სასარგებლო რჩევები

თავის ტკივილის მიზეზი

თავის ტკივილის მიზეზითავის ტკივილი (ცეფალგია) მრავალი დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

თავის ტკივილის ყველაზე ხშირ ვარიანტს დაძაბვის თავის ტკივილი წარმოადგენს, რომელიც თურმე მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს აღენიშნება.

ასეთი ტკივილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს, მაგრამ მეტწილად 25-30 წლის ახალგაზრდებში ვითარდება, თანაც მამაკაცებთან შედარებით, ქალებში რამდენადმე უფრო ხშირია.

ადრე დაძაბვის თავის ტკივილს რამდენიმე სინონიმი ჰქონდა.

მათ უწოდებდნენ:

  • ფსიქალგიას;
  • სტრესოგენულ თავის ტკივილს;
  • იდიოპათურ თავის ტკივილს;
  • ესენციალურ თავის ტკივილს;
  • ქალას კუნთების დაძაბვის თავის ტკივილს და სხვა.

ამ დასახელებებში ასახულია დაძაბვის თავის ტკივილის არსი, რომელსაც განმარტავენ, როგორც მწვავე და ქრონიკული სტრესის შედეგად განვითარებულ, ფსიქიკური დაძაბულობის საპასუხოდ აღმოცენებულ თავის ტკივილს. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური დაძაბულობის პარალელურად შეიძლება პერიკრანიალური კუნთების (შუბლის, საფეთქლების, კეფის) დაძაბულობასაც ჰქონდეს ადგილი.

თავის ტკივილის საერთაშორისო ასოციაციამ დაძაბვის თავის ტკივილის სადაგნოსტიკო კრიტერიუმები შეიმუშავა:

თავის ტკივილის ეპიზოდების ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს – ეპიზოდური დაძაბვის თავის ტკივილის შემთხვევაში ტკივილის ხანგრძლივობა მერყეობს 30 წუთიდან 7 დღემდე; ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილის დროს კი შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ყოველდღიურ და მუდმივი ხასიათის თავის ტკივილს.

თავის ტკივილს შეიძლება “მოჭერითი” ან მონოტონური ხასიათი ჰქონდეს. მოპულსირე ტკივილი სფეციფიკური არ გახლავთ.

ლოკალიზაციის მიხედვით, თავის ტკივილი დიფუზური და ორმხრივია. ამასთან, უფრო ინტენსიური ტკივილი შეიძლება ცალ მხარეს განვითარდეს. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფები მკაფიოდ აღწერენ ტკივილის ხასიათს. მაგალითად, აცხადებენ, რომ აქვთ შეგრძნება, თითქოს თავზე მარწუხებს უჭერდნენ.

თავის ტკივილი არ ძლიერდება ყოველდღიური (ჩვეული) ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას.
თავის ტკივილის პიკზე შეიძლება აღმოცენდეს თანმხლები სიმპტომები: ფონოფობია (ხმისადმი მომატებული მგრძნობელობა) ან ფოტოფობია (სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა), ანორექსია (უმადობა) ან გულისრევის შეგრძნება.

ნევრალგიური პრობლემები

სამწვერა ნერვის (სახის, კეფის, ყურ-საფეთქლის და სხვა) ანთება ნევრალგიური ხასიათის თავის ტკივილის მიზეზს წარმოადგენს. ტკივილის ეს ფორმა ექიმების მიერ ადვილად დიაგნოსტირდება, მისი სიმწვავიდან და ხანმოკლე ხასიათიდან გამომდინარე. კერძოდ, ახასიათებს დენის დარტყმის მსგავსი ტკივილი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მეორდება.

ზოგჯერ ნევრალგიურ ტკივილს სახის კუნთების უნებლიე შეკუმშვა და ტკივილის გაძლიერება ახლავს. ნევრალგიური ტკივილის მიზეზი ყველაზე ხშირად ხერხემლის კისრის მონაკვეთის დაავადებაა.

თავის ტკივილი მოსწავლეებში

თავის ტკივილი შეიძლება განუვითარდეს სულ პატარა ბავშვსაც კი. აღსანიშნავია, რომ პირველკლასელების მესამედი სასწავლო წლის განმავლობაში თითქმის რეგულარულად გრძნობს ამგვარ ტკივილს. მაღალ კლასებში სასწავლო დატვირთვის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო ხშირდება თავის ტკივილის შემთხვევა.

მეცნიერები ბევრს დაობენ ბავშვებში ამ სენის განვითარების მიზეზებზე, თუმცა ძირითად მიზეზად ერთხმად ასახელებენ ფსიქიკურ ფაქტორს. ცნება – “მოსწავლეების თავის ტკივილი” იგულისხმება ტკივილი, რომელიც აღმოცენდება ან ძლიერდება სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და გადის ან მცირდება არდადეგებზე.

ხასიათის მიხედვით ტკივილი მოჭერითია და არცთუ იშვიათად, შეიგრძნობა კეფაში ან შუბლ-თვალის არეში. შეიძლება ახლდეს გულის რევის შეგრძნება და სინათლის შიში. ასევე შეიმჩნევა ძილის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, სწავლაში ჩამორჩენა და ადვილად დაღლა.

აღსანიშნავია ამგვარი თავის ტკივილის განვითარების სამი ფაქტორი:
  1. ფსიქოემოციური – ესაა გონებრივი დატვირთვა, გაკვეთილის პასუხის დროს ნერვიულობა, მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება მასწავლებლებთან, თანაკლასელებთან და სხვა;
  2. გაკვეთილებზე ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა, რასაც კისრის კუნთებისა და სახსრების გადატვირთვა და კისრის მალების მოძრაობის უნარის დარღვევა ახლავს;
  3. თვალის მამოძრავებელი კუნთების გადატვირთვა;

მოსწავლეების თავის ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა, რაც გამომწვევი ფაქტორის მოხსნას, სრულფასოვან დასვენებას და ძილის უზრუნველყოფას, ასაკის შესაფერისი სპორტით ზომიერად დაკავებას, სრულფასოვან, ზომიერ კვებას და ექიმის მიერ შერჩეული მედიკამენტებით მკურნალობას გულისხმობს.თავის ტკივილი ზრდასრულებში

ზრდასრულებში თავის ტკივილის მიზეზები შეიძლება იყოს:
  1. ფსიქოსოციალურ სტრესზე რეაქცია და აფექტური მდგომარეობა – შფოთი და დეპრესია. ამასთან, დეპრესია შეიძლება მკვეთრად გამოხატული არ იყოს და ატიპურად ანუ ფარულად მიმდინარეობდეს. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფები თავის ტკივილის პარალელურად შეიძლება ადვილად გაღიზიანებას, მუდმივად დაღლილობის შეგრძნებას, ადვილად დაღლას, ძილისა და მადის დარღვევას უჩიოდნენ.
  2. კუნთების ხანგრძლივი დაძაბვა ანტიფიზიოლოგიურ პოზაში. ხშირად ყოველივე ეს განსაზღვრულ პროფესიას უკავშირდება – კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ავტომობილის ტარება. შეიძლება გარკვეული როლი უხერხულ მდგომარებაში ძილმაც ითამაშოს.
  3. წამლისმიერი ფაქტორი. ანალგეტიკების (ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები) ხანგრძლივი მიღება (მაგალითად, თვეში 45 გ ასპირინზე მეტი) შეიძლება გახდეს დაძაბვის თავის ტკივილის მიზეზი. იგივე შეიძლება ითქვას ტრანკვილიზატორების ჭარბ მოხმარებაზე. აღსანიშნავია, რომ ანალგეტიკებისა და ტრანკვილიზატორების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება არა მარტო ძლიერი ტკივილის განვითარება და მისი ქრონიკულ ფორმაში გადასვლა განაპირობოს, არამედ – სხვადასხვა დეპრესიული მდომარეობაც.

როგორც წესი, ადამიანებს თავის ტკივილის რამდენიმე მიზეზი აქვთ და შესაძლებელია ამ მიზეზების ნებისმიერი კომბინაციის არსებობა.

დაძაბვის თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში ტკივილის გაძლიერების პროვოცირება შეიძლება ამინდის ცვალებადობამ, ძლიერმა ქარებმა, იძულებით შიმშილმა, ჩახუთულ შენობაში მუშაობამ, ღამისთევამ, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებამ, ხანგრძლივმა ფიზიკურმა და გონებრივმა გადატვირთვამ განაპირობოს.

დაძაბვის თავის ტკივილის დროს დაავადებულს თავის ტკივილის გარდა შეიძლება სხვა ალგიური (ანუ ტკივილის სინდრომი) სინდრომიც აღენიშნებოდეს. მაგალითად, როგორიცაა, კარდიალგია (გულის ტკივილი), აბდომინალგია (მუცლის ტკივილი), კისრის ან ზურგის ტკივილი. ტკივილის სინდრომი, არცთუ იშვიათად, გამოხატულ ფსიქოლოგიურ და ფსიქოვეგეტაციურ გამოვლინებებთანაა შერწყმული.

დიაგნოსტირება

პირველ რიგში, ექიმი უნდა გაესაუბროს ავადმყოფს, დაადგინოს ტკივილის ხასიათი, ლოკალიზაცია, ხანგრძლივობა, სხვა სიმპტომების ან თანმხლები დაავადებების არსებობა, ცხოვრების წესი, მემკვიდრული ფაქტორები და სხვა. შემდეგ უნდა ჩატარდეს ნევროლოგიური და მანუალური გასინჯვა, მათ შორის კუნთების ტონუსის, კიდურების მგრძნობელობის, ტკივილის ლოკალიზაციის განსაზღვრა. შემდეგ ექიმმა მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდები უნდა შეარჩიოს.

მკურნალობა

მკურნალობის ტაქტიკის დაწყება პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებითაა მიზანშეწონილი. დაძაბვის თავის ტკივილის შეფერხებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების შესრულება:

  • ცხოვრების სწორი რეჟიმის შერჩევა;
  • დროულად დასვენება;
  • კუნთების მოდუნება;
  • ფსიქიკური წონასწორობის მიღწევა;
  • მოხერხებული სამუშაო პირობების შექმნა;
  • რაც მთავარია, ცხოვრებისეული პრობლემების დროულად და გონივრულად მოგვარება;
გარდა ამისა, ზოგჯერ ინიშნება:
  • სამკურნალო მასაჟები;
  • სამკურნალო ფიზკულტურა;
  • სამკურნალო აბაზანები;
  • ადეკვატურად შერჩეული პრეპარატები.