სასარგებლო რჩევები, სიახლეები

შვებულებაზე უარს ნუ იტყვით

შვებულებაშეუძლებელია, ადამიანმა გამუდმებით დატვირთულ რეჟიმში იმუშაოს და ცოტა ხნით მაინც არ დაისვენოს. სწორედ ამისთვის არსებობს შვებულება.

ცოტა ხნის წინ შვებულების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვედგინა, თანამედროვე სამყაროს გიჟურ რიტმში კი, სადაც მუშაობის თითოეული წუთი ფულია, ყველაფერი შეიცვალა. სამწუხაროდ, შეიცვალა დასვენების კულტურაც.

საკუთარი თავისგან რაც შეიძლება მეტის გამოწურვის მეთოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრდა, ეს “მუშაობის სენი” კი ამერიკიდან განვითარებად ქვეყნებში გავრცელდა, თუმცა ამას ვერ ვიტყვით საკმაოდ განვითარებულ ევროპელებზე. მათ დასვენება კარგად იციან და ამიტომ შვებულებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მაგალითად, შვეიცარიელები წელიწადში 32 სამუშაო დღეს მაინც ისვენებენ, დანიელები, ფრანგები და ავსტრიელები – 30-ს, იაპონელების განკარგულებაშია 27 დღე, ამერიკაში კი საშუალო სტატისტიკური შვებულება 10-12 სამუშაო დღეს არ აღემატება.

ამ შემთხვევაში არც დამსაქმებელია დამნაშავე და არც კომპანია. ადამიანთა უმეტესობა თვითონ ამბობს უარს დასვენებაზე, რადგან მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურია. ზოგს სამსახურის დაკარგვის შიში ამოძრავებს, ზოგს – დამატებითი გასამრჯელოს შოვნის ინსტინქტი, მაგრამ უმეტესობას ეს უბრალოდ ჩვევად ექცა. ასეთი ადამიანების წარმოდგენით, მათი არყოფნისას სამსახურში ყველაფერი გაფუჭდება და სრული ქაოსი დაისადგურებს. თუმცა, როგორც ცნობილია, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ (ერთეულების გარდა).

მედიკოსებისა და ფსიქოლოგების აზრით, ადამიანი ბევრს უძლებს, მაგრამ მისი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. დღეს თუ ორგანიზმი გიჟურ ტემპს ეგუება, ხვალ შესაძლოა გადაიწვას და ჯანმრთელობამ ყველაზე შეუფერებელ დროს უმტყუნოს. ამიტომ ნუ გაექცევით შვებულებას. დაივიწყეთ სამსახური და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, დაივიწყეთ, რომ იქ საქმე დაგრჩათ დასამთავრებელი. უკან მოიტოვეთ ყველაფერი, რაც თქვენს საქმიანობას უკავშირდება და სხვა გარემოსა და ურთიერთობებზე გადაერთეთ.

სპეციალისტთა აზრით, ორგანიზმს სრულფასოვანი დასვენებისთვის სამი კვირა მაინც სჭირდება. გარდა ამისა, დასვენების საიდუმლო საქმიანობის შეცვლაშია. არ დაივიწყოთ ბუნებასთან სიახლოვეც. ეს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.