ქოლეცისტიტი

ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებაა. მის განვითარებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: https://lh4.googleusercontent.com/-QHa2h-0F_5M/T0yvGFofksI/AAAAAAAACH0/gBK-vGgz3Y0/s520/12341.jpg
  • ბაქტერიული ინფექცია, რომელიც  ნაღვლის ბუშტში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს: აღმავალი (ნაღვლის სადინრებიდან), ჰემატოგენური (სისხლით) და ლიმფოგენური გზებით. 
  • ნაღვლის შეგუბება, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინრების თანდაყოლილმა დეფექტმა, იმავე სადინრების დისკინეზიურმა ცვლილებებმა, მუც-ლის ღრუს ორგანოების სიმსივნეებმა, ორსულობამ, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესმა.
 
ქოლეცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს: მწვავე პანკრეატიტი, პარაზიტული დაავადებები (ასკარიდოზი, ამებიაზი), ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხ-ლმომარაგების მოშლა, მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, ალერგიული ფაქტორები. 
ქოლეცისტიტის დროს შესაძლოა ნაღვლის ბუშტში იყოს კენჭები, ასეთ დროს საუბრობენ კალკულოზურ ქოლეცისტიტზე, რომელიც ძირითადად ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების გართულებას წარმოადგენს.
არსებობს მწვავე ქოლეცისტიტი, რომელიც უეცრად ვითარდება და ქრონიკული, რომელიც მწვავე ქოლეცისტიტის განმეორებითი შეტევების ან ნაღვლის ბუშტის გამუდმებული მექანიკური გაღიზიანების შედეგად ვითარდება. ქრონიკულის დროს შემთხვევათა დაახლოებით 25 %-ში ნაღველი ინფიცირებულია. 
მწვავე ქოლეცისტიტის დროს აღინიშნება ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში (ჭიპის მარჯვნივ), რომელიც, როგორც წესი ნაღვლის შეგუბებითაა  განპირობებული. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს მარჯვენა მხარეს წელის, მხრისა და ბეჭის მიდამოში. ტკივილს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, იშვიათად – ტემპერატურის მომატება. ტკივილი გრძელდება რამოდენიმე საათი ან შესაძლოა 1-2 დღეც. მისი ინტენსივობა თანდათან კლებულობს.
ტკივილის შეტევის პროვოცირებას ახდენს ცხარე, ცხიმიანი, შებოლილი საკვების ან ალკოჰოლის მიღება, ასევე, ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა.
მძიმე შემთხვევაში აღინიშნება ტემპერატურის მომატება 38-39 გრადუსამდე და ინტოქსიკაციის ნიშნები, კერძოდ, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, შემცივნება, ტაქიკარდია. 
კალკულოზური ქოლეცისტიტის დროს, ნაღვლის სადინრებში კენჭის გავლის შემდეგ ტკივილი თავისთავად ქრება, თუმცა ნებისმიერ დროს შესაძლოა განმეორდეს.
ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ტკივილი ყრუ ხასიათისაა, აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევის შეგრძნება, სიმწარე პირის ღრუში, სხეულის ტემპერატურე სუბფებრილურია (37-37,5 გრადუსი). ქრონიკული პროცესის გამწვავებისას დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც მწვავე ქოლეცისტიტის დროს.
მწვავე ქოლეცისტიტი საკმაოდ ხშირია ბავშვებში და ის უკავშირდება ნაღვლის ბუშტისა და მისი სადინარის დეფორმაციას ან თანდაყოლილ დეფექტს, აგრეთვე მათი კუმშვადობის დარღვევას. მოზრდილებსა და მოხუცებში უფრო ხშირია კალკულოზური ქოლეცისტიტი. ხშირია ქოლეცისტიტის შერწყმა სხვა ორგანოების დაავადებებთან (საჭმლის მომნელებელი , გულ-სისხლძარღვთა ორგანოები).
ქოლეცისტიტის დასადგენად გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია).
 მკურნალობის ტაქტიკას საზღვრავს აუცილებლად ექიმი ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით. სამკურნალოდ გამოიყენება სპაზმოლიტიკები, ნაღვლმდენი საშუალებები და ანტიბიოტიკები. 
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal