გინეკოლოგის კონსულტაცია 14 წლის ასაკიდან უკვე საჭიროა

როგორ ჩნდება გინეკოლოგიური დაავადებები და როგორ უნდა დავიცვათ თავი პრობლემებისაგან, ამ საკითხთან დაკავშირებით ექიმ–გინეკოლოგ რამაზ ღონღაძეს ვესაუბრეთ. 
– ბატონო რამაზ, რას უკავშირდება გინოკოლოგიური პრობლემები? 
– გინოკოლოგიური პრობლემები მთელ რიგ მასალას მოიცავს. ერთი სიტყვით ამ საკითხზე ლაპარაკი რთულია. დღევანდელი პრობლემებია: საშვილოსნოს ყელის ეროზია, უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ტროფობლასტური დაავადებები, სპაზმი და ქალური პრობლემები. შეგვიძლია თითოეული განვიხილოთ. ყველაზე საშიშად კი საშვილოსნოსა და მკერდის კიბოა. ქალები ამაზე ხშირად თვალს ხუჭავენ და თავს არ უვლიან. კონსულტაცია ექიმთან კი 14 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს და წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს გამოკვლევები, რომ თავიდან იქნას აცილებული მთელი რიგი პრობლემები. 
– რას ნიშნავს საშვილოსნოს ყელის ეროზია? 
– საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. პრობლემა კი დაზიანებულ ზედაპირზე წყლულების სახით ჩნდება. სწორედ მას ვუწოდებთ ეროზიას. არსებობს ეროზიის რამოდენიმე სახეობა: თანდაყოლილი, ჭეშმარიტი და ფსევდოეროზია. თანდაყოლილი ეროზია უმეტესწილად ბავშვებსა და მოზარდებში ჩნდება, შეიძლება ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გაქრეს ან დროთა განმავლობაში გამოვლინდეს; საშვილოსნოს ყელის ეროზია შეძენილი პათოლოგიაა. დეფექტი საშვილოსნოს ყელის გარეთა პირის გარშემო, უმეტესად უკანა ბაგის მიდამოში ჩნდება. ჭეშმარიტი ეროზია 1–2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი დაავადების მომდევნო სტადიაში – ფსევდოეროზიაში გადადის. ასე რომ, შეეცადეთ, მიაკითხოთ ექიმს და ჩაიტაროთ დიაგნოსტიკა. 
– უმეტესწილად რა იწვევს უნაყოფობას? 
– ქალის შვილოსნობა საკვერცხეებზე, მილებზე, საშვილოსნოზე და იმუნოლოგიურ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ ეს მხოლოდ ქალებს არ ეხებათ. საკვერცხის ფაქტორი გულისხმობს საკვერცხეში განაყოფიერებისთვის ვარგისი ფოლიკულის მომწიფებასა და საკვერცხიდან მის გამოთავისუფლებას. საკვერცხიდან განაყოფიერებისთვის ვარგისი ფოლიკულის გამოთავისუფლებას ოვულაციას უწოდებენ. აღნიშნული პროცესი ენდოკრინოლოგიური სისტემის მიერ ნატიფი მექანიზმით რეგულირდება. მილისმიერი ფაქტორი გულისხმობს ფალოპის მილების ნორმალურ ორგანულ და ფუნქციურ მდგომარეობას. საშვილოსნოზე საუბარი საშვილოსნოს ნორმალურ ანატომიურ და ფუნქციურ მდგომარეობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია იმუნური ფაქტორიც. ამიტომაა საჭირო, ჩატარდეს დიაგნოსტიკა და პრობლემა სწრაფადვე ამოიფხვრას, თუ, რა თქმა უნდა, პრობლემა არსებობს. 
– რას უკავშირდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა? 
– ეს საკმაოდ პრობლემატური სფეროა, რომელზეც ქალებს საუბარიც კი არ სურთ. მენსტრუალური ტკივილი ხანდახან ისეთ დისკომფორტს ქმნის და იმდენად ძლიერია, რომ ქალს გაჩენის დღესაც კი აწყევლინებს. თუმცა, ზოგ ქალბატონს ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებს. მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს. არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი: შემცირებული ციკლის მენსტრუაცია ანუ ოლიგომენორეა – ამ დროს მენსტრუაციული ციკლის ხანრძლივობა 35 დღეზე მეტია, ხშირი მენსტრუაცია – პოლიმენორეა, როდესაც შუალედი 25 დღეზე ნაკლებია. აუცილებელია, ყველა ქალბატონმა თავისი ციკლი მოინიშნოს და ყოველი ფაქტორი გააკონტროლოს. ხშირი მენსტრუალური და დარღვევითი პრობლემების დროს აუცილებლად მიმართოს გინეკოლოგს. ხშირად ციკლის დარღვევას უკავშირდება უშვილობაც და საშვილოსნოს ფუნქციის დარღვევაც. 
– აქვს თუ არა დიდი მნიშვნელობა ჰიგიენური საშუალებების სწორად შერჩევას? 
– აქ უკვე ქალბატონებს დაფიქრება მართებთ. აუცილებელია ჰიგიენური საშულება ამა თუ იმ კანისთვის სწორად იყოს შერჩეული, რადგან ხშირია გამონაყარი. ამ შემთხვევაშიც როგორც დერმატოლოგს, ასევე გინეკოლოგს უნდა მიმართოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს ბიუსჰალტერის სწორად შერჩევას. ამ შემთხვევაში მამოლოგის რჩევებიც დაგჭირდებათ, რათა არ გამოიწვიოს მკერდის ჯირკვლების გაღიზიანება. ასე რომ, ნუ გამოიყენებთ ისეთ ბიუსჰალტერს, რომელიც დისკომფორტს შეგიქმნით. 
– რას ნიშნავს ტროფობრასტული დაავადებები? 
– ტროფობლასტური დაავადება ძუძუმწოვრის ჩანასახის გარეთა, ბუსუსოვანი გარსია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშუალებით ჩაიზრდება და მიემაგრება საშვილოსნოს შიგნითა გარსს – ენდომეტრიუმს. ამ დაავადებების დროს ქორიონული ბუსუსები პათოლოგიურად იზრდება და ავსებს საშვილოსნოს ღრუს. ამგვარ დაავადებებს მიეკუთვნება ბუშტნამქერი და ქორიონეპითელომა. 
– რაც შეეხება მკერდის კიბოს, რა იწვევს მას? 
– მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა შორის, მკერდის კიბოს ერთ–ერთი პირველი ადგილი უჭირავს. სამწუხაროა, თუმცა ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ბოლო წლების მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია. მკერდის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ათასგვარი ქალური პრობლემა იყოს. მისი კონკრეტულად ჩამოთვლა კი შეუძლებელია. უბრალოდ, ყველა ქალბატონმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს თვითგასინჯვა. ეს ის უმთავრესი რამაა, რითაც კიბოს საწყის პრობლემას აღმოვფხვრით. 
– მაინც როგორ უნდა ჩავიტაროთ თვითგასინჯვა? 
– ყოველთვიურად აწარმოეთ მკერდის თვითგასინჯვა, ეს ყველაფერი კი მაშინ უნდა მოხდეს, როცა მენსტრუალური ციკლი დამთავრებულია და მას შემდეგ მინიმუმ 6 ან 7 დღეა გასული. 14 წლის შემდეგ ქალბატონებმა რეგულარულად უნდა ჩაიტარონ თვითგასინჯვა. ეს მართლაც რომ არაა უყურადღებოდ ჩასაგდები დაავადება. ხშირია მკერდის ამპუტაცია და უფრო საშინელი მეტასტაზების წარმოშობა. მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ ყველა ქალბატონმა უნდა ჩაიტაროს, პროფილაქტიკის მიზნით, გამოკვლევა, მიაკითხონ მამოლოგს. იმ შემთხვევაში, თუ თვითგასინჯვის შედეგად პათოლოგიურ ცვლილებას აღმოაჩენთ, ამ დროს რეკომენდირებულია მიაკითხოთ ექიმს და ეს უკვე აუცილებელიცაა. ერიდეთ რისკის ფაქტორებს, რომლებიც მკერდის კიბოს განვითარებას უწყობენ ხელს. ტკივილების გაზრდის შემთხვევაში, ციკლის დაწყებამდე თვალი ადევნეთ მკერდის სიდიდეს, მის დეფორმაციასა და სხვა. მკერდის სიდიდე ამ დროს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, მისი ფორმის დაკარგვა უკვე ყურადღებას იმსახურებს.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal