რეკლამა

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლა იმ იშვიათ სამედიცინო მიმართულების სკოლას წარმოადგენს საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია ECFMG-ის მიერ (Educational Commission for Foreign Medical Graduates), რაც UG-ის კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს სამედიცინო პრაქტიკა გაიარონ
ამერიკის შეერთებულ შტატებში.

უნივერსიტეტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ug.edu.ge/ge/saqarTvelos-universiteti-aqvs-pativi-asakhuli-ikos-ecfmg-is-siashi-

მის: კოსტავას ქ. #77

ტელ: 32 2 55 22 22

 

(R)

ენდოკრინოლოგია, ინფექციური დაავადებები

შაქრიანი დიაბეტი და Covid-19 

შაქრიანი დიაბეტი და Covid-19 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ როგორც Covid 19 – ით ინფიცირების, ისე დაავადების მძიმე/კრიტიკული მიმდინარეობის მაღალი რისკი. რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება დაინფიცირების რისკების შემცირება, ასევე როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები დაავადების განვითარების შემთხვევაში? ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ “ნეტგაზეთი” ენდოკრინილოგს, ნინო გაბიძაშვილს დაუკავშირდა.

– პირველ რიგში, საინტერესოა თუ რატომ ითვლებიან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფად?

– შაქრიანი დიაბეტი მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, განსაკუთრებით კი არამენეჯირებული დიაბეტი, ანუ თუ პაციენტს არ აქვს გლუკოზის მაჩვენებლები სამიზნე ფარგლებში, შესაბამისად ეს აუარესებს იმუნური სისტემის ფუნქციას და ზრდის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში Covid-19-ით ინფიცირების რისკს. ხოლო ინფიცირების შემთხვევაში კი, იზრდება დაავადების მძიმე, კრიტიკული მიმდინარეობის რისკი.

– რატომ ითვლება კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტი დამამძიმებელ ფაქტორად?

– პირველ რიგში ეს ეხება არამენეჯირებულ შაქრიან დიაბეტს, როდესაც გლუკოზის მაჩვენებლები არ არის სამიზნე ფარგლებში. თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ დაავადება კომპენსირებულია, რა თქმა უნდა, რისკი, როგორც ინფიცირების, ისე დაავადების მძიმე მიმდინარეობის, ნაკლები იქნება.

შაქრიანი დიაბეტი თავად წარმოადგენს გულის დაავადების განვითარების მაღალ რისკ-ფაქტორს, ანუ პაციენტებს, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, გულის დაავადების განვითარების რისკი ორჯერ უფრო მაღალი აქვთ ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ძალიან ბევრ პაციენტს, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აღენიშნება, უკვე დადგენილი აქვს გულის პათოლოგია ან აქვს გულის პათოლოგია, რომელიც შეიძლება არ იყოს ამ ეტაპისთვის გამოვლენილი. კორონავირუსს გააჩნია გარკვეული ტროპიზმი მიოკარდიუმის მიმართ, ანუ მას აქვს უნარი დააზიანოს გული. შესაბამისად პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ გულის დაავადება, მათი მდგომარეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში მწვავდება და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ანუ დეკომპენსაციას განიცდის. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ხასიათდება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ვირუსი უფრო მძიმე მიმდინარეობით.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია თუ რა ასაკის არის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტი, რადგან სიკვდილიანობის რისკს მკვეთრად ზრდის ასაკი. შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტს თუ ასევე მაღალი ასაკი აღენიშნება, ეს დამატებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

ჩინეთის, ვუჰანის მონაცემებით, 25 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე იგივე იყო, რაც ზოგად პოპულაციაში.

– რა რეკომენდაციები გაქვთ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენეტებისთვის, როგორ შეიძლება ვირუსის თავიდან აცილება ან დაინფიცირების შემთხვევაში მისი მსუბუქ ფორმებში გადატანა?

– პირველ რიგში საჭიროა შაქრიანი დიაბეტის ადეკვატური მართვა ანუ კომპენსაცია. ეს უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გზით, თუმცა ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული, რომ პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, იმყოფებოდნენ მოსაცდელ ოთახებში, ხალხმრავლობაში. ამიტომ, მოწოდებაა ექიმების და კლინიკების მხრიდან, რომ ონლაინ კონსულტაციებზე მოხდეს გადასვლა.

შაქრიანი დიაბეტის ადექვატური მართვა, გლუკოზის შენარჩუნება სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში შეამცირებს როგორც ინფიცირების, ასევე ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს.

ამასთან აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ზოგადი რეკომენდაციები, რაც ყველას ეხება, ანუ სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა.

იმ პაციენტებს, რომელთაც შაქრიანი დაიბეტი აქვთ, იქნება ეს ტიპი 1 თუ ტიპი 2, განსაკუთრებით თუ მათი ასაკი 60 წელს ზემოთ არის და ისინი ცხოვრობენ დიდ ოჯახებში, სადაც ოჯახის წევრებს უწევთ გარეთ გასვლა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა დისტანციის დაცვა მოახდინონ ოჯახის წევრებთანაც, თუ ეს შესაძლებელია.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კორონავირუსი მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, თუმცა პირი ვირუსის მატარებელია. მას კი შეუძლია ვირუსი გადასდოს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტს, სადაც დაავადება თავისი სიმპტომებით ანუ კლინიკურად გამოვლინდება.

– როგორ უნდა მოიქცეს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტი ინფიცირების შემთხვევაში?

– ინფიცირების შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონტაქტი მკურნალ ექიმთან, სიმპტომების გაცნობა, რომელიც თავის მხრივ ურჩევს პაციენტს ან ამბულატორიულად მიმართოს ინფექციონისტს ან სასწრაფო დახმარების სამსახურის საშუალებით ჰოსპიტალს.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში საჭიროა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის სქემის გარკვეული ცვლილება, უნდა შეწყდეს გარკვეული პრეპარატები და ჩანაცვლდეს ინსულინოთერაპიით, ხოლო პაციენტებში, ვინც უკვე იმყოფებიან ინსულინოთერაპიაზე, საჭიროა ინსულინების დოზების ადეკვატური ცვლილება.

თავად ინფექციური პროცესის მკურნალობასთან ერთად პარალელურად შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაც სათანადოდ უნდა შეიცვალოს და შეიცვალოს ისე, რომ გლუკოზის მაჩვენებლები მაინც ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს და მკურნალობა გაგრძელდეს მწვავე ინტერკურენტული დაავადების თანაარსებობის პირობებში უსაფრთხო მედიკამენტებით.

– რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ პროცესში?

– უკვე წლებია პაციენტებს, რომელთაც დადგენილი აქვთ შაქრიანი დიაბეტი და საჭიროებენ ინსულინოთერაპიას, უზრუნველყოფს სახელმწიფო.

აქამდე პაციენტებისთვის ინსულინის გაცემა ხდებოდა სპეციალური რეცეპტის საფუძველზე. ექიმი სამ თვეში ერთხელ უწერდა რეცეპტს და პაციენტები მიმართავდნენ სპეციალურ აფთიაქს, სადაც ამ რეცეპტის საფუძველზე იღებდნენ ინსულინს. ახლა იმისთვის, რომ შემცირდეს პაციენტების ინფიცირების რისკი და არ გახდეს საჭირო მათი სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა, რეცეპტები არის გაუქმებული და როდესაც პაციენტს გეგმიურად უწევს, რომ აიღოს ინსულინების მარაგი, მას პირდაპირ შეუძლია მიმართოს აფთიაქს, სადაც ის უფასოდ იღებდა პროგრამულ მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში ინსულინებს და ყოველგვარი რეცეპტის გარეშე მოხდება მასზე მედიკამენტის გაცემა.

– იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში აღარ არის საკმარისი ადგილები პაციენტებისთვის, სხვადასხვა სახელმწიფო გასცემს რეკომენდაციას, რომ ვირუსით ინფიცირებულებმა სახლში იმკურნალონ. რამდენად ადეკვატური იქნება სახლში მკურნალობა შქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის?

– Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში არის სიმპტომები, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას და არის სიმპტომები, რომელთა შემთხვევაში შესაძლებელია ბინაზე მკურნალობა. ამიტომ, ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნების განვითარების შემთხვევაში როგორიცაა მშრალი ხველა, ცხელება, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება პაციენტი უნდა შეეხმიანოს თავის მკურნალ ექიმს, ეს შეიძლება იყოს ოჯახის ექიმი ან ენდოკრინოლოგი, უნდა უთხრას თავისი სიმპტომები და უკვე ამის მიხედვით შესაძლებელია პაციენტს მიეცეს რეკომენდაცია საჭიროებს ის ჰოსპიტალიზაციას, თუ არა.

პაციენტები სუნთქვის უკამრისობით და პნევმონიით საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ პაციენტები, რომელთანაც დაავადება ძალიან მსუბუქი სიმპტომებით მიდის – აწუხებთ მხოლოდ სისუტე და მშრალი ხველა, მათ შესაძლებელია განაგრძონ მკურნალობა ბინაზე. ეს დამოკიდებულია დაავადების მიმდიანრეობის სიმძიმეზე.

– შაქრიანი დიაბეტის მქონე პაცეინტებში თუ გამოიკვეთება რაიმე სპეციფიური სიმპტომები, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში?

განსაკუთრებული სიმპტომი არა, მაგრამ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თუ მათი დაავადება არ არის ადეკვატურად მართული, უფრო მაღალია დაავადების მძიმე, კრიტიკული მიმდინარეობა, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ამის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა დაავადების ადეკვატური მართვა და მისი კომპენსაცია, რომელიც თუ აქამდე არ იყო მიღწეული, ახლა მაინც უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა.

 

წყარო: netgazeti.ge

ინფექციური დაავადებები, სასარგებლო რჩევები

სიმსუქნე “კოვიდ-19”-ით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორია

სიმსუქნე "კოვიდ-19"-ით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორია  ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთ რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ. გამოცემა, „ენელთაიმსის“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ინტენსიური თერაპიის განყოფილების სპეციალისტების ასოციაციის ხელმძღვანელი, დიდერიკ გომერსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულების 80 პროცენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან, წონის პრობლემები აქვთ.

როტერდამის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი ლიზბეტ ვან როსუმი ამბობს, რომ სიმსუქნე რისკის შემცველია, რადგან იმუნიტეტს ასუსტებს. ამასთანავე, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიმართონ მკაცრ დიეტას ინფექციის პრევენციის მიზნით, რადგან საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ ასევე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე. ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ით 11 750 ადამიანი დაინფიცირდა, 864 დაიღუპა, 253 კი გამოჯანმრთელდა.

წყარო: 1.tv.ge

ინფექციური დაავადებები, სასარგებლო რჩევები

კორონავირუსი ზედაპირებზე დღეები რჩება, ჰაერში კი რამდენიმე საათი

კორონავირუსი ზედაპირებზე რამდენიმე დღე რჩებაახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19, რომელიც უკვე გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, სიცოცხლისუნარიანი და გადამდები, ჰაერში საათობით, ზედაპირებზე კი რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება.

ეს არის სამეცნიერო კვლევის შედეგი, რომლის მიზანიცაა, ადამიანებს დაავადებისგან თავის აცილებაში დაეხმაროს.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ნაწილის — ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა ვირუსი ინფიცირებული პაციენტიდან სხვადასხვა ზედაპირზე „გადაიტანეს“ — ამ ობიექტებზე დახველებით ან მათი შეხებით.

როგორც კვლევამ აჩვენა:

  • დაავადებულის დახველების ან დამთქნარების შემდეგ, ვირუსი ჰაერში აქტიური მინიმუმ სამი საათის განმავლობაში რჩება;
  • პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ვირუსის აქტიური ნაწილაკები სამი დღის შემდეგაც აღმოჩნდა;
  • მუყაოს ზედაპირზე ვირუსი 24 საათის შემდეგ აღარ იყო, ხოლო სპილენძზე მის გაქრობას 4 საათი დაჭირდა.

 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.

საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.

ინფექციური დაავადებები, სასარგებლო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება.

√ საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები?

√ რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი?

√ მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?

როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია?

გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ ვითარებას, როდესაც დაავადება არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების უმრავლესობა ავადდება. ყველაზე ხშირად საუბარია ინფექციურ დაავადებებზე, თუმცა ხანდახან გაცხიმოვნების პანდემიასა და მეორე ტიპის დაიბეტზეც ამახვილებენ ყურადღებას. თითოეული მათგანი ცხოვრების წესის ცვლილებას უკავშირდება.

კლასიკური გაგებით პანდემიაში იგულისხმება დაავადება, რომელიც გადამდებია. ის ამა თუ იმ ინფექციური აგენტის მეშვეობით ადამიანიდან ადამიანს ან ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა. როგორც წესი, ინფექციის გადამტანი ვირუსი ან ბაქტერიაა, თუმცა თეორიულად ეს შეიძლება იყოს უმარტივესი ორგანიზმებიც, როგორც მალარიის შემთხვევაში ხდება. ეს დაავადება, მართალია, პანდემიის ეტაპს „არ აღწევს“, მაგრამ მას ყოველწლიურად აზიასა და აფრიკაში ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

მეოცე საუკუნის შუახანებიდან პანდემიის პოტენციალის მქონე საშიში დაავადებების რისკი სულ უფრო მაღალია. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფრენების სიხშირის მკვეთრი ზრდა. ამ ფაქტორის კარგი ილუსტრაციაა მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელიც 2003 წელს მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში გავრცელდა. პირველი პაციენტი იყო 64 წლის ჩინელი ექიმი, რომელიც ჰონგ-კონგში ქორწილში ჩავიდა. მან თავისი დაავადების შესახებ არაფერი იცოდა და სასტუმროში ყოფნისას დაანფიცირა 16 ადამიანი, რომელთაც, თავის მხრივ, ვირუსი კანადაში, ვიეტნამსა და სინგაპურში ჩაიტანეს.

პანდემიის ზრდის მეორე შესაძლო მიზეზია ცხოველებსა და ადამიანებს შორის კონტაქტის გახშირება, რასაც დედამიწის მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გამო, საკვების მოპოვების აუცილებლობა განაპირობებს. პანდემიების აბსოლუტური უმრავლესობის გადამტანები თავდაპირველად ცხოველების ორგანიზმებში ბუდობენ და ადამიანებზე მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება, ტყეების გაჩეხვა, ჭაობების დაშრობა და სხვა ანთროპოგენული მოქმედებები ანადგურებენ იმ ადგილებს, სადაც ვირუსების მატარებელი ცხოველები ბინადრობენ. ისინი იძულებული არიან, გადავიდნენ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადამიანებით არის დასახლებული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის სიმჭიდროვე იზრდება, ამ ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ალბათობაც ბევრად გაზრდილია.

როდის იყო ყველაზე ძლიერი გლობალური ეპიდემია?

არაერთხელ. მართალია, ნახევარი მსოფლიო ამისგან ნამდვილად არ დახოცილა, მაგრამ ესპანურ გრიპს, 1918-1920-წლებში, სულ ცოტა, 50 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა – იმ დროისთვის ეს დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3% იყო. ესპანური გრიპით თითქმის 500 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, რაც მთელი პლანეტის მოსახლეობის მესამედს შეადგენდა. შავმა ჭირმა კი, 1347-1351 წლებში, ევროპული პოპულაციის 30-დან 50%-მდე გაანადგურა. მას მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

თუ რატომ ვერ გაანადგურეს ამ ეპიდემიებმა მთელი ან ნახევარი მსოფლიოს მოსახლეობა მაინც, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ მათი გადადებისა და ლეტალურობის მაჩვენებელი მაღალია, ისინი ყველა ადამიანს ვერ კლავენ. მაგალითად, შავი ჭირისგან უფრო ხშირად უკვე დასუსტებული ადამიანები კვდებოდნენ, ესპანური გრიპის მსხვერპლი კი პირიქით, უფრო ახალგაზრდები იყვნენ. მეორე მხრივ, თუ სიკვდილიანობა მაღალია, ვირუსის გავრცელების რისკიც იკლებს, რადგან ის მიცვალებულისგან სხვა ადამიანს ვეღარ გადაედება. და ბოლოს, ადრეულ საუკუნეებში ადამიანებმა კარანტინის შესახებ შეიძლება ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ ისინი ცდილობდნენ, ავადმყოფები იზოლაციაში ჰყოლოდათ, რაც პანდემიის გავრცელებას აფერხებდა.

რატომ იწყება ყველა პანდემია აფრიკაში ან აზიაში?

ყოველი ახალი ვირუსის აღმოჩენის შემდეგ ჩნდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სასიკვდილო დაავადებების გამომწვევი ვირუსები საიდუმლო ლაბორატორიებში ხელოვნურად იქმება. თუმცა თანამედროვე მოლეკულურ-ბიოლოგიური და ვირუსოლოგიური კვლევებით დგინდება, რომ ვირუსები მუტაციას ან თავიანთი გენების გავრცელებას ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშეც „კარგად ართმევენ თავს“, როგორც ეს ხდება გრიპის ვირუსის სხვადასხვა შტამის შემთხვევაში. გენომების ანალიზებით ზუსტად დგინდება, რომელი ცხოველისგან გადავიდა ის ადამიანზე და კონკრეტულად როგორ მოხდა ცვლილება, რამაც ის ადამიანისთვის საშიში გახადა.

მეტიც, აფრიკა და სხვა აზიური ქვეყნები არ არის ძირითადი ადგილები, სადაც საშიში ვირუსები ჩნდება. თუმცა სხვა თემაა ის, რომ ჯანდაცვის მოუწესრიგებელი სისტემის (ასევე მუდმივი საომარი მოქმედებების), სიღარიბის, ცხოველებთან ახლო კონტაქტისა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილის დაბალი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო სწორედ აზია და აფრიკა ხდება ვირუსის ფართო გავრცელების არეალი. ეპიდემიები და ხანდახან პანდემიებიც კი სწორედ აქ იწყება.

შესაძლებელია თუ არა იმის პროგნოზირება, სად წარმოიქნება ახალი პათოგენი?

ზოგიერთ შემთხვევაში – კი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გრიპის ვირუსი. სეზონურ ეპიდემიებს ყოველ წელს ვირუსის სხვადასხვა შტამი იწვევს. მათთვის შესაბამისი ვაქცინების შემუშავების პროცესში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპის ასზე მეტი ცენტრი მონაწილეობს. თითოეული მათგანი ეპიდემიის მიმდინარეობას აკვირდება. ლაბორატორიები მიღებულ მონაცემებს უგზავნიან ხუთ კვლევით ცენტრს, რომელთა თანამშრომლები მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად რთულ მოდელებს განიხილავენ, აღწერენ, როგორ მიმდინარეობს შტამის ცვლილება და ადგენენ,  მომდევნო წელს, დიდი ალბათობით, ეპიდემიას რომელი შტამი გამოიწვევს. ხანდახან მეცნიერები ცდებიან და არც თუ იშვიათად. საშუალოდ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა 50-60%-ია.

პროგნოზი იმის შესახებ, თუ სად შეიძლება სრულიად ახალი, ჯერ კიდევ შეუსწავლელი პათოგენი გაჩნდეს, უფრო რთულია. ზოგიერთი მონაცემებით, მხოლოდ ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში დაახლოებით 1,67 მილიონი ვირუსი ცირკულირებს, მათგან 600-დან 800 ათასამდე სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანს გადაეცეს.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე მედიცინისა და მეცნიერების მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ უკვე გამოვლენილ პათოგენს გაუმკლავდნენ. 2009 წელს შეიქმნა Global Virome Project-ი, რომლის მიზანიც ამ პოტენციური ვირუსების უმრავლესობის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა იყო. ბევრი მკვლევარი ამ იდეას სკეპტიკურად უყურებს, რადგან 800 ათასამდე ვირუსის გამოკვლევას ბევრი რიგი საველე და ლაბორატორიული სამუშაო სჭირდება, რაც უზარმაზარ თანხებს უკავშირდება.

შესაძლებელია თუ არა ადრეულ ეტაპზე განისაზღვროს, რამდენად სახიფათოა ახალი დაავადება?

შესაძლებელია, თუ ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაციისა და პოტენციურად საშიში დაავადებების მონიტორინგის სისტემები მოწესრიგებულია. გარდა ამისა, დაავადების საფრთხის ადეკვატური შეფასებისთვის, ხშირად აუცილებელია სხვა ქვეყნების სპეციალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. სამწუხაროდ, ეს ხშირად არ ხდება. სახელმწიფო, სადაც ახალი პათოგენი ვრცელდება, რეალური ვითარების ჩვენებას ხშირად ერიდება, რათა მისი ეკონომიკისთვის საზიანო რეაქციებს (ფრენებისა და სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა) ხელი არ შეუწყოს.

რატომ არის ასე რთული ახალი წამლის შექმნა ვირუსის მუტაციის გამო? ბაქტერიების შემთხვევაში ხომ ანტიბიოტიკები ეფექტიანია?

ბაქტერიები ბევრად ნელა განიცდიან მუტაციას, ვიდრე – ვირუსები. გარდა ამისა, ვირუსები არსებითად სწრაფად მრავლდებიან. მაგალითად, ამ მხრივ გამორჩეულია აივ ინფექცია. მას შეუძლია დღეში 10¹⁰ ვირუსული ნაწილაკი წარმოქმნას. ასეთი მისწრაფება პრეპარატის შექმნას ეკონომიკურად არამომგებიანს ხდის, რადგან საჭიროა მისი მუდმივი განახლება.

გარდა ამისა, თავისი არსებობის დიდ ნაწილს ვირუსი მასპინძელ უჯრედში ატარებს, იყენებს მის ფერმენტულ სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განადგურებით თავად უჯრედის განადგურებაც აუცილებელი ხდება. ამიტომ ბევრ ანტივირუსულ პრეპარატს გამოხატული გვერდითი ეფექტები აქვს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაცილებით ეფექტიანია ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ხელს უშლიან დაინფიცირებას და არ უწევთ უკვე არსებულ ინფექციასთან გამკლავება.

თუკი წამალი არ არსებობს, იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ესპანური გრიპის მსგავსი ეპიდემია?

გრიპისთვის ეფექტიანი ვაქცინის შესაქმნელად მოწესრიგებული მექანიზმი უკვე არსებობს. თუმცა ზოგიერთი შტამისთვის ვაქცინის შექმნა გაცილებით რთულია, სხვისთვის კი – შედარებით იოლი. ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია ვაქცინისა და სპეციფიკური წამლების გარეშეც, ექსტრემალური რეაგირების სისტემის მოწესრიგების, კარანტინისა და დაავადებულთა იზოლაციის ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამორიცხული, მსგავსი ვირუსის ხელახლა წარმოქმნა, მეოცე საუკუნეში ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არსებითად გაუმჯობესდა, ამიტომ სავარაუდოდ ასეთ პათოგენთან გამკლავება შედარებით ადვილი იქნება.

როგორ დავიცვა თავი? ნიღაბი ვატარო? ინფიცირებული რეგიონებიდან ჩამოსულებს არ ვეკონტაქტო?

ინფექციისგან სრულად  დასაცავი უნივერსალური სტრატეგია არ არსებობს. ყოველ ინფექციას თავისი ნიუანსი აქვს. რაც შეეხება კორონავირუსს, მასაც თავისი ინსტრუქცია აქვს.

ზოგადად, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის შემთხვევაში სტანდარტული ჰიგიენური რეკომენდაციები საკმაოდ ეფექტიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელი ხშირად უნდა დაიბანოთ და დაუბანელი ხელი სახესთან არ მიიტანოთ (ბევრი ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე დიდხანს ნარჩუნდება და ლორწოვანი გარსის მეშვეობით ორგანიზმში ადვილად აღწევს). სასურველია, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ, არ ეკონტაქტოთ ადამიანებს, რომლებსაც დაავადების აშკარად ნიშნები აქვთ.

თუ ძალიან გინდათ, შეგიძლიათ ქირურგიული ნიღაბი ატაროთ. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის რესპირატორზე არანაკლებ ეფექტიანია. თუმცა ეს რეგულარულად უნდა აკეთოთ. თუ თქვენ ნიღაბს პერიოდულად იხსნით, რათა „ისუნთქოთ“ და ამასთან, არც ხელს იბანთ ხშირად, არანაირი დამცავი ეფექტი მას არ ექნება.

არსებობს თუ არა მზა სტრატეგია, თუ კაცობრიობას რეალური ეპიდემია დაემუქრება?

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მასშტაბური ეპიდემიის დროს (მაგალითად, აშშ-ში პანდემიურ გრიპთან ბრძოლის სტრატეგია). თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნებს შორის კომუნიკაცია ძალიან აქტიურია, დღეს უკვე ერთ რეგიონში შემუშავებული სტრატეგია ეფექტიანი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ მოსალოდნელი ეპიდემიის შესახებ ამა თუ იმ ქვეყანამ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას ადრეულ ეტაპზე მიაწოდოს, რაც სამწუხაროდ, არც თუ ისე ხშირად ხდება.

როგორც მათემატიკური მოდელი აჩვენებს, იმისათვის, რომ საშიში ინფექცია არ გავრცელდეს, საჭიროა საკმაოდ მკაცრი ზომების მიღება. მაგალითად, კარანტინის გამოცხადება. ხშირად, ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს არ მოსწონთ და მათი შეფასებით, ეს ძალიან უხეში მიდგომაა. მიჩნეულია, რომ მეტ-ნაკლებად სწორედ კარანტინის დარღვევამ განაპირობა 2014-2015 წლებში ებოლას ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელება.

© imedinews.ge

ინფექციური დაავადებები, სასარგებლო რჩევები

ათი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოთ პანიკაში კორონავირუსის გამო

კორონავირუსი - ათი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოთ პანიკაშიესპანელი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო.

„კორონავირუსის გავრცელება სერიოზულ საკითხია. ვირუსი 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ინფიცირებულთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებს. თუმცა, ვირუსთან ერთად, მსოფლიო „შიშის პანდემიამაც“ მოიცვა. თითქმის ყველა მედიასაშუალების ყურადღების ეპიცენტრში კორონავირუსია. „კოვიდ-19“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მსოფლიო მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის ემზადება. ვირუსის გავლენა ბიზნესსა და პოლიტიკაზე იგრძნობა. თუმცა, ამასთან ერთად, სწორი მიდგომა პანიკას გამორიცხავს. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ „კოვიდ-19“ კარგი ამბავია, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. არის მიზეზები, რათა ვიფიქროთ, რომ ვირუსის შეჩერება და დამარცხება შესაძლებელია. ასევე, გაკვეთილები, რომლებიც სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ“, – აცხადებს ესპანელი მიკრობიოლოგი.

იგნასიო ლოპეს-გონისი ასახელებს ათ მიზეზს, რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში:

1. ვირუსი ჩვენთვის ცნობილია

შიდსის პირველი შემთხვევა 1981 წელს გამოვლინდა, თუმცა დაავადების გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირებას ორი წელი დასჭირდა. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს, ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დააფიქსირეს, უკვე 7 იანვარს კი ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა. ვორუსის გენომი „კოვიდ-19“-ის გამოჩენიდან 10 დღეში ხელმისაწვდომი იყო. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ საქმე გვაქვს ახალი ტიპის კორონავირუსთან 2-ბი ჯგუფიდან, რომელიც კორონავირუსების იმავე ტიპს მიეკუთვნება, რომელსაც „სარსი“. გენეტიკური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ „კოვიდ-19“-ის მუტაციის მაჩვენებელი არც ისე მაღალია.

2. „კოვიდ-19“-ის გამოსავლენად ტესტი 13 იანვრიდან არის ხელმისაწვდომი.

3. ჩინეთში სიტუაცია უმჯობესდება

ჩინეთის მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის ზომები შედეგს იძლევა. უკვე რამდენიმე კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იკლებს. ვირუსის დეტალური ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც. ეპიდაფეთქებები, ძირითადად, სპეციფიკურ რეგიონებში ხდება, რაც ვირუსის კონტროლის საშუალებას იძლევა.

4. ვირუსის შემთხვევათა 80 პროცენტი მსუბუქია

„კოვიდ-19“, ძირითადად, სიმპტომების გარეშე ან მსუბუქად მიმდინარეობს. ასე ხდება შემთხვევათა 81 პროცენტში. რა თქმა უნდა, დანარჩენ 14 პროცენტში ვირუსი პნევმონიას იწვევს, ხუთ პროცენტში კი შესაძლოა, კრიტიკული გახდეს და ფატალურად დასრულდეს. ჯერ საბოლოოდ გაურკვეველია, რამდენი შეიძლება იყოს სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ის შესაძლოა, იმაზე დაბალი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა პროგნოზირებენ.

5. ხალხი გამოჯანმრთელდა

მედიის მიერ გავრცელებული ცნობები, ძირითადად, ფოკუსირებულია ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასა და გარდაცვალების შემთხვევებზე, თუმცა დაავადებულთა უმეტესობა განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება და ეს პროპორცია იზრდება.

6. ბავშვებში „კოვიდ-19“ მსუბუქად მიმდინარეობს

ვირუსით ინფიცირებულთაგან 20 წლამდე ასაკის ადამიანები მხოლოდ სამ პროცენტს შეადგენენ. გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 40 წლამდე ინფიცირებულებში 0,2 პროცენტს შეადგენს. ბავშვებში ვირუსის სიმპტომები იმდენად მსუბუქი ფორმით ვლინდება, რომ შესაძლოა, შეუმჩნეველიც კი დარჩეს.

7. ვირუსი ემორჩილება დეზინფექციას

ვირუსის დეზაქტივაცია ნებისმიერი ზედაპირიდან შესაძლებელია ეთანოლის ხსნარით (62-71-პროცენტიანი სპირტი), ასევე წყალბადის ზეჟანგით (0,5-პროცენტიანი) ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით. ეს სულ რაღაც ერთ წუთში ხდება. ინფიცირებისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტიანი გზა საპნით ხელის დაბანაა.

8. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ

ჩვენ მეცნიერების თანამშრომლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. მხოლოდ ერთ თვეში „კოვიდ-19“-ის შესახებ Pubmed-ში 164 სტატია გამოქვეყნდა. საუბარია ვაქცინების, სამკურნალო მეთოდების, ეპიდემიოლოგიურ, გენეტიკურ, დიაგნოსტიკურ, კლინიკურ კვლევებზე. პუბლიკაციებზე მუშაობდა 700-ზე მეტი ავტორი. ეს კორპორაციული, საერთო და ღია კვლევებია. 2003 წელს, ატიპური პნევმონიის გავრცელების დროს, ანალოგიური რაოდენობით პუბლიკაციების გამოქვეყნებას ერთი წელი დასჭირდა.

9. ვაქცინის პროტოტიპი უკვე არსებობს

ახალი ვაქცინების შექმნის შესაძლებლობა დღეს აღფრთოვანებას იწვევს. უკვე მიმდინარეობს რვა პროექტზე მუშაობა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელადაა გამიზნული.

ავსტრალიაში, ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა უკვე განაცხადა, რომ ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს. ის დაფუძნებულია ახალ ტექნოლოგიაზე.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომ ვაქცინის შექმნა რეკორდულ დროშია შესაძლებელი. ვაქცინების კლინიკური გამოცდა ადამიანებზე სავარაუდოდ უახლოეს ხანში დაიწყება.

10. ანტივირუსული პრეპარატების გამოცდა დაწყებულია

ვაქცინები პრევენციისთვის არის საჭირო. თუმცა, დღეს მნიშვნელოვანია ინფიცირებულების მკურნალობა. კორონავირუსის მკურნალობის 80-მდე მეთოდის კლინიკური ცდები უკვე მიმდინარეობს. საუბარია უკვე არსებული ანტივირუსული მკურნალობის მეთოდებზე, რომლებიც სხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება და ეს მეთოდები უსაფრთხოა. მათ შორის ერთ-ერთია პრეპარატი „რემდესივირი“, რომლის კლინიკური გამოცდა ადამიანებზე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს იმ პრეპარატებისა და მეთოდების გამოცდაც, რომლებიც „ებოლასა“ და „სარსის“ ან „მერსის“ წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

„კოვიდ-19“-ის კიდევ ერთი პოტენციური სამკურნალო პრეპარატი არის „ქლოროქინი“, რომელსაც მალარიის სამკურნალოდ იყენებდნენ და მას ძლიერი ანტივირუსული მოქმედება აქვს. ცნობილია, რომ „ქლოროქინი“ ვირუსულ ინფექციას ბლოკავს და მის ორგანიზმში მოხვედრას ხელს უშლის. ამ მეთოდს უკვე იყენებენ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ფილტვების ანთების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

კიდევ ერთი კვლევის ავტორები კორონავირუსის სამკურნალოდ „ოსელტამივირის“, „ინტერფერონ ბეტას“ ან განკურნებული ადამიანების ანტიშრატისა ან მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენების წინადადებით გამოდიან.

ზოგიერთი გამოდის ინიციატივით, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ე.წ. დამთრგუნველი პრეპარატების თერაპია იყოს გამოყენებული. მაგალითად ისეთის, როგორიც არის „ბარიკიტინიბი“.

კაცობრიობის ისტორიაში 1918 წლის გრიპის პანდემიას 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაძლოა, ასეთი რამ ახლაც მოხდეს? სავარაუდოდ არა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ პანდემიისთვის ისე კარგად მომზადებულები, როგორც ახლა ვართ.

ინფექციური დაავადებები, სასარგებლო რჩევები

კორონავირუსი – მითები, ფაქტები და პრევენციის გზები

კორონავირუსიახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ამ დაავადების შესახებ გაჩნდა უამრავი მითი, რომლებიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება. შედეგები კი შეიძლება, საკმაოდ სახიფათო იყოს, რადგან საზოგადოება დაიბნეს სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ფაქტებს ახალი კორონავირუსის შესახებ, გვთავაზობს დეტალურ განმარტებებს, თუ რატომ არის ზოგიერთი პოპულარული მითი მეცნიერული თვსალსაზრისთ მართლაც მითი და მეტი არაფერი.

გაჩნდა უამრავი კითხვა იმის შესახებაც, თუ რა საშუალებებია ყველაზე ეფექტიანი ამ დაავადების პრევენციისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ კითხვებზეც დეტალურ პასუხებს გვთავაზობს.

ფაქტი: ცივი ამინდი და თოვლი ახალ კორონავირუსს არ კლავს

არ არსებობს მიზეზი დავიჯეროთ, რომ სიცივე ახალ კორონავირუსსა და სხვა დაავადებებს კლავს. მიუხედავად გარემოს ტემპერატურისა, ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,5°C — 37°C-ია. ყველაზე ეფექტიანი გზა ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად არის ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით ან გაწმენდა ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებით.

ფაქტი: ცხელი შხაპის მიღება ახალი კორონავირუსული დაავადებისგან ვერ დაგიცავთ

ცხელი შხაპის მიღება ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19-ისგან ნამდვილად ვერ დაგიცავთ. მიუხედავად თქვენი აბაზანის ან შხაპის ტემპერატურისა, სხეულის ნორმალური ტემპერატურა მაინც 36,5°C — 37°C რჩება. ძალიან ცხელი წყლით შხაპის მიღება შეიძლება საზიანოც იყოს, რადგან უბრალოდ დაიწვათ. COVID-19-ისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ხელების ხშირად დაბანაა. ამ გზით თქვენ იშორებთ ვირუსებს, რომლებიც შეიძლება თქვენს ხელებზე იყოს და თავიდან იცილებთ ინფექციას, რომელიც თქვენს ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას ხელების თვალებზე, სახეზე და ცხვირზე მოსმისას.

ფაქტი: ახალი კორონავირუსი ვერ გადაგედებათ ჩინეთში ან COVID-19-ის გავრცელების ქვეყნებში დამზადებული პროდუქტებისგან

მართალია, ახალ კორონავირუსს სხვადასხვა საგნის ზედაპირზე სიცოცხლე რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეუძლია (დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე), მაგრამ ძალიან ნაკლებია იმის შანსი, რომ ვირუსი ასეთ ზედაპირზე მაინც დარჩეს ამ უკანასკნელის გადაადგილების, გადატანის ან სხვადასხვა გარემოსა თუ ტემპერატურაზე მოთავსების შემდეგ. თუ ფიქრობთ, რომ ზედაპირი დაბინძურებულია, გასაწმენდად გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი. შეხების შემდეგ, გაიწმინდეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი ხსნარით ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.

ფაქტი: ახალი კორონავირუსი მწერების ნაკბენით არ გადადის

ამ დროისათვის არ არსებობს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ახალი კორონავირუსი მწერების ნაკბენით გადადის. ახალი კორონავირუსი რესპირატორული ვირუსია, რომელიც ძირითადად ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების ან დაცემინების შედეგად წამოსული წვეთებით; ასევე ვრცელდება ნერწყვისა და ცხვირის ლორწოს წვეთებით. თავის დასაცავად, ხშირად გაიწმინდეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო სითხით ან დაიბანეთ საპნითა და წყლით. ასევე, მოერიდეთ ახლო კონტაქტს ყველა იმ ადამიანთან, ვინც ახველებს ან აცემინებს.

არის თუ არა ხელის საშრობები ეფექტიანი ახალი კორონავირუსის მოსაკლავად?

არა. ხელის საშრობები ვერ კლავს COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს. თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით ან დაიბანოთ საპნითა და წყლით. ხელების გასუფთავების შემდეგ, აუცილებლად გაიმშრალეთ ქაღალდით ან თბილი ჰაერით საშრობით.

კლავს თუ არა ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნათურა ახალ კორონავირუსს?

დაუშვებელია ულტრაიისფერი ნათურების გამოყენება ხელების ან კანის სხვა ნაწილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაისფერმა რადიაციამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

რამდენად ეფექტიანია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების გამოსავლენად?

თერმული სკანერები ეფექტიანია იმ ადამიანების გამოსავლენად, რომლებსაც ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო მომატებული აქვთ სხეულის ტემპერატურა.

თუმცა, შეუძლებელია იმ ადამიანების დაფიქსირება, რომლებიც უკვე ინფიცირებული არიან, მაგრამ ტემპერატურა ჯერ არ აქვთ მომატებული. ამის მიზეზი ის არის, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა მაღლა იწევს ინფიცირებიდან 2-10 დღეში.

კლავს თუ არა ახალ კორონავირუსს მთელ სხეულზე ალკოჰოლის ან ქლორის წასმა?

არა. მთელ სხეულზე ალკოჰოლის ან ქლორის წასმა ვერ მოკლავს ვირუსს, რომელიც თქვენს ორგანიზმში უკვე შესულია. ასეთი ნივთიერებების წასმა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ტანსაცმლის ან ლორწოვანი გარსისთვის (თვალები, პირი). გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი და ქლორი ეფექტიანია საგნების ზედაპირის დეზინფექციისთვის, მაგრამ საჭიროა, ამ დროს დაიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები.

შეუძლიათ თუ არა შინაურ ცხოველებს ახალი კორონავირუსის გავრცელება?

ამ დროისათვის, დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ძაღლის ინფიცირების ერთი შემთხვევა. შინაურ ცხოველებთან ყოველი კონტაქტის შემდეგ, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. ეს დაგიცავთ სხვადასხვა ბაქტერიებისგან, მაგალითად, ნაწლავის ჩხირისა და სალმონელასგან, რომლებიც შეიძლება ცხოველებისგან გადაგედოთ.

დაგვიცავს თუ არა ახალი კორონავირუსისგან პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა?

არა. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები, მაგალითად, პნევმოკოკალი ვაქცინა და Haemophilus influenza B ტიპის (Hib) ვაქცინა ვერ დაგიცავთ ახალი კორონავირუსისგან.

ეს ვირუსი ახალია და განსხვავებული, შესაბამისად, სჭირდება საკუთარი ვაქცინა. მკვლევრები მის შექმნას აქტიურად ცდილობენ.

მართალია, ეს ვაქცინები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ არაფექტიანია, მაგრამ რესპირატორულ დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძლიერ რეკომენდებულია თქვენი ჯანმრთელობისათვის.

დაგვიცავს თუ არა ახალი კორონავირუსისგან ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა ფიზიოლოგიურ ხსნარით?

არა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის რეგულარულად რეცხვამ ადამიანი ახალი კორონავირუსის ინფექციისგან დაიცვა.

არსებობს მხოლოდ გარკვეული, შეზღუდული მტკიცებულება, რომ ფიზიოლოგიური ხსნარით ცხვირის გამორეცხვა ადამიანებს გაციების უფრო სწრაფად დამარცხებაში ეხმარება. თუმცა, ამ ქმედებას რესპირატორული ინფექციების პრევენცია არ შეუძლია.

დაგვიცავს თუ არა ნივრის ჭამა ახალი კორონავირუსისგან?

ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნივრის ჭამამ ადამიანი ახალი კორონავირუსით ინფიცირებისგან დაიცვა.

ახალი კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულებს ერჩის თუ ახალგაზრდებიც რისკის ქვეშ არიან?

ახალი კორონავირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. თუმცა, იმის შანსი, რომ ამ ვირუსით უფრო მძიმედ ავად გახდნენ, მაღალია ხანდაზმულებში ან იმ ადამიანებში, რომლებსაც ინფიცირებამდე აქვთ სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ასაკის ადამიანს ურჩევს მიიღოს ვირუსისგან თავდაცვის ზომები, მაგალითად, დაიცვას ხელებისა და სასუნთქი გზების ჰიგიენა.

არის თუ არა ანტიბიოტიკები ეფექტიანი ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის?

არა. ანტიბიოტიკები არ მოქმედებს ვირუსების წინააღმდეგ; ისინი მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებს.

ახალი კორონავირუსი ვირუსია და გამომდინარე აქედან, მისი პრევენციისა და მკურნალობისათვის ანტიბიოტიკები არ გამოდგება.

თუმცა, COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, შეიძლება ანტიბიოტიკები მაინც მოგცენ, რადგან შესაძლებელია პარალელურად ბაქტერიებით ინფიცირებაც.

არსებობს თუ არა კონკრეტული პრეპარატები ახალი კორონავირუსის პრევენციის ან მკურნალობისთვის?

ამ დროისათვის, არ არსებობს ახალი კორონავირუსის პრევენციის ან მკურნალობის სპეციფიკური მედიკამენტები.

თუმცა, ვირუსით ინფიცირებულებმა უნდა მიიღონ შესაბამისი სამედიცინო სერვისი სიმპტომების შემსუბუქებისა და მკურნალობისთვის. მიმდინარეობს მკურნალობის კონკრეტულ საშუალებათა აქტიური კვლევა, რომლებმაც კლინიკური ცდებიც უნდა გაიაროს.

 

©1tv.ge 

ინფექციური დაავადებები, ორსულობა და მშობიარობა

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ორსულებში

 კორონავირუსი ორსულებშითსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელის, მეან-გინეკოლოგ პაატა ჟორჟოლიანის თქმით, არ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ორსულების მიმღეობა კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა ადამიანებთან შედარებით მაღალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნოლოგიური, ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებებს, ორსულების შემთხვევაშიც იგივეა, რაც შეიძლება იყოს არაინფიცირებული, ჯანმრთელი ადამიანებისთვის. კერძოდ, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს. ეს იქნება ხელის დაბანა, პირბადის ტარება და ასე შემდეგ“, – განაცხადა მეან-გინეკოლოგმა.

მისივე თქმით, ასევე, ჯერ-ჯერობით არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ არა ეს ინფექცია ორსულებში.

„ჩვენ გვაქვს სხვა ვირუსები, რომელთა დროსაც ნაადრევი მშობიარობის, დაკარგული ორსულობის, მკვდრადშობადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა არც არსებობს დადასტურებული კვლევები, რომ ეს შემთხვევები მართლაც კონკრეტული ვირუსებით იყო გამოწვეული. უმეტეს შემთხვევებში ორსულებში ასეთ გართულებებს მაღალი ტემპერატურა იწვევს, განსაკუთრებით მე-2 და მე-3 ტრიმესტრის დროს. ვარაუდი, რომ აღნიშნული გართულებების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, არ არსებობს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული დედიდან ახალშობილზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჟორჟოლიანის განმარტებით, ასევე, კორონავირუსი ზეგავლენას არ ახდენს ნაყოფის განვითარებაზე და ექიმები ასეთ დროს არც ძუძუთი კვებას ზღუდავენ, რადგან დედის რძეში კორონავირუსის არსებობა არ დაფიქსირებულა.

„ასეთ რეკომენდაციას ჩვენ არც გრიპის შემთხვევაში არ გავცემთ, რომ დედამ ახალშობილის ძუძუთი კვება შეწყვიტოს. მთვარია, რომ დაცული იყოს რეკომენდაციები, რაც კორონავირუსის დროს ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას და მათ შორის დედამ“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

 

©იმედინიუსი

სასარგებლო რჩევები, სიახლეები

კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკური ღონისძიებები

კორონავირუსიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები

ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

⇒ ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.

  • სასუნთქი სისტემის ჰიგიენა

ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

⇒ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას. ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებსა და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.

  • შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია

შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

⇒რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია, ჩაისუნთქოთ ვირუსი.

  • არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.

ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია, ვირუსით იყოს დაბინძურებული.

⇒თუ დაბინძურებლი ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია, ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.

  • თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება დროულად მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

⇒როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია, გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.

√ თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში.

√ თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

√ დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.

√ ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.

√ არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;

√ თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი.

√ მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები).

√ მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად.

√ განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან კონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.

 

დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

აქონდროპლაზია

აქონდროპლაზიააქონდროპლაზია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც შესაძლოა განუვითარდეთა ამ გენის მქონე ბავშვების 80 %-ს. დაბადებისას სიმაღლე ნორმალურია. დროთა განმავლობაში ჩნდება ჩონჩხის სისტემაში დარღვევები, ბავშვი იწყებს თავის თანატოლებთან შედარებით სიმაღლეში ჩამორჩენას. მათ ტანი ნორმალური აქვთ, ხოლო ხელები და ფეხები მოკლე.

აქონდროპლაზია დაავადებაა, რომელიც ავტოსომურ დომინატური გზით გადადის.

აუტოსომური დომინანტური ნიშნავს: დაავადება გადადის არასასქესო ქრომოსომით და თუ დაავადება აქვს ერთ-ერთ მშობელს მაინც, არსებობს 50%-იანი გარანტია, იმისა რომ მათი შვილიც დაავადდეს.

სავარაუდოდ, ამ დაავადებას საფუძვლად უდევს ფიბრობლასტური ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 3-ის დეფექტი. ეს უკანასკნელი გვხვდება ტვინში და ქონდროციტებზე(უჯრედები, რომლებიც ძვალად გარდაიქმნება). შესაბამისად, პაციენტებს აქვთ საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დეფექტები და ასევე დაგვიანებული და მეტ-ნაკლებად არასრული მენტალური განვითარება. ამ ყველაფრის შედეგად ვითარდება ჯუჯობა.

 

სიახლეები

წყალი, რომელიც იჭმება – პლასტიკური ბოთლების ალტერნატივა

წყალი, რომელიც იჭმება პროექტმა, რომლის მიზანია ჩაანაცვლოს მილიონობით პლასტმასის ბოთლი საკვები ბოთლებით, უკვე დააგროვა ნახევარ მილიონ ფუნტზე მეტი დაფინანსება.

წყლის ბურთი, სახელად Ohoo! არის ბიოდეგრადირებადი, ბუნებრივი მემბრანა, რომელიც არის საკვებად ვარგისი და ამავდროულად ახდენს ადამიანის ჰიდრატირებას.

ეს არის პლასტიკური ბოთლების და ერთჯერადი ჭიქების 100%-ით ბუნებრივი ალტერნატივა. Ohoo-ს მასალა სრულად დეკომპოზირდება 6 კვირის განმავლობაში.

პროდუქტი მზადდება ზღვის მცენარეების ექსტრაქტისგან და არ გააჩნია გემო, თუმცა, წარმოების პროცესში შესაძლებელია სხვადასხვა გემოების დამატება.

Ohoo-ში შესაძლებელია ნებისმიერი სითხის მოთავსება. ხედვაა, რომ ეს პროდუქტი ჩაანაცვლებს პატარა წყლის და წვენის ბოთლებს, სწრაფი კვების ობიექტებში კი სოუსების და სანელებლების მცირე კონტეინერებს.

პლასტმასის ბოთლები წარმოადგენს ყველაზე დიდი რაოდენობით არსებულ ნარჩენს ოკეანეებსა და ზღვებში. მათ დაშლას საშუალოდ სწირდება 700 წელი, ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს წარმოების შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებით ჩანაცვლება.

კომპანია დაარსებულია ლონდონში მცხორვები სამი სტუნდენტის მიერ, რომელთა მიზანია შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.

© წყარო: Fintech today