ქორწინების პირველი ღამე  

რა საჭიროა საქალწულე აპკი? – ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. საქალწულე აპკი ცხოველთა სამყაროში მხოლოდ მაიმუნებისა და ანტილოპების ზოგიერთ ჯიშს აქვს, ამასთანავე, მისი დანიშნულება ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა ბუნება ტყუილად არაფერს აკეთებს.
 არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც საქალწულე აპკი ევოლუციის პროცესში შემორჩენილი უდიმენტული ორგანოა, ზოგიერთი მკვლევარი კი მიიჩნევს, რომ იგი საშოს მიკროფლორას ინარჩუნებს. 
საქალწულე აპკი საშოს ლორწოვანის ნაოჭია, რომელიც საშოს შესავალთან, მცირე სასირცხო ბაგეებიდან 2-3 სმ-ით ღრმად მდებარეობს. ეს ნაწილი ყველა ქალს სხვადასხვაგვარი აქვს. თავისებურია მისი ზომა, ფორმა, სისქე, სისხლძარღვებითა და ნერვებით მომარაგება. შესაბამისად, დეფლორაციაც სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს.
დეფლორაცია სიტყვასიტყვით ყვავილის მოწყვეტას ნიშნავს, მედიცინაში კი ასე უწოდებენ საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას, რაც, ჩვეულებრივ, პირველ სქესობრივ კავშირს მოსდევს.
ქალების 70%-ში დეფლორაციას თან ახლავს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი, თუმცა სერიოზული ფიზიკური ტკივილი ძალიან იშვიათია. თუ სქესობრივი აქტი ნორმალურად ჩატარდა, ტკივილის შეგრძნება მცირე ხანს გრძელდება.
სხვადასხვა ქვეყანაში დეფლორაციისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ზოგან ბებიაქალები გოგონას დაბადებისთანავე ურღვევენ საქალწულე აპკს, ზოგან ახალშობილებს საშოს შესავალს უკერავენ და მისი მთლიანობის დარღვევის უფლება მხოლოდ მომავალ ქმარს აქვს, ზოგან კი ხელმძღვანელობენ პრინციპით ”რაც მოსახდენია, ისედაც მოხდება”.
ზოგიერთი გოგონა საქალწულე აპკის გარეშე იბადება (ამას აპლაზია ჰქვია), ზოგიერთს კი აპკი იმდენად განუვითარებელი აქვს, რომ მხოლოდ გინეკოლოგიური გამოკვლევის შედეგად თუ აღმოაჩენენ.
აპკი შეიძლება თავისთავადაც გაიხეს, მაგალითად, საშოში ჰიგიენური ტამპონის შეტანისას, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათია.
ასაკის მატებასთან ერთად აპკიც ”ბერდება”, კარგავს ელასტიკურობას, ამიტომ დეფლორაცია შეიძლება გართულდეს. 30 წლის შემდეგ საქალწულე აპკი 80%-ით ნაკლებ ელასტიკურია. 
როდის არ ხდება დეფლორაცია
საქალწულე აპკში (გარდა იშვიათი, პათოლოგიური შემთხვევებისა) არის ერთი ან რამდენიმე ხვრელი მენსტრუალური სისხლის გამოსასვლელად. არის შემთხვევები, როდესაც ამ ხვრელის სიფართოვის ან თვით აპკის ელასტიკურობის გამო პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ მისი მთლიანობა არ ირღვევა. ზოგიერთ გოგონას აპკი პენისის (მამაკაცის სასქესო ორგანოს) სიგანეზეც კი ეწელება. ასეთ შემთხვევაში სქესობრივი ცხოვრება შეიძლება დაურღვეველი აპკის პირობებში მიმდინარეობდეს და აპკი საბოლოოდ მშობიარობისას დაირღვეს.
ცდებიან მამაკაცები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პირველ სქესობრივ ურთიერთობას აუცილებლად უნდა ახლდეს სისხლი. ზოგიერთ ქალიშვილს, სისხლძარღვთა თავისებური განლაგების გამო, ნახეთქი სუსტი აქვს და სისხლი შეიძლება არც კი წამოუვიდეს.
ამრიგად, საქალწულე აპკის არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს ქალწულობას, არც მისი უქონლობა ან დეფლორაციის დროს მისი დარღვევის ნიშნების არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ გოგონას სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება აქვს. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც დიდი რუდუნებით უყურებენ თავიანთი რჩეულების ქალწულობის საკითხს.
სქესობრივი ცხოვრების ანაბანა
დეფლორაციის დროს ტკივილის შემსუბუქება შეუძლია მხოლოდ მეუღლის განსაკუთრებულ ტაქტიანობას. პირველ საქორწინო ღამეს მამაკაცმა უნდა დაიოკოს ვნება და მეტი ყურადღება მიაქციოს ე.წ. სასიყვარულო თამაშებს, ქალის ემოციურ-ეროგენულ მომზადებას.
დეფლორაციის დროს ტკივილის მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია, თუ პირველ კოიტუსს (სქესობრივ კონტაქტს) შემდეგ პოზაში ჩაატარებთ:
ქალი წვება ზურგზე ისე, რომ ფეხები ჩამოშვებული აქვს იატაკამდე. მამაკაცი ნაზად სწევს მის ფეხებს და მათ შორის დგება, ხელებით კი საწოლს ეყრდნობა (ასე იგი აკავებს საკუთარ წონას). სასქესო ასოს შეყვანის მომენტში იგი მოხრილია.
პირველი კონტაქტისას საშოს სეკრეტი შესაძლოა საკმარისად არ გამოიყოს, ამიტომ სასურველია, მამაკაცმა გამოიყენოს სპეციალური კრემი.
