გულის უკმარისობა
გულის უკმარისობა არის უდიდესი და მზარდი პრობლემა მსოფლიოში. იგი კომპლექსური კლინიკური სინდრომია, რომელიც ვითარდება ისეთი ფუნქციური დარღვევის შედეგად, რომელიც იწვევს გულის კუმშვადობის ან ავსების უნარის დაქვეითებას.
გულის უკმარისობის კლინიკური სინდრომი შესაძლებელია განპირობებული იყოს პერიკარდიუმის, მიოკარდიუმის, ენდოკარდიუმის და მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. ძირითადად გულის უკმარისობის სიმპტომები დაკავშირებულია მარცხენა პარკუჭის ფუნქციური დარღვევასთან.
გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნებია:
- დისპნოე;
- ადვილად დაღლა;
- დატვირთვის უნარიანობის შეზღუდვა;
- სითხის შეკავება, რაც იწვევს შეგუბებას მცირე წრეში, ყოველივე ამცირებს პაციენტის ფუნქციურ შესაძლებლობას და აუარესებს სიცოცხლის ხარისხს.
არ არის აუცილებელი რომ სითხის შეკავება და დატვირთვის უნარიანობის შეზღუდვა გამოვლინდეს ერთდროულად, ზოგ პაციენტს აქვს დატვირთვის უნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება და ჰიპერვოლემიის მცირე გამოხატულება მაშინ, როდესაც ზოგჯერ თავდაპირველად ვლინდება შეშუპება და ნაკლებად დისპნოე და ადვილად დაღლა.
არსებობს გულის უკმარისობის ოთხი ფუნქციური კლასი:
I კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც არ იწვევს ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას. ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას არ ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.
II კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც იწვევს ფიზიკური აქტივობის მცირედ შეზღუდვას. ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.
III კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ფიზიკურ აქტივობას. მცირე ფიზიკური დატვირთვისასაც კი ვითარდება ადვილად დაღლა, გულის ფრიალის შეგრძნება, დისპნოე და ანგინური ტკივილი.
IV კლასი პაციენტს აქვს გულის პათოლოგია, სიმპტომურია მინიმალურ დატვირთვასა და მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
გულის უკმარისობა პროგრესირებადი პათოლოგიაა. მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია იწყება მიოკარდიუმის დაზიანებით ან სტრესით.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს აქვთ მოცირკულირე და ქსოვილოვანი ნორეპინეფრინის, ანგიოტენზინ II-ის, ალდოსტერონის, ენდოთელინის, ვაზოპრესინის და ციტოკინების მომატებული რაოდენობა, რომელებსაც შეუძლია იმოქმედონ გულის სტრუქტურასა და ფუნქციაზე. ეს ფაქტორები არა მარტო ზრდის ჰემოდინამიკურ სტრესს ნატრიუმის შეკავების და ვაზოკონსტრიქციის გზით, არამედ ახდენს პირდაპირ ტოქსიურ გავლენას გულის უჯრედებზე და ასტიმულირებს მიოკარდიუმის ფიბროზს, რაც შემდგომ კიდევ უფრო აუარესებს გულის მუშაობას.
გულის უკმარისობა ხშირად ვითარდება როგორც სხვა დაავადების გართულება და მას ახასიათებს გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორები:
- ჰიპერტენზია
- შაქრიანი დიაბეტი
- დისლიპიდემია
- სარქვლოვანი პათოლოგია
- კორონარული და პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგია
- მიოპათია
- რევმატიზმი
- მედიასტინუმის ცდომა
- ძილთან დაკავშირებული სუნთქვითი დარღვევები
- კარდიოტოქსიკური აგენტების გამოყენება
- ალკოჰოლის გამოყენება
- სიგარეტის მოწევა
- კოლაგენოზები
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
- ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია
- ფეოქრომოციტომა
- სიმსუქნე
გულის უკმარისობის მიზეზების დადგენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში იგი განკურნებადი ან შექცევადია.
გულის უკმარისობის დასადგენად გამოიყენება:
- ანამნეზის სრულად შეკრება;
- ფიზიკალური გამოკვლევა;
- ლაბორატორიული კვლევები — პაციენტის საწყისი კვლევა მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს, შარდის ანალიზს, შრატში ელექტროლიტების (ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის ჩათვლით), გლიკოლიზებული ჰემოგლობინის და ლიპიდური სპექტრის განსაზღვრას, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციურ ტესტებს;
- ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტის გამოსავალი, როგორც წესი, არაკეთილსაიმედოა თუკი არ მოხერხდა ძირითადი პათოლოგიის გამოსწორება. პაციენტების უმრავლესობაში იგი არ გამოიხატება პერმანენტული პროგრესირებით.
გულის უკმარისობის მკურნალობა ხდება საავადმყოფოში.