ოფლიანობა ბავშვებში
ბავშვებში ღამის ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) მდგომარეობაა, როდესაც აღინიშნება ღამის განმავლობაში ჭარბი ოფლიანობა. ბავშვებში ეს ხშირად ჩვეული მოვლენაა და არ საჭიროებს ჩარევას. მიზეზი უმწიფარი თერმორეგულაციური სისტემა და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი საოფლე ჯირკვლებია, თუმცა არ უნდა გამოგვეპაროს ოფლიანობის გამომწვევი ისეთი პათოლოგიები, რომლებიც სათანადო მკურნალობას საჭიროებს.
ღამის ოფლიანობის მიზეზები
ძილის დროს გადახურება – რაც განპირობებულია ოთახში მაღალი ტემპერატურით (>20°С), ტენიანობით (არ უნდა აღემატებოდეს 40-70%-ს), ზედმეტად თბილი ტანსაცმლისა და გადასაფარებლის გამოყენებით. ეცადეთ ბავშვის თეთრეული იყოს ნატურალური ქსოვილის და კარგი ჰიგროსკოპიული თვისებების. გადახურება წარმოადგენს ახალშობილთა უეცარი სიკვდილის ერთ-ერთ რისკფაქტორს, ამიტომ ბავშვის ოთახში ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 16-21°C-ს ფარგლებში
აგზნებადობა – თერმორეგულაციური სისტემა პირდაპირ კავშირშია ნერვული სისტემასთან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბავშვის აგზნებადობა, მომატებული შფოთვა ან ძლიერი ემოციები შესაძლებელია გახდეს ოფლიანობის მიზეზი. განსაკუთრებით თუ პატარას რაიმე ნევროლოგიური დარღვევები აქვს. ასეთ შემთხვევებში ოფლიანობა განსკუთრებით გამოხატულია კისრისა და შუბლის მიდამოში. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე მიზეზით შეიძლება გამოწვეული იყოს სხეულის ტემპერატურის მატება რაიმე ხილული მიზეზის არარსებობისას. ძილის წინ თავი უნდა აარიდოთ ხმაურიან თამაშებსა და მკვეთრ შთაბეჭდილებებს.
ვირუსული დაავადებები – ღამის ოფლიანობა აღინიშნება ვირუსული დაავადების საწყის სტადიაზე და მწვავე რესპირატორული ინფექციების გადატანის შემდეგ შესაძლოა ერთი თვეც კი გაგრძელდეს.
რაქიტი – ზოგ შემთხვევაში ოფლიანობა რაქიტის ერთადერთი ნიშანია. ასეთ დროს გამოიყოფა წებოვანი და არასასიამოვნო სუნის მქონე ოფლი.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – განსაკუთრებით თუ ოფლიანობასთან ერთად აღინიშნება წონაში კლება, აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
სხვა შედარებით იშვიათი შესაძლო მიზეზები
გულის თანდაყოლილი პათოლოგიები, აპნოე ძილის დროს, ავტოიმუნური დაავადებები, ცერებრული დამბლა, ლიმფომა და სხვა. თუმცა ასეთ შემთხვევებში ოფლიანობასთან ერთად აღინიშნება სხვა სიმპტომებიც
აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია, თუ
- ოთახში სასურველი ტემპერატურაა, ბავშვს მსუბუქად აცვია და მაინც ოფლიანობს
- გადაჭარბებული ოფლიანობა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და ბავშვისათვის შემაწუხებელია
- აღინიშნება დამატებითი სიმპტომები (წონაში კლება, დიარეა, ცხელება და ა.შ), შეცვლილია ოფლის კონსისტენცია და ახასიათებს უჩვეულო სუნი
- დაწოლამდე ბავშვის კანი უკვე ტენიანია, რაც სავარაუდოდ პათოლოგიის არსებობაზე მიუთითებს.
©medgeo.net: წყაროები: 1. დათეშიძე ლალი,შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი,შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.