კიდევ უფრო დამზოგველია პოზა, როდესაც ქალიშვილი დუნდულა კუნთების ქვეშ იდებს ბალიშს ან მუთაქას, ხოლო მუხლებში მოხრილი ფეხები მიაქვს მკერდამდე – ეს უზრუნველყოფს საქალწულე აპკის მაქსიმალურ დაჭიმვას და მის უმტკივნეულო ჩახევას.
ზოგიერთ ქალს აქვს ვაგინიზმი (საშოსა და შორისის კუნთების უნებლიე ძლიერი შეკუმშვა, როდესაც შეუძლებელია სქესობრივი კონტაქტი) და კოიტოფობია (სქესობრივი აქტის შიში). ამ დროს ძალის გამოყენება ამაოა, რადგან ამ გზითაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია სრულფასოვანი სქესობრივი კონტაქტის ჩატარება, ცოლ-ქმრის ურთიერთობა კი შეიძლება დიდი ხნით გაფუჭდეს.
მამაკაცებო!
მოერიდეთ ნებისმიერ ფასად საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას და პირველი ღამის საიდუმლოს ძალადობად გადაქცევას. ფსიქიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შესაძლოა, სერიოზული ტრავმა მიაყენოთ ნაზ ორგანოებს. დეფლორაციის დროს ხშირად ხდება შორისის ჩახევა. უმჯობესია, 7-10 დღე დაუთმოთ ერთმანეთის ”შესწავლას”, ვიდრე პირველივე ღამეს ძალადობით დაიწყოთ სქესობრივი ცხოვრება და საყვარელ არსებას სამუდამოდ დაუკარგოთ სექსით სიამოვნების მიღების სურვილი. გახსოვდეთ: ქორწინების ბედი ხშირად პირველ ღამეს წყდება. ქალი არასდროს ივიწყებს, როგორ ექცეოდა მას ქმარი პირველ ღამეს.
არ შეგეშინდეთ სისხლის. ნურც მის ოდენობას მიაქცევთ ყურადღებას – ის შეიძლება იყოს ძალიან ბევრიც და ძალიან ცოტაც.
ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში, სასურველია, სქესობრივი აქტი შეწყვიტოთ და შემდეგისთვის გადადოთ. მომავალში საკმაო დრო გექნებათ, რომ ერთმანეთით ისიამოვნოთ.
თუ პირველი ღამე მენსტრუაციას დაემთხვა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კავშირი არასასურველია.
თუ აპკი ძალიან მტკიცეა, მაშინ ერთი ღამის განმავლობაში მამაკაცს გაუჭირდება მისი მთლიანობის დარღვევა. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ გინეკოლოგს, რათა ჩატარდეს ქირურგიული დეფლორაცია. 
დეფლორაციის შემდგომი სქესობრივი კონტაქტი სასურველია მოხდეს ერთი დღე-ღამის ან სულაც რამდენიმე დღის შემდეგ, როცა აპკის ნახეთქები მოშუშდება.
რა შეიძლება მოჰყვეს დეფლორაციას? 
ურიგო არ იქნება, თუ პირველი სქესობრივი კავშირის შემდეგ გინეკოლოგს მიმართავთ და დარწმუნდებით, რომ ქალს არანაირი დაზიანება არ აქვს. საქალწულე აპკში გაჩენილ ნახეთქებში შესაძლოა შეიჭრას ინფექცია და გამოიწვიოს პოსტდეფლორაციული ვაგინიტი (საშოს ანთება). ამ დროს ხშირია სასქესო ორგანოების ქავილი, წვის შეგრძნება, ტკივილი. დეფლორაციის შემდეგ სისხლდენა ზოგჯერ ხანგრძლივდება და შესაძლოა, საშიში სახეც მიიღოს. თუ ის მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
ხშირია დეფლორაციის შემდგომი ცისტიტი (შარდის ნუშტის ანთება) და პიელიტი (თირკმლის ფიალების ანთება). ქალებში საშარდე ორგანოების ინფექციები განსაკუთრებით გავრცელებული პათოლოგიაა და გვხვდება 14-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ამის მიზეზია ქალის ანატომიური თავისებურება – მოკლე ურეთრა (შარდსადინარი მილი), რომლის გარეთა ნაწილი შეიცავს საშოსა და სწორი ნაწლავის მიკროორგანიზმებს. სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად იმატებს შარდის ბუშტში ბაქტერიების მოხვედრის ალბათობა და საგრძნობლად ხშირდება უსიმპტომო ბაქტერიურიები.
ასიდან 75 შემთხვევაში ინფექციის განმეორებითი ეპიზოდები სქესობრივი აქტიდან 24 საათის განმავლობაში ვლინდება.
ასეთ დროს აუცილებელია გინეკოლოგის და/ან უროლოგის მონახულება, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.
მამაკაცებო! სძლიეთ ”თავმოყვარეობას” და დაქორწინებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. სიმპტომების უქონლობა იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გჭირთ – მამაკაცებში შარდსასქესო ინფექციები ხშირად ფარულად მიმდინარეობს. ეწვიეთ ექიმს, რათა შემდგომში ცოლთან ერთად მკურნალობა არ მოგიწიოთ, რაც, გარდა იმისა, რომ უფრო მეტად უხერხულია, გაცილებით ძვირიც დაგიჯდებათ. მხოლოდ ფინანსურ დანახარჯს არ ვგულისხმობთ – მხედველობაში გვაქვს უშვილობა, რომელიც ხშირად სწორედ ასეთი შემთხვევებიდან იღებს სათავეს. ნუ გაწირავთ ასეთი მძიმე განაჩენისთვის ნურც საკუთარ თავს და ნურც საყვარელ ადამიანს.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal