სასარგებლო რჩევები

რით არის სასარგებლო ბრმა ნაწლავი

ბრმა ნაწლავიაპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება) მუცლის ღრუს დაავადებებს შორის პირველ ადგილს იჭერს. იგი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, სიცოცხლის მეორე და მესამე ათწლეულში, თუმცა შეიძლება ყველა ასაკში შეგვხვდეს.

აპენდიქსი – სწორი ნაწლავის ჭიისმაგვარი ნარჩენია, რომელსაც ხალხი ბრმა ნაწლავს უწოდებს. ის კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნაწილად ითვლება, თუმცა საჭმლის მონელებაში არ მონაწილეობს. ეს არ ნიშნავს, რომ აპენდიქსი უსარგებლოა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს”ზედმეტი” ორგანო – ბუნების შემთხვევითი შეცდომაა. ბუნებაში ზედმეტი არაფერია, ყველაფერი თავის განსაკუთრებულ როლს ასრულებს, მათ შორის – ჭიანაწლავიც.

ინფექციებისგან დაცვა
ჭიანაწლავი მდიდარია ლიმფური ქსოვილით. როგორც ცნობილია, იმუნურ დაცვაში მთავარ როლს სწორედ ლიმფური სისტემა ასრულებს. ასე რომ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროს, პირველ დარტყმას თავზე იღებს აპენდიქსი. მაგრამ თუ ხშირად და ინტენსიურად მუშაობა უხდება, მაშინ მისი კედლები იბერება, სივდება და ანთებითი პროცესი – აპენდიციტი ვითარდება.

სასარგებლო ბაქტერიების სათავსო
გერმანიასა და აშშ–ში ექსპერიმენტი ჩაატარეს და ჩვილ ბავშვებს ჭიანაწლავი ამოკვეთეს. ამას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. დედის რძის გადამუშავების უნარი დაირღვა, პატარებს ხშირად აწუხებდათ დისბაქტერიოზი, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩებოდნენ, ინფექციური დაავადებებით ხშირად ავადმყოფობდნენ.

ახლახან ამერიკელმა მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ჭიანაწლავი სასარგებლო ბაქტერიების სათავსოა. ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საკვებისმიერი მოწამვლის, ნაწლავური ინფექციების და სხვა პრობლემების დროს, რომლებიც დეფეკაციას არღვევენ, ნაწლავებიდან არამხოლოდ დაავადების გამომწვევი, ასევე სასარგებლო ბაქტერიებიც გამოიდევნება. ამ შემთხვევაში ჭიანაწლავში დაცული მიკროორგანიზმები ჯანმრთელი ნაწლავური ფლორის ახალ თაობას დასაბამს აძლევენ. აპენდიქსის არქონის შემთხვევაში, გადატანილი ინფექციების შემდეგ დისბაქტერიოზი ხშირად ვითარდება.

აპენდიციტის სიმპტომები და მკურნალობა

განასხვავებენ ქრონიკულ და მწვავე აპენდიციტს – მწვავე აპენდიციტს ახასიათებს უეცარი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო მარჯვენა თეძოს ფოსოში, რაც ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობას შეესაბამება. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვთ გამოხატული. ტკივილს თან სდევს გულისრევა და ღებინება. აღინიშნება აირების შეფერხება და შეკრულობა, ზოგჯერ ფაღარათი. ტემპერატურა ხშირად 37,5–38,5 გრადუსამდე მატულობს. ბავშვებს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხოლო მოხუცებს შეიძლება სრულებით არ ჰქონდეთ, თუნდაც მძიმე ფორმასთან გვქონდეს საქმე. მწვავე აპენდიციტის ყველა შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია – ჭიანაწლავის მოკვეთა.

ქრონიკული აპენდიციტი, რომელსაც მარჯვენა თეძოს ფოსოში მუდმივი ან პერიოდული ყრუ ტკივილი ახასიათებს, ყოველთვის შეიძლება მწვავე აპენდიციტში გადაიზარდოს. ამიტომ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და დროული ოპერაციული მკურნალობა.

რჩევა
მუცელში ტკივილის დროს არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე ტკივილგამაყუჩებლების და ანტიბიოტკების მიღება. არ შეიძლება ოყნის გაკეთება, მუცელზე სათბურის დადება ან თბილი აბაზანის მიღება. ყველა ეს საშუალება დაავადებას ნიღბავს და შეცდომის მიზეზი ხდება.
მუცელში მწვავე ტკივილი უფრო ხშირად მწვავე აპენდიციტთან არის დაკავშირებული. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოუძახოთ ექიმს.

რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო უსაფრთხოა და ავადმყოფს თავიდან ააცილებს უმძიმეს გართულებას – პერიტონიტს, რაც ხშირად საბედისწერო ხდება.