ორსულობა და მშობიარობა

მეტეორიზმი – მომავალი დედების დელიკატური პრობლემა

მეტეორიზმი ჭარბი აირების წარმოშობა, მუცლის შებერვა, რუყრუყი – ეს ყველაფერი ორსულს დისკომფორტს უქმნის.

ბევრმა არ იცის, რა იწვევს მეტეორიზმს ორსულობის დროს და როგორ ებრძოლოს მას. ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, როდესაც საშვილოსნოს ყელის ზომა მნიშვნელოვნად მატულობს, იზრდება ნაწლავებზე ზეწოლა, რის გამოც ირღვევა ნაწლავების მუშაობის ნორმალური პროცესი და ხდება აირების ჭარბად დაგროვება.

გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს ჰორმონული ფონიც, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.

მეტეორიზმით მარტო ორსულები როდი იტანჯებიან. ის ბევრ სხვასაც აწუხებს, რაც ძირითადად დაკავშირებულია არასწორ რეჟიმთან და არარაციონალურ კვებასთან. მაგალითად, დილით მხოლოდ ფინჯან ყავას მიირთმევთ, შემდეგ, პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში ნორმალურად არ სადილობთ, ძირითადად ცომეულსა და ფასტ ფუდის პროდუქტებს იღებთ, საღამოს კი ტელეეკრანს მიუჯდებით და ყუათიანად ივახშმებთ. თუ ეს სურათი თქვენთვის ნაცნობია, მაშინ მეტეორიზმის პრობლემაც აქტუალური უნდა იყოს. გირჩევთ, რადიკალურად შეიცვალოთ ცხოვრებისა და კვების რეჟიმი.

კუჭ–ნაწალვის სისტემა მაშინვე “ხმაურს” იწყებს, თუ ადამიანი ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, მგრძნობიარე და სუსტი ნერვული სისტემა აქვს.

საიდან და რატომ

მეტეორიზმის განვითარებისთვის ორი მიზეზი არსებობს – მომატებული ჭარბი აირები და გამომუშავებული აირების გამოდენის პროცესის შეფერხება. ორსულობის პერიოდში ამ ორივე ფაქტორს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

ჭარბი აირების გამომუშავებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საკვები პროდუქტები. კარტოფილი, სახამებლის შემცველი ბოსტნეული, შავი პური, ლობიო, მოშუშული ხახვი, რძე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეტეორიზმი ხშირად დისბაქტერიოზის, ქოლეცისტიტის თანმხლებიცაა. თუ მსგავსი პრობლემები ორსულს აწუხებს, დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოს.

მართალია, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა რაციონის მოწესრიგება–კორექციაც. პრობლემის შესამსუბუქებლად საჭიროა ორსული დღეში 4–5–ჯერ იკვებებოდეს მცირე ულუფებით, სასურველია ერთსა და იმავე დროს. ასე საკვების გადამამუშავებელი ფერმენტები უკეთ უმკლავდებიან “სამუშაოს”.

ციტრუსები ჭარბი აირების დაგროვებას ხელს უწყობს, ამიტომ ორსულობის პერიოდში მათგან თავის შეკავება ჯობია.

ნაწლავების პერისტალტიკის სტიმულირებისათვის მომავალი დედიკოს რაციონში უხვად უნდა იყოს უჯრედისით მდიდარი საკვები. არაჩვეულებრივად ებრძვის მეტეორიზმს ჭარხლით მომზადებული კერძები. მოხარშული ჭარხალი დიდი რაოდენობით პექტინებს შეიცავს, რომლებიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე. კარგია, თუ ორსული რაციონში ჩართავს პექტინებით ასევე მდიდარ წიწიბურას, სტაფილოს, ქლიავს, გარგარს, გარგრის ჩირს, ჟოლოს. მეტეორიზმის დროს ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია: სტაფილო, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, გოგრა.

რაც შეეხება რძის პროდუქტებს, მეტეორიზმის დროს კარგია ბიფიდობაქტერიების შემცველი რძის ნაწარმის მიღება. ისინი ასუფთავებენ ნაწლავურ მიკროფლორას და აჯანსაღებენ კუჭ–ნაწლავის სისტემას.

ჩაი და ყავა

ეს ის სასმელებია, რომლებიც ორსულობის ბოლო პერიოდში რაციონიდან უნდა ამოიღოთ. რაც შეეხება ტკბილეულს, განსაკუთრებით სასარგებლოა მარმელადი, რომელიც ფეხმძიმე ქალს არანაირ პრობლემას არ უქმნის.

ნახშირი

ეს უსაფრთხო საშუალებაა ორსულებისათვის, რომელიც მუცლის შებერილობის მოსახსნელად დღეში რამდენჯერმე უნდა გამოიყენონ. გასათვალისწინებელია ერთი რამ – გარდა იმისა, რომ ნახშირს ორგანიზმიდან არასასურველი ნივთიერებები გამოაქვს, ხშირად მათთან ერთად გამოიდენება სასარგებლო ელემენტებიც, ამიტომ ამ დელიკატური პრობლემის მოგვარება მხოლოდ ამ პრეპარატით არ შეიძლება. საჭიროა ექიმმა ორსულს სათანადო ფერმენტები შეურჩიოს, რომლებიც კუჭ–ნაწლავს ნორმალურ მუშაობაში დაეხმარება.

შეიძლება სამკურნალო მცენარეული ნაყენების დალევაც, რომლებსაც დადებითი ეფექტი აქვთ მეტეორიზმის დროს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ამ შემთხვევაშიც ორსულმა უნდა გაითვალისწინოს, ის გახლავთ, რომ ნებისმიერი პრეპარატის და მცენარეული ნაყენის შერჩევა აუცილებლად უნდა მოხდეს მხოლოდ ექმის მიერ და არავითარ შემთხვევაში – თვითნებურად.