როგორ ამოვიცნოთ ჩიყვის სხვადასხვა ფორმა და როგორ მოვიქცეთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დროს

საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის პრობლემა. მოსახლეობაში ამ მრავალ პათოლოგიას აერთიანებენ ტერმინ „ჩიყვის“ ქვეშ, რაც არასწორია თუნდაც იმ მიზეზით, რომ სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულია არა მარტო სიმპტომები, არამედ მკურნალობის მეთოდებიც კი. პრობლემაში საფუძვლიანად გასარკვევად გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით ენდოკრინოლოგ ნანა კარტოზიას.
– რა არის ჩიყვი და რა განიხილება ამ ცნების ქვეშ?
– უნდა აღინიშნოს რომ, ჩიყვი არ არის ერთი ნოზოლოგიური სნეულება. ჩიყვი ეწოდება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას. ის რამდენიმე სნეულების ერთ-ერთი ნიშანია. კლინიკურად არჩევენ ჩიყვის სამ ფორმას. საქართველოში უფრო გავრცელებულია ენდემური ჩიყვი, რომელიც გამოწვეულია გარემოში იოდის უკმარისობით, თუმცა, დარღვევის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თვითონ ფარისებრ ჯირკვალში იოდის ცვლის დარღვევა ან ჯირკვლის ჰორმონების გენეტიკური დარღვევები. იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება საერთოდ არ იყოს დარღვეული და უბრალოდ, დაქვეითებული იყოს. იოდდეფიციტის ადრეულ ასაკში განვითარება იწვევს ჰიპოთირეოზის შერწყმას გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებასთან. სიმპტომატიკა დამოკიდებულია ჩიყვის ზომებზე. შესაძლოა, იყოს ისეთი სუბიექტური მონაცემები, როგორიცაა ზეწოლის შეგრძნება კისრის მიდამოში, ეგრეთ წოდებული „მოხრჩობის“ სიმპტომი, ხმის ჩახლეჩა, სუნთქვის გაძნელება, უმადობა; დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიითა და ჰიპერფუნქციით. მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სტრესული ფაქტორები, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ინფექციური დაავადებები და იმუნური სისტემა, რომელიც იწვევს ავტოიმუნურ დაავადებათა სიხშირის მატებას.
– როგორია პათოლოგიის სიმპტომატიკა?
– სიმპტომატიკა დამოკიდებულია ტოქსიკოზის სიმძიმის ხარისხზე. ძირითადი სიმპტომატიკაა: მომატებული აგზნებადობა, სისუსტე, პროგრესირებადი სიგამხდრე ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე, სიცხის შეგრძნება, შინაგანი კანკალი, ხელების კანკალი, ჩახუთული სივრცისა და მზეზე ყოფნის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, თვალებისმხრივი ეგზოფთალმი თვალების ბრწყინვა, თვალის კაკლების მოძრაობის შეზღუდვა, არამდგრადი დიპლოპლია, რთულ შემთხვევაში – ქუთუთოების დახუჭვის შეუძლებლობა. ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია სტაბილური ხასიათის ტაქიკარდია, პულსური წნევის გადიდება.
– რა ხარისხებს გამოყოფენ თირეოტოქსიკოზების (ბაზედოვის დაავადება) განვითარებაში?
– თირეოტოქსიკოზი ხარისხის მიხედვით შეიძლება იყოს მსუბუქი სიმძიმის, ამ დროს აღინიშნება მუდმივი ტაქიკარდია არა უმეტეს 90-100 დარტყმისა წუთში; სხეულის მასის 10 პროცენტით შემცირება სხეულის იდეალურ მასასთან შედარებით; საშუალო სიმძიმის მუდმივი ტაქიკარდია – 100-დან 120 დარტყმამდე წუთში; სხეულის მასის შემცირება 20 პროცენტით იდეალურ მასასთან შედარებით. მძიმე ფორმისას – შრომის უნარის დაქვეითება, მოციმციმე არითმიის გამოვლენა, გულის უკმარისობის მოვლენები, კახექსია. ყველა ფორმის დროს გვხვდება კუჭ-ნაწლავის მხრივ შეტევითი ხასიათის ტკივილები, დეფეკაციის (გამოყოფის) გახშირება. რეპროდუქციული სისტემის მხრივ მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მიდრეკილება სპონტანური აბორტებისა და უნაყოფობისადმი, მამაკაცებში – ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება.
– რა არის ჰიპოთირეოზი?
– ჰიპოთირეოზი, ანუ, კრეტინიზმი – არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით ანუ თირეოიდული ჰორმონის უკმარისობით მიმდინარე დაავადება. ჰიპოთირეოზის დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: სისუსტე, უხასიათობა, მეხსიერების დაქვეითება, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება, ქუთუთოების შეშუპება, თმის ცვენა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – ბრადიკარდია, არტერიული წნევის შემცირება, გულის საზღვრების გადიდება; სუნთქვის ორგანოების მხრივ – ხმის შეცვლა (ჩახლეჩა); კუჭ-ნაწლავის მხრივ – ყაბზობა, ენის გასქელება, მეტეორიზმი. სიმპტომატიკა დიდად არის დამოკიდებული თირეოიდული უკმარისობის ხარისხსა და ავადმყოფის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
– რისი თქმა შეიძლება თირეოდიტებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ?
– თირეოიდიტები ცალკე უნდა აღინიშნოს. ესაა დიფუზურად გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ანთება. თუმცა, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მოსახლეობის ფართო ფენაში ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერ დაავადებას უწოდებენ ჩიყვს, რაც ასოცირდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ უკმარისობასთან ან ჰიპერფუნქციასთან, მაგრამ, მკურნალობის თვალსაზრისით, აუცილებელია დიაგნოზის დაზუსტება. თირეოდიტების გამომწვევი მიზეზი მათი ფორმიდან გამომდინარე, სხვადასხვაა. არსებობს მწვავე თირეოიდიტი – ბაქტერიული ეტიოლოგიით. ხელშემწყობი მიზეზია ნებისმიერი მწვავე ან ქრონიკული ინფექცია. მწვავე თირეოიდიტი შეიძლება იყოს ჩირქოვანი ან არაჩირქოვანი ფორმის. კლინიკურად დამახასიათებელია მწვავე საწყისი შეშუპება, ტემპერატურის მომატება, ტკივილი ფარისებრი ჯირკვლის საპროექციო არეში, რომელიც გადაიცემა ყურის, ყბის, კეფის მიდამოში. ტკივილი ძლიერდება ყლაპვის, კისრის მოძრაობის დროს. ლიმფური კვანძები გადიდებულია და მტკივნეული. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, როგორც წესი, არ არის დარღვეული. გავრცელებულობის გამო ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას ქვემწვავე თირეოიდიტებზეც. ქვემწვავე თირეოიდიტი არის ვირუსული წარმოშობის. უპირატესად ავადდებიან ქალები 30-50 წლის ასაკში. განარჩევენ ქვემწვავე თირეოიდიტის სტადიებს: ადრეული სტადია – თირეოტოქსიკური, გარდამავალი სტადია – ეუთირეოიდული, შუალედური – ჰიპოთირეოზის სტადია და აღდგენითი სტადია – ფუნქციის ნორმალიზება. სიმპტომატიკა და ჩივილები დამოკიდებულია სტადიის ფორმაზე. ქრონიკული ფიბროზული თირეოიდიტის, ეგრეთ წოდებული რიდელის ჩიყვის წარმოშობის მიზეზები უცნობია. ჯირკვალი მკვრივია, უძრავი, შეკავშირებულია გარემომცველ ქსოვილებთან. პროცესის პროგრესირებასა და გავრცელებას მთელ ჯირკვალზე თან ახლავს ჰიპოთირეოზის განვითარება. დამახასიათებელია ნელი განვითარება, ზეწოლის შეგრძნება ფარისებრი ჯირკვლის მიდამოში, ხმის ჩახლეჩა, სუნთქვის გაძნელება, მშრალი ხველა. მკურნალობა ქირურგიულია.
– რა სიხშირით ვხვდებით თირეოიდიტების არატიპურ ფორმებს?
– არსებობს ასეთი ფორმა – „უსიმპტომო თირეოიდიტი“. ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ანთების ნიშნები ან სიმპტომები არ აღინიშნება. მისი არსებობა დგინდება ულტრასონოგრაფიული კვლევის შედეგად. ერთ-ერთი ფორმაა მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი, რომელიც ხშირად ჰგავს აუტოიმუნურ თირეოიდიტს, იმ განსხვავებით, რომ ჯირკვალი, როგორც წესი, აღდგება და თირეოიდული ჰორმონებით მკურნალობა საჭიროა მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში. აუტოიმუნური თირეოდიტი ცნობილია შემდეგი სინონიმებით: ჰაშიმოტოს ჩიყვი, აუტოიმუნური ჩიყვი, ლიმფოციტური თირეოიდიტი, ლიმფომატოზური ჩიყვი. ყველაზე ხშირად გვხვდება ქალებში. კლინიკურად დამახასიათებელია ნელი განვითარება რამდენიმე წლის განმავლობაში. პათოგენეზი: წარმოიქმნება ანტისხეულები ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა კომპონენტის მიმართ, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დესტრუქციულ ცვლილებებსა და ლიმფოიდური ინფილტრაციის განვითარებას. სამკურნალოდ გამოიყენება იმუნომოდულატორები და ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით. შეიძლება, აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ჰორმონალური თერაპია გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ოღონდ, საჭიროა, მკურნალობის პერიოდში ჰორმონალური პრეპარატების დოზის კორექცია შესაბამისი ჰორმონალური გამოკვლევების ფონზე მოხდეს.
– როგორია დაავადების მკურნალობა?
– ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ დაავადების, სიმძიმის ხარისხისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით მკურნალობა, რა თქმა უნდა, არჩევითია. ზოგადად გამოიყენება: ანტიბიოტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იმუნომოდულატორები, თირეოსტატიკური პრეპარატები, ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია, სიმპტომური თერაპია, ქირურგიული ჩარევა, რადიოაქტიური იოდით მკურნალობა.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal