რა უწყობს ხელს ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩალაგებას

ქოლეცისტიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებაა. განასხვავებენ ქოლეცისტიტის ორ ძირითად ფორმას: კენჭოვანს, ანუ კალკუოზურს და უკენჭოს, ანუ მიკრობულს. მას ქრონიკული მიმდინარეობა და პერიოდული გამწვავებები ახასიათებს.
უკენჭო ქოლეცისტიტი ინფექციური წარმოშობისაა. მას იწვევს სხვადასხვა მიკრობი, რომლებიც სისხლის ლიმფის საშუალებით ნაწლავებიდან ნაღვლის ბუშტში აღწევენ. მაგალითად, ასეთებია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი, ჰეპატიტების ვირუსები, კერძოდ კი, B და C ვირუსი. ისინი იწვევენ ქრონიკულ ჰეპატიტს, რომელიც შემდეგ ღვიძლის ციროზად და ღვიძლის კიბოდაც გარდაიქმნება. ინფექციების გარდა, ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრების წესი, გადაჭარბებული სიმსუქნე, ნაღვლის ბუშტში შეგუბებითი მოვლენები, გენეტიკური მიდრეკილება.
კვებითი ფაქტორი უფრო ხშირად ქოლეცისტიტის გამწვავებაზე მოქმედებს, ვიდრე მის ჩამოყალიბებაზე. ნაღვლის ბუშტში გროვდება ნაღველი. ჭამის შემდეგ ის ნაწლავებში გადადის და საკვების მონელებასა და ნაწლავების მოძრაობას განაპირობებს. არარეგულარული კვების დროს ნაღვლის ბუშტიც არარეგულარულად იცლება ნაღვლისგან. შესაბამისად, ნაღველი დიდხანს არის დაგუბებული და მიკრობები მასში ადვილად მრავლდება. ასევე, შეგუბება ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტში ჯერ ნალექის წარმოქმნას, შემდეგ კი მის კენჭად გარდაქმნას.
ნაღველი შედგება ქოლესტერინის, ფოსფოლიპიდების, ნაღვლის მჟავების, ბილირუბინისა და სხვა ორგანული ნაერთებისგან. ყველა ჩამოთვლილი ნივთიერება ნაღვლის წვენშია გაზავებული. იმის მიხედვით, რომელი ნივთიერება ჭარბობს კენჭის შემადგენლობაში, გამოყოფენ ქოლესტერინისა და ბილირუბინის შემცველ, შერეულ და კირის კენჭებს.
ქრონიკულად მიმდინარე ქოლეცისტიტის დროს ავადმყოფს აღენიშნება ტემპერატურის მატება, გულისრევის შეგრძნება, უმადობა, მუცლის შებერვა. ნაღველკენჭოვანი დაავადება მწვავე შეტევით იწყება. ადამიანს აწუხებს მარჯვენა მხარეს, ფერდქვეშ ძლიერი ტკივილი. ამას თან ერთვის გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურის მატება და სისხლში ცვლილებები. ქოლეცისტიტის შეტევა ხშირად სტენოკარდიასაც იწვევს – მას ზუსტად ისეთივე ტკივილი ახასიათებს გულის არეში, როგორც სტენოკარდიას.
ქოლეცისტიტის დაავადების გართულებები ორ ჯგუფად იყოფა, კერძოდ: ნაღვლის ბუშტის გართულებები და სხვა ორგანოების რეაქციები. პირველს მიეკუთვნება ნაღვლის ბუშტის დაჩირქება. მასში, შესაძლოა, განვითარდეს წყალმანკი, ნაღვლის ბუშტის კედლის ნევროზი, მისი გახვრეტა, ფისტულის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. ნაღვლის ბუშტსა და სხვა ორგანოს შორის კენჭის დახშობამ კი შესაძლოა, ნაწლავებში გაუვალობაც გამოიწვიოს. ქოლეცისტიტის შედეგად, ხშირად კუჭქვეშა ჯირკვალიც ზიანდება და მისი ანთება, ანუ პანკრეატიტი ვითარდება. ასევე, შესაძლოა, განვითარდეს რეაქტიული ჰეპატიტი, რომელიც ღვიძლს აზიანებს. ქოლეცისტიტის დროს დარღვეულია საჭმლის მონელების პროცესი და ადამიანს აწუხებს კოლიტი.
ქოლეცისტიტით დაავადებულმა ადამიანმა უნდა მოიწესრიგოს კვების რეჟიმი. ჭამოს ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად, რათა ნაღვლის ბუშტი სისტემატურად დაიცალოს. უნდა მოერიდოს ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, მაგალითად, მწარე და ცხარე საკვებს. ასევე, კარგია დიდხანს ფეხით სიარული, რადგან ამ დროს დიაფრაგმა ნაღვლის ბუშტს მასაჟს უკეთებს. რეკომენდებულია სპაზმოლიტური ან ნაღველმდენი პრეპარატების მიღება. კარგია შემთბარი, გაზგასული მინერალური წყლის დალევაც, რადგან ამ დროს ადამიანის კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმას უბრუნდება. უმჯობესია, ის ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღოთ.
პროფილაქტიკისთვის კი აუცილებელია ყველა რისკ-ფაქტორის გათვალისწინება. მაგალითად, კვების რეჟიმის მოწესრიგება, სიმსუქნესთან ბრძოლა, აქტიური ცხოვრების წესის დაცვა, ინფექციების დროული გამოვლენა, მკურნალობა და ასე შემდეგ.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal