ანტიბიოტიკებს, წნევის მარეგულირებელ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის საჭირო და სხვა მედიკამენტებს დაახლოებით 2 თვეში მოქალაქეები ექიმის რეცეპტის გარეშე ვეღარ იყიდიან.2014 წლის 1 იანვრიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდება, რომლის მიხედვით, მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის აფთიაქებს დააჯარიმებენ.მეორე ჯგუფში ანტიბიოტიკები,

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ჰორმონული, ონკოლოგიური და სხვა პრეპარატებია განსაზღვრული. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა ანტიჰიპერტენზიულ – წნევის მარეგულირებელ მედიკამენტებზეც, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე შეზღუდვის არეში მოხვდება. მედიკამენტების ზუსტი ნუსხა კი, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.
 მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა კანონმდებლობით დღესაც იკრძალება, თუმცა, ამ ჩანაწერის პარალელურად, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის 2009 წლის ბრძანება, რომლის მიხედვით, ფარმაცევტს უფლება არ აქვს, რეცეპტის არქონის შემთხვევაში არ გასცეს მედიკამენტი. პირველი იანვრიდან კანონის აღსრულების სხვა მექანიზმები ამოქმედდება.
 კანონით შეზღუდულია, ასევე, პირველ ჯგუფში შემავალი მედიკამენტების გაცემა, ეს არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები, – ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქტოროპული ნივთიერებები, ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები.
 რაც შეეხება მედიკამენტებს, რომლებიც ურეცეპტოდ გაიყიდება, ეს მესამე ჯგუფის პრეპარატებია. მესამე ჯგუფში შედის ზოგიერთი ტკვილიგამაყუჩებელი საშუალება, მაგალითად, ნიმესილი, სიცხის დამწევი საშუალებები, გაციების, ალერგიის საწინააღმდეგო, გულის წვეთები და ა.შ.
მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შეზღუდვას, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის სამმართველოს უფროსი, დავით მაჭარაშვილი ამბობს, ორი მიზანი აქვს. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის სწორი მკურნალობა და წამალზე დანახარჯების წილის შემცირება, რაც საქართველოში სხვადასხვა ფაქტორის გამო ისედაც ძალიან მაღალია.
 “საქართველოში ხშირია, როდესაც ადამიანები თვითმკურნალობას მიმართავენ. ეს არ არის გამართლებული რაციონალური ფარმაკოთერაპიის კუთხით. ხდება გარკვეული პერიოდით პრობლემის მოგვარება, შემდეგ კი ძალიან აგრესიული ფორმით თავს ისევ იჩენს პრობლემა. გარდა ამისა, მედიკამენტების ურეცეპტოდ ყიდვა კი არ ამცირებს,- ზრდის დანახარჯებს, პრობლემა არ ქრება, ექიმთან მაინც გიწევს წასვლა, სულ სხვა დანიშნულება ხდება საჭირო და მედიკამენტების ყიდვა ისევ გიწევს. საბოლოო ჯამში, მკურნალობა ძვირდება,”-  ამბობს მაჭარაშვილი.
მეორე მიზანი, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც განაცხადა, ნარკოტიკული თრობის შემცირებაა.
“მივიღეთ უკონტროლო სისტემა. რა დროსაც მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარება ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, იწვევს ნარკოტიკულ თრობას,” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.
ნარკოტიკული თრობისთვის ზოგიერთ მეორე ჯგუფის მედიკამენტს, მაგალითად, ანტიეპილეფსიური საშუალებებს- ტებანტინს, გრიმოდინს, გაბაგამასა და ბაკლოფანს იყენებენ.
შესაბამისად, კიდევ ერთი საკანონმდებლო რეგულაცია შევა ძალაში, არასწრულწოვნებისთვის მეორე და მესამე ჯგუფის მედიკამენტების გაცემა, რეცეპტის მიუხედავად, მაინც შეიზღუდება.
პაციენტებს, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ და მუდმივად ესაჭიროებათ ესა თუ ის მედიკამენტი, მათთვის გრძელვადიანი რეცეპტები გაიცემა.
რაც შეეხება სანქციებს, რეცეპტის გარეშე მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაცემისთვის პირველადი ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal