით თუ როდის უნდა დაიწყოთ ჭინთვა.
ეს სტადია სრულდება ბავშვის დაბადებით.
3. მომყოლის სტადია.
მშობიარობიდან ცოტა ხანში ისევ გექნებათ ჭინთვის სურვილი – ეს არის მომყოლის დაბადება (პლაცენტა და ნაყოფის გარსები).
ამერიკელი მშობიარე ქალები ამ დროს იმდენად არიან გართულნი ახალშობილით (რომელიც მათ მუცელზე წევს), რომ ხანდახან ამ სტადიის შესახებ საერთოდ ავიწყდებათ. უნდა ითქვას, რომ დედისა და ჩვილის სხეულების კონტაქტს დიდი დადებითი ეფექტი აქვს.

მომავალი ბავშვი:

34-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი განაგრძობს ზრდას. მისი წონა 2 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 42,5 სანტიმეტრს შეადგენს. პლაცენტას ჰორმონები იწყებენ სარძევე ჯირკვლებში რძის გამომუშავებას. ნაყოფის მიერ გამოყოფილი შარდის დღიური რაოდენობა უკვე თითქმის ნახევარი ლიტრია!
ორსულობის ოცდამეთხუთმეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეთხუთმეტე კვირა

ქალი:

ორსულობა გრძელდება. ამ ეტაპზე შეიძლება ძილი პრობლემა გექცეთ. ეს არ არის გასაკვირი, რადგან საპირფარეშოში ხშირი სიარული (ყოველ 45-60 წთ.) ძილისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ არაფერი ვთქვათ ზურგის არეში არსებულ ტკივილებზე. არსებობს აზრი, რომ თითქოს ამით "ბუნება გამზადებთ მომავალი უძილო ღამეებისათვის". უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ქალის მიერ მომავალ მშობიარობაზე წუხილითაც.

ყოველივე ამას რომ გაუმკლავდეთ, ოდნავ შეამცირეთ სითხის მიღება. დაწოლის წინ გააკეთეთ მენჯის ბრუნვითი მოძრაობები, დღისით კი ცოტ–ცოტა ისაქმიანეთ სახლში, მაგრამ ისე, რომ ძლიერ არ გადაიღალოთ. ეს ძილის პრობლემას ნაწილობრივ მოაწესრიგებს.

შეივსეთ თქვენი ცოდნა ისეთ საკითხეთან დაკავშირებით, როგორიცაა:
- მშობიარობის ინდუქცია,
- ეპიდურალური ანესთეზია,
- ეპიზიოტომია,
- სამშობიარო მაშები,
- საკეისრო კვეთა.

მომავალი ბავშვი:

ნაყოფი უკვე 2 კგ და 200 გრამს იწონის, სიგრძე - 45 სანტიმეტრია. დღეიდან საშუალო მატება კვირაში 220 გრ იქნება. ყველა ორგანო უკვე დიდი ხანია რაც ჩამოყალიბდა. ახლა მიმდინარეობს ცალკეული სისტემების დახვეწა (ნერვული, შარდ-სასქესო და სხვ.)
ასე გამოიყურება ნაყოფი მიმდინარე ეტაპზე.
ორსულობის ოცდამეთექვსმეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეთექვსმეტე კვირა

ქალი:

დღეიდან თქვენი ექიმი კვირაში ერთხელ უნდა ინახულოთ.

ნაყოფი ამ დროისათვის საშვილოსნოში თავით ქვემოთ არის მიმართული, მაგრამ არის ისეთი შემხვევები (100-დან 4), როცა ნაყოფი მოთავსებულია მენჯით ქვემოთ. ამ მდებარეობაში ყოფნამ შეიძლება მშობიარობისას პრობლემები გაგიჩინოთ, თუმცა სულაც არ არის სავალდებულო. ხშირად მეანები აფრთხილებენ მომავალ დედებს, რომ შესაძლოა აუცილებელი გახდეს საკეისროს გაკეთებაც.

არსებობს ნაყოფის შემობრუნების რამდენიმე მეთოდი:

1. "დარწმუნება". ერთი შეხედვით ეს არამეცნიერული მეთოდია, მაგრამ მას ხშირად დადებითი ეფექტი აქვს. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სპეციალისტი, რომელიც ფლობს ამ ტექნიკას, ცდილობს "გონებაში" დაარწმუნოს პატარა შემობრუნების აუცილებლობაში, მოუწოდებს მას "გაჰყვეს" მისი ხელების მოძრაობას.

2. "ძალის დატანება". ამ მეთოდის არსი იმაში გამოიხატება, რომ ორსული ქალი დღეში რამდენიმე წუთს ატარებს გარკვეულ მდგომარეობაში - წევს ზურგზე და ფეხებით ეყრდნობა კედელს, წელს ქვემოთ დევს ბალიში. ეს მეთოდი უნდა შესრულდეს კვირაში ორჯერ ნახევარი თვის განმავლობაში. ნაყოფი, რომელიც ამ სიტუაციაში დისკომფორტს განიცდის, დამოუკიდებლად იწყებს შემობრუნებას 180 გრადუსით.

3. რეფლექსოთერაპია. ეს აღმოსავლური მედიცინის მეთოდია.

4. პირდაპირი სამეანო შემობრუნება. იგი მხოლოდ სტაციონარში ტარდება ექიმის მიერ, რომელიც ხელებით მანიპულირებს და ნაყოფს მიაღებინებს სასურველ მდგომარეობას. თუ რაიმე გართულებას ექნა ადგილი, ექიმი მზად უნდა იყოს საკეისროს დასაწყებად.

ზემოთჩამოთვლილი მეთოდების ეფექტურობა 50 % -ზე მეტი არ არის, მაგრამ არ იდარდოთ. ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იბადება ასეთ მდგომარეობაში (მენჯით წინ) ყოველგვარი გართულების გარეშე.

მომავალი ბავშვი:

თქვენი პატარა კვლავ იზრდება. იწონის დაახლოებით 2 კილოგრამსა და 400 გრამს. სიგრძე შეადგენს -45 სმ-ს.
ორსულობის ოცდამეჩვიდმეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეჩვიდმეტე კვირა

ქალი:

ახლა თქვენ ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ სამშობიარო მოქმედება რომ დაიწყოს, ექიმები არც კი შეეცდებიან მის შეჩერებას.

ეცადეთ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ იმ სამშობიარო სახლის შესახებ, სადაც მშობიარობას აპირებთ. დაადგინეთ არია თუ არა მეუღლის ან რომელიმე ნათესავის დასწრების საშუალება და სხვა საკითხი. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი ორიოდე სიტყვით ახალშობილის ბუნებრივი კვების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ქალების დიდი ნაწილი სწორად მიიჩნევს, რომ ვერანაირი ხელოვნური საკვები ვერ შეედრება ძუძუთი კვებას.
ეს არამარტო ბუნებრივი მოვლენაა, არამედ სასარგებლოცაა. ასეთი ბავშვები ნაკლებად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით, ალერგია მათთვის საშიში არ არის, მცირდება მძიმე ავადმყოფობების რისკი, აქვთ მაღალი ინტელექტი.
ძუძუთი კვებისას, დედას დადებითი ემოციური ფონი ექმნება, რაც კარგია მისი ჯანმრთელობისთვის. გამოკვლევების თანახმად, მცირდება ძუძუს კიბოს რისკი და სხვ.

დღეს ხელმისაწვდომია ბავშვთა კვების პრაქტიკულად ნებისმიერი პროდუქტი. ყველა მათგანი დამზადებულია მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით და ისეთ ბალანსირებულ ფორმულას შეიცავს, რომელიც მიახლოებულია დედის რძის შემადგენლობასთან. თუმცა, მის საფუძველს ძროხის ან სოიოს რძე წარმოადგენს.

უნდა ითქვას, რომ ძროხის რძე ბუნების მიერ შექმნილია ხბოსათვის და არა ახალშობილთათვის. უფროსი თაობის ადამიანები შესაძლოა ამაში არ დაგვეთანხმონ. მათი თქმით, ძროხის რძით ჩვილის კვება არასდროს იწვევდა ექიმების გაოცებას და ბავშვის ჯანმრთელობისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა.

რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროებში ადამიანის ცოდნა პერიოდულად იცვლება.
მოდით, განზე გადავდოთ კვების სხვადასხვა ფორმის ავკარგიანობის საკითხი და მთლიანად მივენდოთ დედა-ბუნებას, რომელმაც თქვენს ორგანიზმში შექმნა ბავშვის კვების იდეალური საშუალება - დედის ძუძუს რძე.

თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო ძუძუთი კვება არ შეიძლება, აუცილებელია ხელოვნურ კვებაზე გადასვლის საკითხს ძალზე სერიოზულად მიუდგეთ. ამ შემთხვევაში ყველაფერია გასათვალისწინებელი - ნარევის შემადგენლობა, მომზადების ტექნოლოგია, კვების ტექნიკა და ა.შ. ამიტომ საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა ექიმი- პედიატრი, ბავშვთა დიეტოლოგი).

მომავალი ბავშვი:

ამ ეტაპზე ნაყოფი სუნთქვაში ვარჯიშობს. ჩასუნთქვისას მის ფილტვებში ხვდება ამნიონური სითხე, რომელიც ამოსუნთქვისას უკან გამოდის. თქვენი პატარა პერიოდულად ასლოკინებს კიდეც.

შეეცადეთ დაიმახსოვროთ ნაყოფის თქვენს ორგანიზმში მოძრაობების შეგრძნება. გავა სულ ცოტა დრო და, გვერწმუნეთ, თქვენ ისინი ძალზე მოგენატრებათ.
ორსულობის ოცდამეთვრამეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეთვრამეტე კვირა

ქალი:

შესაძლოა გაგიჩნდეთ ისეთი შეგრძნება, თითქოს დენი გადის მუცლის ქვედა მხრიდან ფეხებისკენ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ნაყოფი ჩადის ქვემოთ მენჯისკენ და აწვება ნერვულ დაბოლოებებს.

ჩვენ საკმაო დრო დავუთმეთ მშობიარობის პროცესს. ახლა ვისაუბროთ კიდევ ერთ საკითხზე - მშობიარობისას ოჯახის წევრების სამშობიარო პალატაში ყოფნის საჭიროებაზე.

საზღვარგარეთ ეს საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა. მეუღლე ამ დროს თქვენს გვერდით იმყოფება, რაც მორალური მხარდაჭერის ტოლფასია. მარტო ის შეგრძნება, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს გვერდითაა, ძალზე სასიკეთოდ მოქმედებს... რომ არაფერი ვთქვათ იმ შემთხვევებზე, როცა მეუღლეები აქტიურად მონაწილეობენ მშობიარობის პროცესში. მაგალითად, ექიმის ან მედდის ხელმძღვანელობით აკეთებენ მასაჟს, ადებენ მშობიარეს სათბურას ან ყინულიან პაკეტებს, იყვანენ ბავშვს ხელში, ახდენენ ჭიპლარის გაკვანძვას და გადაჭრას. სხვათა შორის, ჭიპლარში არ არის ნერვული დაბოლოებები, ამიტომ ამ მომენტში მშობირე ქალი და ბავშვი ტკივილს ვერ გრძნობენ.

უცხოეთში მეულის დასწრება მშობიარობის პროცესზე განპირობებულია მისი სურვილით და მზადყოფნით. ზოგიერთ მამაკაცს არ ძალუძს შეინარჩუნოს სიმშვიდე ამ დიდებული და საიდუმლო მომენტის დროს. ამიტომ, თუ ვინმეს არ შეუძლია გამარჯვებისათვის ცოლთან ერთად ბოლომდე ბრძოლა, არ გაგიკვირდეთ. ასევე იცოდეთ, რომ თუ მეუღლის როლი მშობიარობისას მხოლოდ თქვენი ხელის დაჭერაში და სიტყვიერ გამხნევებაში გამოიხატება, ესეც უკვე დიდი საქმეა!

ცალკე საკითხია მშობიარობის პროცესზე ბავშვების დასწრება. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეს სასარგებლოა, თუ, რა თქმა უნდა, თუ ბავშვი არ გრძნობს დისკომფორტს. მას წინასწარი ფსიქოლოგიური მომზადება დასჭირდება.

ჩვენთან, ზემოთაღნიშნული საკითხები დამოკიდებულია კონკრეტული სამშობიარო ობიექტის მუშაობის თავისებურებაზე, მაგრამ, ნებისმიერ ვარიანტში, მეუღლის დასწრებისა და მისი ფუნქციის საკითხი, წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული ექიმთან. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენს მეუღლეს რეალურად წარმოუდგენია თუ რასთან ექნება შეხება და არ განიცდის ილუზიებს.

