დაავადებები, ინფექციური დაავადებები

ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ადვილად გადამდებია (თითქმის 100%-ში). ის ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხვდება და ახასიათებს ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე და ლორწოვანზე.

ჩუტყვავილას გამომწვევია ვირუსი – Herpes Zoster, რომელიც მოზრდილებში სარტყლოვან სირსველს იწვევს.

ინფექცია გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, იგი ადვილად ვრცელდება ჰაერის ჭავლით, მაგრამ გარემოში არამდგრადია და სწრაფად იღუპება, ამიტომ ჩუტყვავილას გადადება მესამე პირის ან ნივთების საშუალებით შეუძლებელია, ინფექციის წყაროა მხოლოდ ჩუტყვავილით ავადმყოფი ბავშვი დაავადების პირველი დღიდან უკანასკნელი ქერქის ჩამოცლამდე.

ჩუტყვავილა ტოვებს მყარ იმუნიტეტს. თუმცა, Herpes Zoster-is  ვირუსი ხანგრძლივად ფიქსირდება მალთაშუა განგლიებში და რამოდენიმე წლის შემდეგ, რომელიმე არასპეციფიკური გამაღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად შესაძლოა განვითარდეს სარტყლოვანი სირსველი.

ორგანიზმში ჩუტყვავილას ვირუსის შეჭრის შემდეგ ვითარდება ვირუსემია (ვირუსი მრავლდება სისხლის ანუ ჰემატოგენური გზით), ფიქსირდება ეპიდერმისში (კანის ზედაპირული შრე) და იწყებს გამრავლებას, აზიანებს უჯრედებს, რის გამოც წარმოიშვება ლიმფის შემცველი ერთკამერიანი ბუშტუკები. თანდათანობით ხდება პროცესის უკუგანვითარება – იწყება ლიმფის შეწოვა და თხელი ქერქის წარმოქმნა, ამ ქერქის ადგილას რჩება ნაზი ნაწიბური, რომელიც მალე შეივსება და ქრება.

მძიმე შემთხვევებში ასეთი გამონაყარი ჩნდება შინაგან ორგანოებზეც: ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში და სხვ.

ჩუტყვავილას კლინიკური მიმდინარეობა საკმაოდ თავისებურია – ინკუბაციური პერიოდი 2-3 კვირას გრძელდება. დაავადება იწყება გამონაყარით, რომელსაც წინ უსწრებს ტემპერატურის მომატება, ზოდაგი დისკომფორტი. გამონაყარი პირველად თავის თმიან ნაწილში და სახეზე ჩნდება, შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, იშვიათად ლორწოვანზეც. გამონაყარი დასაწყისში ლაქოვან-კვანძოვანია, სწრაფად გადადის ბუშტუკოვან ფორმაში და 2-3 დღეში უჩნდება თხელი ქერქი.

ჩუტყვავილას დროს  გამონაყარი ტალღისებურად მიმდინარეობს, რის გამოც კანზე ერთდროილად გვხვდება გამონაყარის ყველა ელემენტი: კვანძი, ბუშტუკი და ქერქი. გამონაყარის ყოველ ახალ ტალღას წინ უძღვის ტემპერატურის მომატება. ჩუტყვავილას დროს ავადმყოფს აწუხებს ქავილი.

გამონაყარის და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით არსებობს ჩუტყვავილას სამი ფორმა:

  • მსუბუქი – რომლის დროსაც გამონაყარი იშვიათია, ლორწოვანი გარსები უცვლელია, ტემპერატურა ნორმალურია;
  • საშუალო სიმძიმის – ამ დროს გამონაყარი არც ისე ბევრია, ტემპერატურა იმატებს 37-37,5 გრადუსამდე;
  • მძიმე ფორმა – ამ დროს გამონაყარი უხვია და ფარავს მთელ სხეულს, ვითარდება ლორწოვანზეც. შესაძლოა განვითარდეს წვრილ კეროვანი ხასიათის პნევმონია (ფილტვების ანთება), ნახველი ზოგჯერ სისხლნარევია, ბუშტუკებშიც აღინიშნება სისხლიანი შიგთავსი. საერთო მდგომარეობა მძიმეა, სხეულის ტემპერატურა მაღალია, გამონაყარი ჩირქოვანია და ტოვებს უხეშ ნაწიბურს.

ჩუტყვავილას დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნების საფუძველზე:

მკურნალობის ტაქტიკას საზღვრავს ექიმი ავადმყოფის საერთო მდგომარეობის და გართულებების გათვალისწინებით. მკურნალობა ძირითადად ტარდება ბინაზე, ხოლო, ჰოსპიტალიზაცია ხდება გართულებულ შემთხვევებში.

დიდი მნიშვნელობა აქვს ჩუტყვავილას პროფილაქტიკას – ავადმყოფის იზოლირება უნდა მოხდეს დაავადების პირველ 9 დღეს. ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი 7 წლამდე ასაკის ბავშვები არ დაიშვებიან ხალხმრავალ ადგილებში კონტაქტიდან მე-11 დღიდან 21 დღემდე.

საავადმყოფოს პირობებში კარანტინი ვრცელდება ნებისმიერი ასაკის ბავშვზე.