მომავალი ბავშვი:

პატარა უკვე ყოველდღიურად 28–30 გრამს იმატებს და ინტენსიურად ემზადება დაბადებისთვის. შერჩეული გაქვთ მისთვის სახელი? არა? მაშ, იჩქარეთ!
ორსულობის ოცდამეცხრამეტე კვირის დასასრული

ორსულობის ოცდამეცხრამეტე კვირა

ქალი:

ამ ეტაპზე თქვენ უკვე საკმაოდ ზუსტად შეგიძლიათ იგრძნოთ საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. მოდით ვისაუბროთ მშობიარობის მოახლოების ნიშნებზე.

თქვენი ნაყოფი სულ უფრო და უფრო ღრმად ჩადის მენჯში და შესაბამისად დაბლა იწევს საშვილოსნოს ფუძე. სუნთქვა იოლდება. თუ პირველად მშობიარობთ, იცოდეთ, რომ მშობიარობა ძალიან ახლოსაა. საშვილოსნოს ყელი რბილდება. ექიმები ხშირად ახდენენ ყელის პალპაციას, მაგრამ ყელის "მომწიფებით" ყოველთვის არ შეიძლება მშობიარობის დაწყების ვადაზე საუბარი.

წინა დღეებში შეიძლება შემდეგი ნიშნები გქონდეთ:
- სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოდან,
- სასქესო ორგანოდან ლორწოვანი "საცობის" გამოვარდნა,
- წონაში მცირე კლება,
- განავლის გათხელება,
- მადის მომატება,
- ჩნდება წყნარი, მოფარებული ადგილის ძებნის და იქ დასვენების სურვილი.

აღსანიშნავია, რომ ეს ნიშნები მთელი სიზუსტით მაინც ვერ განსაზღვრავენ მშობიარობის დაწყების მომენტს.

ცოტა კიდევ გაუძელით! მალე ყველაფერი დამთავრდება!

მომავალი ბავშვი:

ნაყოფის პირველი განავალი, ანუ მეკონიუმი (გახსოვთ?), ჩვეულებრივ ჩნდება დაბადებიდან პირველ დღე–ღამეში. ეს არის მუქი ფერის კუპრის მაგვარი ნივთიერება. ნაყოფთა დაახლოებით მესამედი მეკონიუმის გამოყოფას ახდენს მშობიარობის წინ პირდაპირ სანაყოფე წყლებში.
ხშირად ეს ხდება ჟანგბადის ნაკლებობის გამო, რომელსაც ნაყოფი განიცდის ორსულობის ბოლო პერიოდში. სანაყოფო წყლებთან ერთად მეკონიუმი შეიძლება მოხვდეს ნაყოფის ფილტვებშიც. არ ინერვიულოთ. ექიმები სამშობიაროში ჩაგიტარებენ სპეციალურ ღონისძიებას, რომელსაც ლავაჟი ჰქვია. ეს იმისათვის კეთდება, რომ გაიწმინდოს ბავშვის ბრონქები და შემცირდეს გართულებების რისკი.
მშობიარობის სავარაუდო თარიღი (40 კვირა)

ორსულობის მეორმოცე კვირა

ქალი:

ეს არის ბავშვის დაბადების კვირა!

თქვენი ორგანიზმი დიდი ხანია ემზადებოდა ამ მომენტისთვის და აი, ისიც დადგა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს თარიღი შესაძლოა არ აღმოჩნდეს ზუსტი. სინამდვილეში მხოლოდ ქალების 4% აჩენს ბავშვს ზუსტად გამოანგარიშებულ დროში. ორსულთა უმრავლესობას კი მშობიარობა ეწყება 1-2 კვირით ადრე ან გვიან . ბევრ შემთხვევაში ეს ნორმალური მოვლენაა.

გახსოვდეთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელი მეთოდით მოევლინა თქვენი შვილი ამ ქვეყანას და ნუ შეგრცხვებათ მშობიარობის მომენტში საკუთარი არაადეკვატური ქცევის გამო. ყველა შემთხვევაში, თქვენ კოლოსალური სამუშაო ჩაატარეთ, რომელიც გმირობის ტოლფასია.

ახალშობილი

დიდი ალბათობაა, რომ თქვენი შვილი იმ პატარათა 96%–ს მიეკუთვნება, რომლებიც თავით წინ იბადებიან. როგორც კი ნაყოფის თავი გამოდის ვულვიდან ( სამედიცინო ენაზე ქალის სასქესო ორგანო), ექიმი იწყებს ვაკუუმ–ასპირატორით ნაყოფის სასუნთქი გზებიდან ლორწოს მოცილებას. ეს აძლევს ბავშვს საშუალებას გააკეთოს მის ცხოვრებაში პირველი ჩასუნთქვა. ამ მომენტს თქვენ იმწამსვე გაიგებთ, როცა პატარა ხმამაღალ ყვირილს დაიწყებს და ამცნობს გარშემო მყოფთ ამქვეყნად მოვლინებას. ადამიანი დაიბადა!

ხანდახან ხდება ისე, რომ პირველი ყვირილი აგვიანებს. ამის მიზეზი ბევრია, თავად განსაჯეთ : ადამიანმა სულ ცოტა ხნის წინ დასძლია სერიოზული წინააღმდეგობები, დაკარგა 9 თვის განმავლობაში არსებული მისთვის ჩვეული კომფორტული მდგომარეობა. რა ელოდება ახლა მას? გარემოს ტემპერატურის სწრაფი ცვლილება. (საშვილოსნოში - დაახლოებით 38 გრადუსია ცელსიუსით, ხოლო სამშობიაროში - 24. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცივ წყალში გაგდებენ შიშველს ან გაიხსენეთ ის პირველი წუთები, როცა საბანაოდ შედიხართ ცივ მდინარეში ან ზღვაში. როგორია?!
გარდა ამისა, ამას ემატება განათების მკვეთრი ცვლილება. ეფექტი ისეთივეა, როგორც, ვთქვათ, საღამოს წყნარად ბანაობთ ზღვაში და უეცრად ვიღაცამ მძლავრი პროჟექტორი აანთო.

რა თქმა უნდა, ხმებიც სულ სხვაა. ის რაც ნაყოფს საშვილოსნოში ესმოდა, ძლიერ განსხვავდება სამშობიაროში არსებული ხმებისგან, რადგან ისინი მას უკვე მიეწოდება საჰაერო გზით და არა სანაყოფო წყლების მეშვეობით, როგორც ადრე. ამას ყველაფერს ემატება სტრესი, რომელიც აღინიშნება ჰორმონების გამოყოფით, კერძოდ, ადრენალინის. ეს შეგრძნება თქვენთვის ნაცნობი იქნება, თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიღაცამ იხუმრა, ბნელ სადარბაზოში უკნიდან მოგეპარათ და ყვირილით შეგაშინათ.
ასე რომ, პირველი ყვირილისა და ჩასუნთქვის დაგვიანება სავსებით გასაგები ვითარებაა. იოლ შემთხვევებში პატარა ყვირილს იწყებს ფეხის ტერფებზე მსუბუქი ჩქმეტის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში არ ინერვიულოთ - ექიმები იმიტომ არიან მშობიარობის დროს, რომ ბავშვის დაბადება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.
შემდეგ ხდება ჭიპლარის დამუშავება და გადაჭრა. ახალშობილს უჩვენებენ დედას, ყურადღებას ამახვილებენ მის სქესზე. პირველი ხუთი წუთის განმავლობაში ბავშვის მდგომარეობის შეფასება ქულებით ხდება (აპგარის სკალა). სულაც არ არის მათი დამახსოვრება აუცილებელი. შესაბამის სამედიცინო ბარათში ეს დაფიქსირდება. ხანდახან (თუ პირობები იძლევა ამის საშუალებას) დედას აძლევენ მის გულმკერდზე ბავშვის დაწოლის შესაძლებლობას.
ამის მერე ბავშვი განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც მიდის მისი აწონვა, გაზომვა, თვალების პროფილაქტიკა (სპეციალური წამლის ჩაწვეთება თვალის დაავადებებისაგან დასაცავად), ფიქსირდება მისი დაბადების დრო და თარიღი, მზადდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია.

მორჩა. შემდეგ უკვე იწყება ახალი ცხოვრება, აღსავსე თქვენ შვილზე სასიამოვნო ზრუნვის სიხარულით!

ბავშვის მიმდინარე ასაკი